7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ახალი ენის შესწავლა

ახალი წელი ახალ დასაწყისთან ასოცირდება, ამიტომ  ადამიანთა უმეტესობა ხშირად  სწორედ ამ დროიდან ისახავს  წლის განმავლობაში განსახორციელებელ ახალ მიზნებს. ეს მიზნები ძირითადად მათი პიროვნული თვისებებიდან, ინტერესებიდან ან საჭიროებებიდან გამომდინარეობს. ზოგიერთი გადაწყვეტს წაიკითხოს 100 წიგნი, ვიღაცას სურს აითვისოს სპორტის ახალი სახეობა, ზოგიერთი გეგმავს განახორციელოს ჩაფიქრებული ბიზნესიდეა, ან სულაც დაეუფლოს ახალ პროფესიას.

გამოთქმა „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ“ პირდაპირ მიუთითებს უცხო ენის ფლობის პრაქტიკულ საჭიროებასა და მის მნიშვნელობაზე. მაშ, სხვა რა შეიძლება იყოს მიზანი 2021 წლისთვის, თუ არა ახალი ენის შესწავლა? Babbel-ის ბლოგში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რომელიც ამ მიზანს ამართლებენ,  გთავაზობთ 7 მათგანს:

კარიერული წარმატება

დამსაქმებლები  ყოველთვის ითხოვენ მაღალკვალიფიციურ კადრებს, მინიმუმ ერთი უცხო ენის ფლობის უპირატესობით. ამასთან, სწრაფი ტემპით იზრდება კონკურენცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ დააკმაყოფილოთ თანამედროვე მოთხოვნები და იყოთ კონკურენტუნარიანი, აუცილებელია, თუ წინ არ გადაუსწრებთ, ფეხი მაინც აუწყოთ სიახლეებს, ამაში კი ახალი ენის ათვისება დაგეხმარებათ.

სახლიდან სწავლის შესაძლებლობა

პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაიზარდა მოთხოვნა   ონლაინ სასწავლო კურსებზე, შედეგად გაჩნდა უამრავი ახალი ენის შემსწავლელი  კურსი და დაიხვეწა ძველი. შესაბამისად, ენის შესწავლის მსურველი ადამიანებისთვის გაჩნდა სურვილის ასრულების ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ სწავლის გარანტირებულად მაღალ ხარისხს სთავაზობs და ამავდროულად, მათი გამოყენება სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. დარჩით სახლში და გამოიყენეთ დრო პროდუქტიულად.

ახალი თვისებების აღმოჩენა

რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ განსხვავებულ ენებზე საუბრისას თავს სხვადასხვანაირად გრძნობენ. მაგალითად, შესაძლოა იტალიურ ენაზე საუბარისას უფრო მეტად მხიარული იყოთ, ვიდრე მშობლიურ ენაზე ლაპარაკისას. სწორედ ხასიათის ახალი თვისებების აღმოჩენაა უცხო ენის შესწავლის კიდევ ერთი მიზეზი.

გონებრივი უნარების განვითარება და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ენის შესწავლა ავითარებს რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულების უნარს, გარდა ამისა,  ის დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც და ამცირებს კოგნიტური უნარების დაქვეითების რისკს.

კომუნიკაცია ადამიანებთან მსოფლიოს გარშემო

თუ თქვენ გეგმავთ მოგზაურობას უცხო ქვეყანაში, ან უბრალოდ გაქვთ კავშირი უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, მაშინ საკომუნიკაციოდ აუცილებლად დაგჭირდებათ ენის ცოდნა. რომელიმე საერთაშორისო ენის შესწავლით კი სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან შეგეძლებათ კომუნიკაციას.

საყვარელი ფილმებისა და შოუების ორიგინალი ვერსიების ნახვა

ენის უცოდინრობის გამო საყვარელი ფილმების, სერიალებისა თუ სატელევიზიო შოუების ნახვა გახმოვანებით გვიწევს, რაც ხშირად იწვევს პროტესტს შინაარსის ცვლილებასთან დაკავშირებით. იმ უცხო ენის შესწავლა, რომელზეც მსახიობები ლაპარაკობენ, საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ აღნიშნულ გაურკვევლობას და ამავდროულად გაიმდიდროთ სიტყვების მარაგი  სწავლის პროცესში.

არასდროსაა გვიანი დასაწყებად

შესაძლოა ფიქრობთ, რომ თქვენთვის ახალი ენის შესწავლა დაგვიანებულია და ამის დრო ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო, თუმცა რიგი კვლევები ამის საპირისპიროს ადასტურებენ. როგორც ამბობენ: „ხის დარგვის საუკეთესო დრო ოცი წლის წინ იყო, ახლა კი მეორე საუკეთესო დროა“. გარდა ამისა, ენის შესწავლას დრო სჭირდება, ამიტომ აღარ გადადოთ შემდეგი წლისთვის და  დაიწყეთ 2021 წლიდან, ეს იქნება საკუთარ თავში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, რომლის შედეგსაც უახლოეს მომავალში იხილავთ.