რეალობასა და ფანტასტიკას შორის: სტუდენტური ჯგუფის ხელოვნური ტოპოგრაფია

კოლუმბიის ქალაქ ნეივაში Corhuila-ს უნივერსიტეტის სტუდენტებმა იაფი, გასაბერი ტოპოგრაფია ააშენეს. იგი ერთგვარი პავილიონია, რომელიც ერთ-ერთი საგნის პრაქტიკული სამუშაოებისთვის უნივერსიტეტის კამპუსში შეიქმნა. სტუდენტებს საგნის სწავლა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით უწევდათ. კონკრეტული ტოპოგრაფიის შესწავლის ნაცვლად, გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი, ხელოვნური ტოპოგრაფია. ამით გაიხალისეს კიდეც სასწავლო პროცესი.  იგი მცირე ენერგიას მოიხმარს და გამოსაყენებლად საკმაოდ იაფია.

რაც შეეხება შექმნის პროცესს, თავდაპირველად ჯგუფმა 3D მოდელი შეისწავლა, ყველაფერში გარკვევის შემდეგ კი თავად მოჭრეს და ჩასვეს PVC სამკუთხედები და ნახევარწრეები, რომლებიც ქმნიან გასაბერ მემბრანას და შესაბამისად ულამაზეს სანახაობას.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროექტი ხელოვნური არქიტექტურის პირველი ნიმუში არ არის. ამგვარი არქიტექტურის შექმნას დიდი ისტორია აქვს, იგი 1960 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. PVC-სა და ჰაერისგან დამზადებული სტრუქტურების საშუალებით გასაბერი არქიტექტურა საშუალებას გვაძლევს სივრცეში ახალი სივრცე შევქმნათ. გამოიყენება გასაბერი ქოხებისა და კარვების დასამზადებლადაც. ხელოვნური არქიტექტურის მეშვეობით ასევე ამა თუ იმ ადგილის დასახლებაც შეგვიძლია.

სტუდენტების მიერ შექმნილი ტოპოგრაფია მართლაც რეალობასა და ფანტასტიკას შორის დგას.  ფოტოები ნამდვილად გვარწმუნებენ მის სილამაზეში.  ამ ვიზუალურად გასაოცარ პროექტს ისინი საგანმანათლებლო და რეკრეაციული საქმიანობისთვის გამოიყენებენ.