Y2K | 2000-იანების გამოღვიძება

ალბათ ყველას გვსმენია გამონათქვამი: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. თუმცა, როცა საქმე მოდასა და ტრენდებს ეხება, უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა: ყველაფერი ახალი ისაა, რაც 20 წლის წინ იყო პოპულარული. მართლაც, უწყვეტი ციკლი არც ამჯერად აპირებს დარღვევას. 2021 წელს ახალ ათწლეულს ვიწყებთ სტილით, რომელიც იმდენად მიმზიდველია, რამდენადაც უჩვეულო – წინ 2000-იანების გამოღვიძება გველოდება.

რა არის Y2K?

ფუტურიზმი, სიკაშკაშე, ქუჩის სტილი, „ლოგომანია’’ – ეს სულ მცირეა იმ სიტყვათა ჩამონათვალიდან, რომელიც Y2K-ის ჭეშმარიტ სულს აღწერს. თავად აბრევიატურა განიმარტება, როგორც „მეორიათასე წელი“. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ ახლად გვქონდა ფეხი შედგმული ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ერაში. მილენიუმის შთაბეჭდილებები არა მარტო ხელოვნებასა და პოპ-კულტურაზე, არამედ ყოველდღიური ცხოვრების სტილზეც აისახა.

ახალი საუკუნის დადგომამ თითქმის ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა, მათ შორის გამონაკლისს არც მოდა წარმოადგენდა. თამამი დიზაინერები მზად იყვნენ პოდიუმის ტრადიციული იდეალების წინააღმდეგ ასაჯანყებლად, შთაგონება კი ახალგაზრდული კულტურის სახით იპოვეს. ისეთმა გავლენიანმა ბრენდებმა, როგორებიცაა დიორი, გუჩი, ჟივანში, ბარბერი და ა.შ. გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ ელიტის კვარცხლბეკიდან და საზოგადოებისათვის თანამედროვე, ბევრად ხელმისაწვდომი კოლექციები შეეთავაზებინათ. ამას მოჰყვა „ლოგომანია“, ტრენდი, რომელიც წლების მანძილზე არ კარგავდა მომხმარებელს: ყველაფერზე, დაწყებული ჩანთებითა და დამთავრებული სათვალის მინებით, ამოიკითხავდით რომელიმე ბრენდის ლოგოს ან სახელის წარწერას. ამას დამატებულმა ჰიპ-ჰოპის გაზრდილმა პოპულარობამ და თავისუფალმა ქუჩის სტილმა დასაბამი დაუდო იმას, რასაც ბევრი მულტიკულტურულ გამოღვიძებას უწოდებდა.

Y2K პოპ-კულტურაში

ეპოქის სახეები იყვნენ ამერიკელი ვარსკვლავი პერის ჰილტონი და ცნობილი მომღერალი ბრიტნი სპირსი.  მათი შთაგონებით უამრავი ახალგაზრდა იმოსებოდა Juicy Couture-ის სპორტულ ტანსაცმელსა და ხელოვნური ბეწვის ქურთუკებში. არანაკლები გავლენა მოახდინა 90-იანების ჰიპ-ჰოპის ოქროს ხანამ, ისეთმა ლეგენდარულმა რეპერმა, როგორიც იყო ტუპაკ შაკური. ეპოქის სულისჩამდგმელი ბრენდები იყო: Von Dutch, Juicy Couture, Lacoste და ა.შ. ყველაზე გავრცელებულ ტრენდებს წარმოადგენდა დაბალწელიანი ჯინსის შარვლები, პატარა ხელჩანთები, მინიკაბები და წარწერიანი მაისურები. ეს სტილი ყველაზე უკეთ წარმოჩნდა 2000-ანების საკულტო ფილმებში Mean Girls, Legally Blonde, Devil Wears Prada, Bring It On.

Y2K დღეს

2000-იანი წლების სტილის დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხი იყო. სოციალური მედიისა და ნოსტალგიის წყალობით, ეს ერთი შეხედვით დავიწყებული ტრენდები კვლავაც გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ყველაფერი დაიწყო ძველი სახეების დაბრუნებით. 2019 წელს ორიათასიანების პოპულარულმა მუსიკალურმა ბენდმა Spice Girls ოფიციალურად განაცხადა კიდევ ერთი ტურნეს მოწყობის შესახებ. 2020 წელს კი HBO-მ საკულტო ამერიკული სერიალის, Sex and the City-ს ახალი სეზონის გამოსვლა დააანონსა.  

მალე ორიათასიანების მანიამ მთელი პოპ-კულტურა მოიცვა. 2019 წელს ცნობილმა მომღერლებმა, არიანა გრანდემ და ნორმანიმ, თავიანთ მუსიკალურ ვიდეოებში, Thank u, next და Motivation, Y2K-ის მოდისა და ფილმების არაერთი ელემენტი წარმოაჩინეს. ამასთან, დიზაინერულმა ბრენდებმა, Louis Vuitton-მა და Gucci-მ, განაახლეს ლოგომანია. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი „ეიფორია“, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებას აღწერს და ახალი თაობის უმთავრესი ინსპირაციის წყაროა, კოსტუმებისა და მაკიაჟის დიზაინით მჭიდროდ უკავშირდება 2000-იანი წლების სიკაშკაშესა და მაქსიმალიზმს. ამ ყოველივეს ფონზე, საზოგადოების ნაწილმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინა კარგად ნაცნობი სტილის უცნობი სახეები, მეორე ნაწილმა კი ამ შთაბეჭდილებებით შექმნა ახალი ტრენდები.

თუმცა, არ შეიძლება ვისაუბროთ ამ პერიოდზე და არ განვიხილოთ მისი უარყოფითი მხარეები. სამწუხაროდ, მოდის ინდუსტრია 2000-იან წლებში საერთოდ არ იყო ინკლუზიური, არამედ პირიქით, მორგებული სიგამხდრეზე. ამ ათწლეულის სილამაზის სტანდარტების გამო, პლუს ზომის ადამიანებს თითქმის არ ჰქონდათ საშუალება, წარმატებისთვის მიეღწიათ კინოინდუსტრიასა თუ მოდის სამყაროში.  ეს მენტალობა განსაკუთრებით საზიანო იყო ახალგაზრდების მიმართ, გოგონების და არამარტო. საბედნიეროდ, დღეს ამ მხრივ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოძრაობა „Body Positivity“-მ, რომელიც ყველა ზომისა და ფორმის სხეულის სილამაზეზე ამახვილებს ყურადღებას, ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა Y2K-ს ტრენდებს. ამის წყალობით, დღეს ჩვენ მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი სტილის გამოღვიძებისა და ახლად დაბადების მომსწრენი ვართ.

შთაგონება

თუ გაინტერესებთ, როგორ მოერგო თანამედროვეობას 2000-იანების სტილი, ან გსურთ, ახალი ელემენტები შესძინოთ თქვენს გარდერობს, გირჩევთ, შთაგონებისთვის ამ ინსტაგრამ გვერდებს შეავლოთ თვალი.