ობიექტივის მიღმა: დორა მაარი

მეოცე საუკუნეში სიურრეალიზმმა ფეხი ხელოვნების ყველა სფეროში მოიკიდა, მათ შორის ფოტოგრაფიაშიც. ამ პერიოდში ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული სახელი დორა მაარია. დორა მაარი ფრანგი ფოტოგრაფის, მხატვრისა და პოეტის, ჰენრიეტ თეოდორა მარკოვიჩის, ფსევდონიმია.

“Portrait of Maar” (Photo by Man Ray)

მაარი 30 წლისაც არ იყო, როცა ცნობილ სცენის დეკორატორთან, პიერ კეფერთან, ერთად ფოტოგრაფიული სტუდია გახსნა და სახელიც მალევე გაითქვა. მისი ხედვები ყველაზე მეტად სიურრეალისტურ მიმდინარეობას ემთხვეოდა, მაარის აზრით ფოტოგრაფია რეალობის უბრალო ასახვის მაგივრად სინამდვილეს ფანტაზიასთან, იდეებთან შერწყმით უნდა გადმოსცემდეს. ხელოვანის სიურრეალიზმთან კავშირმა მისი პოლიტიკით დაინტერესებაც გამოიწვია, იმდროინდელი სიურრეალისტები რადიკალური მემარცხენეები იყვნენ, რომლებიც საკმაოდ აქტიურად იყვნენ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართული. მაარს ამან ქუჩის ფოტოგრაფობისკენაც უბიძგა, ის ხშირად იღებდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მეტად დაჩაგრულები იყვნენ, იბრძოდა მათი ხმების ასამაღლებლად და ცდილობდა ქვეყნის ცხოვრებაში ცვლილების შეტანას, რისთვისაც თავის ყველა უნარს იყენებდა.

დორა მაარი თავისი ფოტოგრაფიით ქალთა პრობლემებსაც ეხებოდა, მის ობიექტივში ხშირად ექცეოდა არაერთი ქალი, თუმცა ფოტოგრაფის სტილი მათ ფოტოებში მნიშვნელოვან განცხადებას დებდა. ის იყენებდა მძიმე ჩრდილებს, კოლაჟებსა და ფოტომონტაჟს, რითაც არარეალურობის ეფექტს აღწევდა, ის ასახავდა თანამედროვე „იდეალური ქალის“ პორტრეტს და მის რეალურობისგან აცდენილობას უსვამდა ხაზს, აჩვენებდა საზოგადოებას, რომ ქალებისთვის დაწესებული სტანდარტები ბუნებრივ მდგომარეობას აცდენილი იყო.

ფოტოგრაფი იმდროისათვის ახალი ტექნიკის, კოლაჟისა და ფოტომონტაჟის, საშუალებით თავის ფანტაზიას გასაქანს აძლევს და ექსპერიმენტებს ატარებს. ფოტოების ზომითა და ფორმით მანიპულაციით ის მათ სრულიად ახალ შინაარსს აძლევს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ნამუშევრების შესაქმნელად მას მხოლოდ საკუთარი ფოტოები აქვს გამოყენებული. მაარი ფოტოაპარატის გარეშეც იღებდა ფოტოებს, ამ ტექნიკას Photogramme ეწოდება, ის ნივთებს სინათლის მიმართ მგრძნობიარე ზედაპირზე ათავსებდა და სინათლის საშუალებით მათ ფოტოებად აქცევდა.

დორა მაარს დიდი გავლენა ჰქონდა პაბლო პიკასოს შემოქმედებაზეც, გარდა იმისა, რომ მასთან რომანტიკული კავშირი ჰქონდა და მის მუზადაც ითვლებოდა, სწორედ მაარმა ასწავლა პიკასოს Cliché Verre ტექნიკა, რომელსაც ის ხშირად იყენებდა. მაარის ნაშრომები, ისევე როგორც მისი პიროვნება, მხატვრის ინსპირაციის წყარო იყო. სწორედ მასზე დაყრდნობითაა შექმნილი „The Weeping Woman”, თუმცა მაარს მისი ასეთი ასახვა არ მოსწონდა და ამბობდა, რომ მასზე შექმნილ ნახატებშიც კი მხოლოდ პიკასო იყო გადმოცემული, ის ამბობდა, რომ პიკასოს დორა მაარი არც ერთხელ დაუხატავს.

მიუხედავად იმისა, რომ მაარისა და პიკასოს პროფესიული საქმიანობა ორივესთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, სწორედ პიკასო გახდა ის ჩრდილი, რომლის ქვეშაც მოუწია მაარს არსებობა, მაშინ, როცა მისი ხელოვნებაც ამდენად შთამბეჭდავია და ამსხვრევს არაერთ სტერეოტიპს, რომელთა დამსხვრევაც იმ დროს წარმოუდგენლად ითვლებოდა.

ხელოვანის ყველა ნაშრომის სანახავად გთავაზობთ ვებ–საიტს.