Netflix-მა ცნობილი სერიალების ახალი სეზონები დააანონსა

ფილმებისა და სერიალების ერთ–ერთ უდიდეს პლატფორმას, Netflix–ს, 2021 წლისთვის დიდი გეგმები აქვს. ოფიციალური განცხადების მიხედვით ახალ ფილმებსა და სერიალებს ყოველკვირა უნდა ველოდოთ. სრულიად ახალ სერიალებთან ერთად კომპანია  მაყურებელს საყვარელი შოუების ახალ სერიებს ჰპირდება.  თორმეტი გთავაზობთ სერიალების სიას, რომელთა განახლებაც 2021 წელსაა დაანონსებული.

Stranger Things

Stranger Things–ის მესამე სეზონი მაყურებელმა 2019 წელს იხილა, ახალი პერსონაჟებითა და დაძაბული სიუჟეტით. მესამე სეზონის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი კითხვა დატოვა, რომლებზეც პასუხის გაცემას ნეტფლიქსი 2021 წელს მეოთხე სეზონით ეცდება. სეზონის გადაღებები 2020 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო შეჩერება მოუწიათ. Stranger Things–ის ოფიციალურ Twitter გვერდზე განთავსებული ფოტოს მიხედვით მსახიობები გადასაღებ მოედანს ოქტომბრის დასაწყისში დაუბრუნდნენ. ახალ სეზონს მაყურებელი, სავარაუდოდ, წლის შუაში მიიღებს.

You

2018 წელს გამოსულმა სერიალმა ხალხს ერთი შეხედვით ნორმალური მამაკაცი, ჯო, გააცნო, რომელიც მისთვის საინტერესო ქალებს უთვალთვალებს და მათ მოსახიბლად ყველანაირ ინფორმაციას იყენებს. სერიალი თავიდან ერთ–ერთ ამერიკულ არხზე, Lifetime-ზე, გამოდიოდა, თუმცა მისი მეორე სეზონი მაყურებელმა უკვე ნეტფლიქსზე იხილა. სეზონის დასასრულმა ნათელი გახადა, რომ სერიალის სათქმელი არ ამოწურულა. ნეტფლიქსმა ახალი სეზონი 2021 წლისთვის დააანონსა, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

Sex Education

Sex Education-მა მაყურებელს თავი პირდაპირი, შეუფარავი თხრობით დაამახსოვრა. სერიალი გვიყვება თინეიჯერებზე, რომლებიც სკოლის ცხოვრების პარალელურად საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობენ. სერიალი, როგორც მისი სახელი მიგვანიშნებს, არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ამახვილებს ყურადღებას და, ალბათ, ეს გახდა ერთ–ერთი მთავარი მიზეზი მაყურებლის სიყვარულისა. Sex Education–ის ახალი სეზონი 2021 წლისთვის ოფიციალურად დაანონსდა, თრეილერი, რომელშიც დირექტორი გროფი ახალი სერიების შესახებ მოგიყვებათ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

The Witcher

2019 წელს ეკრანებზე გერალტი, The Witcher–ის მთავარი გმირი, გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია მილიონობით ადამიანის ყურადღება. სერიალი პოლონელი ავტორის, ანჯეი საპკოვსკის, „მხედვარზეა“ დაფუძნებული და განსაკუთრებული ძალების მფლობელ ურჩხულების მონადირეზე გვიყვება. სერიალს მეორე სეზონი პირველი სეზონის გამოსვლამდე დაუმტკიცდა, მისი გადაღებები 2020 წლის დასაწყისში დაიწყო და მარტში შეწყდა, თუმცა აგვისტოში ისევ განახლდა. შოუს გამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ნეტფლიქსი მას ამ წელს გვპირდება.

Peaky Blinders

ბირმინგემელი კრიმინალური ოჯახის ისტორიაზე ხალხი 2013 წლიდან საუბრობს: თომას შელბის ისტორიამ ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო და მისი შენარჩუნება ხუთი სეზონის შემდეგაც შეძლო. სერიალი, თავდაპირველად, შვიდ სეზონზე იყო გათვლილი, თუმცა პანდემიის გამო შეფერხებებმა შოუს შემქმნელს, სტივენ ნაითს, მისი მეექვსე სეზონში დასრულება გადააწყვეტინა. სერიალის ბოლო სეზონი 2021 წლის ბოლოსაა დაანონსებული, თუმცა შეიძლება 2022 წლამდე გადაიდოს ბრიტანეთში გართულებული სიტუაციის გამო.

Dead to Me

ქრისტინა ეფლგეითისა და ლინდა კარდელინის პერსონაჟების კომედიურმა დუეტმა მაყურებელს თავი 2019 წელს შეაყვარა. Dead to Me ორი ქალის მეგობრობის ისტორიაა, რომლებმაც ერთმანეთი ჯგუფურ თერაპიაზე გაიცნეს, ისინი ერთმანეთს მუდმივად გვერდში უდგანან და ამ გზაზე ერთმანეთის არაერთ საიდუმლოს იგებენ. სერიალი ნეტფლიქსის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულად ითვლება და მისი ახალი სეზონისთვის განახლება არავისთვისაა გასაკვირი. სერიალის ბოლო, მესამე სეზონის გადაღებები 11 იანვარს დაიწყო და აპრილამდე გაგრძელდება.

Atypical

Atypical აუტიზმის სპექტრზე მყოფი ბიჭის, სემის, და მისი ოჯახის შესახებ გვიყვება. სერიალის განმავლობაში სემი საკმაოდ რთულ სიტუაციებს დამოუკიდებლად ართმევს თავს და გზაზე ცოდნასთან ერთად მეგობრებსაც იძენს. არანაკლებ საინტერესოა მისი ოჯახის დანარჩენი წევრების ისტორია, მათი ურთიერთობა, ინდივიდუალური მიზნები და პრობლემები. მეოთხე სეზონი სერიალისთვის ბოლო იქნება, მისი გადაღებები 13 იანვარს დაიწყო და, სავარაუდოდ, 24 მარტამდე გაგრძელდება.

Dear White People

2014 წელს გამოსულ, ამავე სახელობის ფილმზე დაფუძნებული სერიალი Dear White People აივი ლიგის უნივერსიტეტის შავკანიანი სტუდენტების შესახებ გვიყვება. სერიალი განიხილავს თანამედროვე ამერიკაში არსებულ რასიზმს, თითოეული სერია სხვადასხვა ადამიანზეა კონცენტრირებული, გარდა ფინალური სერიისა. სერიალის გადაღებები 13 ოქტომბერს დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ შეჩერდა, ის ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს და ნეტფლიქსი დასრულებას ახლო მომავალში აანონსებს.

Ozark

ფინანსისტი მერტი ბაირდის პრობლემებზე კონცენტრირებული ისტორია 2021 წელს გაგრძელდება. სერიალის მესამე სეზონის დასასრულის შემდეგ, მისი განახლება ბუნებრივიც იყო– ფინალურმა სერიამ უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დატოვა. მისი გადაღებების დაწყება ნოემბერში იყო დაანონსებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სერიალს, დაახლოებით, ამ წლის ზაფხულში ვიხილავთ.

I Think You Should Leave With Tim Robinson

სკეჩების ერთობლიობა, რომელიც ტიმ რობინსონის იმპროვიზაციისგან შედგება, ნეტფლიქსის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კომედიური სერიალი გახდა. სკეჩების მიზანია ვინმეს იმ დონემდე მიყვანა, რომ წასვლა მოინდომოს. რობინსონი წლების განმავლობაში SNL–ის სცენარისტი იყო, ასე რომ შოუს პოპულარობა გასაკვირი არავისთვისაა. სერიალი ახალი სეზონით 2021 წელს დაბრუნდება, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

ამ და სხვა, ახალი სერიალებით შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ნეტფლიქსი მაყურებელს დაუვიწყარ, სიურპრიზებით სავსე წელს შესთავაზებს.