„კორონასომნია“ – პანდემიით გამოწვეული უძილობა

ძილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. იგი დამღლელი დღის შემდეგ ენერგიის აღსადგენადაა საჭირო.  უძილობამ ან ხანმოკლე ძილმა კი შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის: შფოთვა,  დეპრესია, გულსისხლძარღვთა დაავადებები. იმოქმედოს განწყობაზე, კონცენტრაციაზე…

მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გამოჩენის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ცხოვრება ჩვეული რიტმით აღარ მიდის, დისტანციამ და იზოლაციამ მთლიანად შეარყია ჩვენი ყოველდღიური რუტინა. ახალ წელს ახალი რეგულაციები მოყვა. მიმდინარე კრიზისმა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად უძილობის შემთხვევების მატებაც გამოიწვია. ზოგიერთი ექსპერტი ბოლო ხანებში უცნაურ ტერმინს „კორონასომნიასაც“ კი იყენებს, რაც პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსი უძილობის გამომწვევი გახდა.  

დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის 2020 წლის აგვისტოს კვლევამ აჩვენა, რომ უძილობის პრობლემის მქონე ადამიანთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ჩინეთში ,,ლოქდაუნის“ დროს უძილობის მაჩვენებელი 14.6%-იდან 20%-ამდე გაიზარდა. საბერძნეთში, გასული წლის მაისში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეთა თითქმის 40%-ს ჰქონდა უძილობა. დადასტურებულია, რომ 2020 წლის განმავლობაში სიტყვა ,,უძილობა“ Google-ში იმაზე ბევრად მეტჯერ მოიძებნა  ვიდრე ოდესმე.

კვლევების მიხედვით, ამ მხრივ განსაკუთრებით დაზარალდნენ ჯანდაცვის მუშაკები, მედპერსონალი. 2020 წლის დეკემბერში ოტავას უნივერსიტეტმა  ჩაატარა 55 კვლევა, რომლებშიც 190,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შემთხვევაში უძილობის მაჩვენებელი 24%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები 15 %-ით.

და მაინც, როგორ გამოიწვია პანდემიამ უძილობა? ადრე ვმუშაობდით, ვსწავლობდით, ვისვენებდით ამა თუ იმ დაწესებულებებში, ახლა კი ბევრისთვის სახლი გახდა სამსახურიც, სკოლაც, უნივერსიტეტიც. ანგელა დრეიკი, კალიფორნიის უნივერსიტეტის კლინიკური ჯანმრთელობის პროფესორი აღნიშნავს, რომ „როდესაც სახლიდან ვმუშაობთ ნაკლები ვარჯიში გვიწევს, ასევე ნაკლებია იმ ბუნებრივი სინათლის ზემოქმედება, რაც ხელს უწყობს ძილს“. დრეიკის აზრით, ადამიანები თავდაპირველად გრძნობდნენ მოტივაციას, ხოლო როცა ამგვარი მდგომარეობა ამდენ ხანს გაგრძელდა, გაჩნდა უამრავი პრობლემა, მათ შორის უძილობაც.

Photo Credits to Alamy

პანდემიამ შეაფერხა სხვა სახის მკურნალობა, ადამიანები მხოლოდ გადაუდებელი დახმარების დროს მიმართავენ სამედიცინო პერსონალს. ხშირად შფოთავენ ვირუსის შიშით. ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ გვენატრება ჩვენი ჰობი, საქმიანობა, მეგობრები, ყოველივე ის რაც გვაბედნიერებდა. ასეთი დაძაბულობა იწვევს სტრესს, ხოლო სტრესი უძილობას და სხვა დარღვევებს.

„თუ თქვენ გაქვთ უძილობა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ახლა მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ასეა, ეს იმ ცვლილებების შედეგია, რასაც COVID-19-ის გამო განვიცდით“ ამბობს სტივენ ალტშულერი, მეიოს კლინიკის ფსიქიატრი და ნევროლოგი. უძილობის ასე გახშირება სულაც არ გვაძლევს ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვების საბაბს, პირიქით, თუ პრობლემის გაჩენისთანავე არ დავიწყებთ სათანადო გზების ძიებას, მერე შესაძლოა გაგვიჭირდეს იმ ლაბირინთიდან თავის დაღწევა, რომლისკენაც უძილობა გვექაჩება.

საინტერესოა თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ უძილობას. როგორც ალტშულერი აღნიშნავს, ძილის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე გავრცელებული მკურნალობაა შემეცნებით-ქცევითი, ე.წ. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც მოქმედებს ქცევებსა და აზროვნებაზე.  

დისტანციური რეჟიმის გამო მთელი დღე ვურთიერთობთ კომპიუტერთან, ტელეფონთან… ანგელა დრეიკი გვირჩევს, ძილის წინ მაინც შევზღუდოთ მათი გამოყენება და დასაძინებლად მოვემზადოთ ისე, რომ არანაირად არ ვიღებდეთ უარყოფით ემოციას.

უძილობის პრობლემის პრევენციისთვის უნდა გავუფრთხილდეთ თავს, მოვერიდოთ სტრესს, შეძლებისდაგვარად დავკავდეთ საყვარელი საქმით, ვნახოთ სასიამოვნო ფილმები, შევიქმნათ დადებითი განწყობა, ის რაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის მარტივად გადატანაში დაგვეხმარება. და რაც მთავარია, ამგვარი პრობლემების გაჩენისთანავე მივმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც გვაპოვნინებენ გამოსავალს.