„ალესილი კეპები“ მე-6 სეზონით დასრულდება

BBC- ის დრამა „ალესილი კეპები“ მეექვსე სეზონით დასრულდება. სერიალის შემქმნელმა და სცენარისტმა, სტივენ ნაითმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ სერიალი დასრულდება, სიუჟეტი სხვა ფორმით გაგრძელდება.“

მე-6 სეზონის გადაღებების განახლებისას, დადასტურდა ინფორმაცია, რომ ეს იქნება სერიალის ბოლო სეზონი. განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან ნაითმა დააანონსა, რომ „ალესილი კეპების“ მე-7 სეზონსაც ნახავდა მაყურებელი.

კილიან მერფი მე-6 სეზონის გადასაღებ მოედანზე

სერიალის მე-6 სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა. ვარაუდობენ, რომ ეთერში 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში გავა. თარიღი დამოკიდებულია პანდემიაზე, რადგან სერიალის გადაღება ბრიტანეთში ვირუსით გამოწვეულ კრიზისთან ერთად მიმდინარეობს.

სერიალი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვითარდება, ბრიტანეთში. ისტორია ტომი შელბისა და მისი ოჯახის ირგვლივ ვითარდება. მთავარი გმირის, ტომი შელბის როლს ცნობილი ირლანდიელი მსახიობი, კილიან მერფი თამაშობს.

სერიალის პრემიერა 2013 წლის 12 სექტემბერს შედგა BBC-ზე. პირველი ოთხი სეზონი სერიალი BBC two-ზე გადიოდა, თუმცა მე-5 სეზონმა BBC One-ზე გადაინაცვლა. ასევე განთავსდა Netflix-ზე. სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთაც.