ამაზონი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალი სერიალის სინოფსისს ასაჯაროებს

„ბეჭდების მბრძანებლის“ მაყურებლები დაახლოებით სამი წელია იცდიან, მას შემდეგ, რაც ამაზონმა ეპიკური სერიალის გამოშვება დააანონსა. 2017 წელს ამაზონმა შეიძინა სატელევიზიო ადაპტაციისათვის უფლებები, ამ შენაძენის ფასი დაახლოებით 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ბეჭდების მბრძანებლის ადაპტაციის პირველი ტრილოგია პიტერ ჯექსონმა გადაიღო, ეკრანიზაციამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და 15 ოსკარი მოიპოვა. ტოლკინის ნაწარმოების მნიშვნელობის შეფასება შეუძლებელია, ეს წარმოადგენს ისტორიას ძალაზე, სიმამაცეზე, სიყვარულზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე. 

Photo Credits to Elaine Chung

„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციისთვის სამართლებრივი ნებართვის მოპოვება წლების განმავლობაში სირთულესთან ასოცირდებოდა, ამიტომაც ამაზონი უამრავ ფულს ხარჯავს იმისათვის, რომ დაიცვას გადაღების პროცესი ახალ ზელანდიაში. თუმცა საკულტო ნამუშევარზე დაფუძნებული სერიალის პირველი ოფიციალური სინოფსისი უკვე ცნობილია.

ამაზონმა წინა ზაფხულს სერიალის რუკა გამოაქვეყნა ტიზერის სახით. ამ რუკამ გარკვეული მოლოდინი შეუქმნა მაყურებელს. რუკას თან ერთვოდა განმარტება, რომ ის მეორე ეპოქას ეხებოდა, ხოლო თავის მხრივ, ჯექსონის მიერ გადაღებული ადაპტაცია მესამე ეპოქის შესახებ მოგვითხრობს.

ტიზერის გამოქვეყნების შემდეგ ფანები ფიქრობენ, რომ სერიალში მოთხრობილი იქნება ნუმენორის დაცემა, რადგანაც გამოქვეყნებულ რუკაზე ნუმენორის კუნძული ჩანს. მეორე ეპოქის დროს, ელფური წარმომავლობის ადამიანები დასახლდნენ ნუმენორის კუნძულზე, სადაც ისინი გახდნენ დიდებული მეზღვაურები. ნუმენორელები სიმშვიდესა და ბედნიერებაში ცხოვრობდნენ, სანამ საურონის ბატონობის ქვეშ მოექცეოდნენ, რომელიც მათ სამუდამო სიცოცხლეს შეჰპირდა, თუკი ისინი დაეხმარებოდნენ ღმერთების წინააღმდეგ ბრძოლაში. სასჯელის სახით ღმერთებმა ბრტყელი დედამიწა მრგვალად აქციეს. შედეგად ოკეანეში ჩაიძირა კუნძულზე მცხოვრები ხალხი, გარდა საურონისა. გადარჩენილი ნუმენორელები, რომლებმაც თავი შეაფარეს გემებს, შუამიწეთში მივიდნენ, სადაც მათ გონდორი დააფუძნეს და შექმნეს მეფეთა გრძელი ხაზი, რომლის წევრიც თავის დროზე არაგორნიც იქნება.

Image Credits to Amazon Prime

სინოფსისის მიხედვით, ამაზონის სტუდიის ახალ სერიალში წარმოდგენილი იქნება გმირული ლეგენდები მეორე ეპოქიდან შუამიწეთის ისტორიაში, ეპიკური დრამა „ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის“ პერიოდზე ათასობით წლით ადრე მომხდარ მოვლენებს მიეძღვნება. უფრო ზუსტად პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 3000 წლით ადრე, სწორედ ამ პერიოდში გამოიჭედება მთავარი ბეჭედი, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოქმედება ჯექსონის ეკრანიზაციაში. სერიალში ასახული იქნება ის ერა, როდესაც სამეფოები იზრდებოდა, დიდებას აღწევდა და შემდეგ მარცხს განიცდიდა. პერიოდი, როდესაც დიდებული ძალები ყალიბდება. სინოფსისში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეპოქაში გამოცდის წინაშე იდგნენ გმირები და სწორედ ამ დროს ტოლკინის მიერ შექმნილი ყველაზე ძლიერი ბოროტმოქმედი ცდილობდა სამყაროს სიბნელეში მოქცევას.

სერიალი მიჰყვება უკვე ნაცნობ და ასევე ახალ პერსონაჟებს ნისლიანი მთების სიღრმეებიდან ელფების გასაოცარ ტყეებამდე. შუამიწეთის სხვადასხვა ადგილიდან პერსონაჟები თავიანთ ღირსებებს წარმოაჩენენ, რომლებიც მათი სიკვდილის შემდეგაც დიდხანს იარსებებს.

უკვე ცნობილი პერსონაჟებიდან სერიალში გამოჩნდებიან საურონი, რომლის ბოროტებამ და ამბიციებმა მეორე ეპოქის სახასიათო ტრაექტორია შექმნა, ასევე დაბრუნდება ელრონდი, იმლადრისის ლორდი. ამაზონმა დაადასტურდა გალადრიელის დაბრუნებაც, რომელსაც საურონთან გამკლავებისთვის უდიდესი ცოდნა აქვს. სინოფსისში ელფების დედაქალაქის ლინდონის მოხსენიება შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ გალადრიელს მის მშობლიურ სამყაროში ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ სინოფსისი უკვე ცნობილია, ის საკმაოდ ბუნდოვანი და ზოგადია, ამიტომაც მაყურებელს სერიალის გამოსვლამდე ზუსტად ვერ ეცოდინება კონკრეტულად რას მოიცავს შოუ. აშკარაა, რომ ის მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რადგან ისეთი ისტორიების ეკრანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ შოუში ის მსახიობები აღარ იქნებიან, ვინც წინა ეკრანიზაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან, რობერტ არამაიო, ნაზანინი ბონიადი, ტომ ბუჟი, ისმაელ კორდოვა, ემა ჰორვატი, ჯოზეფ მავალი და სხვა. საინტერესოა, რომ კრეატიულ ჯგუფში ჯონ დ. პეინი და პატრიკ მაკქეი გვევლინებიან, ბრაიან კოგმანთან ერთად, რომელიც მაყურებელს „სამეფო კარის თამაშებიდან“ ახსოვს.

მოცემული მდგომარეობით ამაზონის სერიალს მინიმუმ 5 სეზონი ექნება და თითოეული სეზონში რვიდან ათ სერიამდე იქნება. შოუს გამოსვლის თარიღი ჯერ კვლავ უცნობია, მითუმეტეს, რომ მის გადაღებებზე კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც იმოქმედა.