“პარაზიტის” რეჟისორი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

“პარაზიტის” რეჟისორი ბონგ ჯონ-ჰო ვენეციის 78-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. პირველად ფესტივალის ისტორიაში, ჟიურის თავმჯდომარე სამხრეთ კორეელი იქნება.

„ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი ნაწილი ვიქნები“ – აღნიშნა რეჟისორმა განცხადებაში. კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალბერტო ბარბერამ კი, მასზე საუბრისას, თქვა, რომ ბონგ ჯონ-ჰო ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ორიგინალური ხმაა მსოფლიო კინოში.

ბონგ ჯონ-ჰო სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტია. რეჟისორს სადებიუტო ფილმმა, Barking Dogs Never Bite წარმატება მოუტანა. მისი ორი ფილმი, Okja(2017) და Parasite(2019), ნაჩვენებია კანის კინოფესტივალზე. “პარაზიტისთვის” მან მიიღო ოქროს პალმა და გახდა პირველი სამხრეთ კორეული ფილმი, რომელმაც ოსკარის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ვენეციის 78-ე კინოფესტივალი დაგეგმილია 2021 წლის 1-11 სექტემბერს. გასული წლის,  რიგით 77-ე ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა 2-12 სექტემბერს და  იყო შედარებით მცირე მასშტაბის პანდემიის გამო.