ინსტალაცია უტრეხტში პანდემიით გამოწვეულ მარტოობაზე

კორონავირუსის პანდემიის გამო კულტურის სფერო გარკვეულწილად კრიზისს განიცდიდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ზოგიერთი არტისტისთვის, მიეღოთ ინსპირაცია მიმდინარე მოვლენებიდან და შეექმნათ სხვადასხვა ნამუშევარი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო საკითხი ამ კუთხით სოციალური იზოლაციით გამოწვეული მარტოობა იყო – ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ხელოვნების ნიმუში შეიქმნა, მათ შორის ინსტალაციები. მსგავს ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ასიბა საჰაბის მიერ შექმნილი ინსტალაციაა უტრეხტში.

Photo Credits to MWA Hart Nibbrig

დიზაინერმა სიბა საჰაბიმ იძულებით იზოლაციაში მიღებული გამოცდილების გადმოცემა სარკეების ზედაპირით შექმნილ ინსტალაციაში შეძლო. ინსტალაცია მთლიანად სარკეებისგან შედგება და მისი მეტაფორა ფანჯრებზე წარმოადგენს გარე სამყაროში გასვლის სურვილის გამოხატულებას.

დასამახსოვრებელი ნამუშევრების ავტორი ცნობილია მისი შემოქმედებით, რომელიც აღმოსავლური და დასავლური კულტურების განსხვავებებსა და თუ მსგავსებებზე აკეთებს აქცენტს, სწორედ ეს თემა წარმოადგენს მისი შემოქმედების მთავარ მამოძრავებელ ძალას.

ავტორის ერთ-ერთი უახლესი ნამუშევარი უტრეხტის ერთ-ერთ ბაღში, გამოფენაზე დგას. „პოეტური დიზაინერი“ – როგორც საჰაბი თავის თავს უწოდებს, ამბობს, რომ ინსტალაცია ცდილობს ყურადღება გაამახვილოს დღევანდელ მსოფლიოში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, ის ცდილობს გადმოსცეს ის სიმარტოვე, რაც პანდემიისას იზოლაციაში გამოსცადა არა მარტო მან, არამედ სრულიად მსოფლიომ.

Photo Credits to MWA Hart Nibbrig

ორ მეტრ-ნახევარი სიმაღლის ინსტალაცია შექმნილია სამი სარკისებური ბლოკისგან, თითოეული მათგანი შედგება ორი ნაწილისგან და საბოლოო ჯამში ქმნის წრეს. მისი ზომიდან გამომდინარე სტრუქტურის შიგნით დასაჯდომი ადგილებია განთავსებული. სტრუქტურა საშუალებას იძლევა დამთვალიერებელმა საკუთარი ანარეკლი დაინახოს და დააკვირდეს მას, ამ ყველაფერს კი ფონად სიმარტოვე გასდევს. ინსტალაციის ადგილმდებარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სარკეებში აირეკლოს ბუნება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს გარე სამყაროსადმი მონატრების გრძნობას. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ გამოფენისათვის სწორედ ეს ადგილი შეირჩა, სკვერები და ბაღები სოციალური შეკრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი იყო პანდემიამდე, პანდემიის დროს კი ისინიც ისევე დაცარიელდა იზოლაციის გამო, როგორც ქალაქების სხვა სიცოცხლით სავსე ნაწილები.

რაც შეეხება სივრცეს ბლოკებს შორის, ეს სივრცე გადმოსცემს ფანჯრის მეტაფორას, რომელიც გარე სამყაროზე გადის. ეს გამოხატავს იმედს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს გარე სამყაროში კოლექტიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ნამუშევრის ავტორის აზრით, ეს კოლექტიური ცხოვრების საბოლოოდ დაბრუნების იმედს უჩენს დამთვალიერებელს.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ ავტორის ვებ-გვერდს, სადაც მისი სხვა ნამუშევრების ხილვასაც შეძლებთ.