პანდემიის გავრცელებამ არაერთი ცვლილება გამოიწვია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე თითქმის ყველანაირი შოუ, გამოფენა თუ ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში ტარდება, ხელოვნების გავლენა კიდევ უფრო იზრდება. წარმოგიდგენთ 5 ონლაინ გალერეას, რომლებიც დროის საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.
Bangkok Art Biennale

გამოფენაზე არაერთი არტისტის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას წარადგენენ, მათ შორისაა აი ვეივეი, იოკო ონო, ჯულია ფულერტონ-ბატენი. ღონისძიება 2021 წლისთვის ნამდვილად შესაფერისია, რადგან მთავარი თემაა „Escape routes”. დამთვალიერებლებს გამოფენაზე „დასწრება“ 21 თებერვლამდე შეეძლებათ.
David Burdeny – Travels, TEW Galleries, Atlanta

ვანკუვერში მცხოვრები ფოტოგრაფი, დევიდ ბურდენი, თავის ნამუშევრებს წარუდგენს დამთვალიერებლებს. არტისტი არქიტექტურას დიდ ყურადღებას უთმობს, ასევე ფერების კონტრასტსა და სიმეტრიას. მისი გადაღებული ფოტოები ძირითადად ინტერიერს ასახავს. შოუ 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
Kriss Munsya: The Eraser, Oarbt X Alison Milne Co.

კრის მუნსია კონგოში დაბადებული ფოტოგრაფია, თუმცა ის ბელგიაში გაიზარდა. როგორც თავად არტისტი აღნიშნავს, მისი ნამუშევრები მის ბავშვობას ასახავს. კრისისთვის ინსპირაციის წყარო პინკ ფლოიდის ცნობილი ალბომი „The Dark Side of the Moon” იყო. გამოფენა 27 თებერვლამდე გრძელდება.
Sweet Dreams, Staley-Wise Gallery

შოუზე „დასწრება“ 27 თებერვლამდე არის შესაძლებელი. გამოფენისთვის ინსპირაციის წყარო დოლი პარტონი და მერლინ მონრო არიან, როგორც ფოტოგრაფი სტელი აღნიშნავს. არტისტი ეცადა, ცნობილი სახეები უჩვეულო ამპლუაში წარედგინა.
Martin Parr: World Tour, Janet Bordan, New York

ფოტოგრაფი, მარტინ პარი, ამ შოუს ფარგლებში, ძირითადად, სახლში გადაღებულ ფოტოებს წარუდგენს დამთვალიერებელს. აღსანიშნავია, რომ დიდი ყურადღება ენიჭება ყვავილებს და ბუნების ხედებს. არტისტმა განაცხადა, რომ შეჩერებული მიმოსვლის გამო გადაწყვიტა მსგავსი ტიპის ფოტოების გადაღება.