ობიექტივის მიღმა: სტივ მაკქარი

National Geographic-ის მიერ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კადრად დასახელებული ფოტოს, „ავღანელი გოგოს“ შემქმნელი სტივ მაკქარი თანამედროვე სამყაროს ერთ–ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად ითვლება. მაკქარი ნამდვილად არ შედის დაუფასებელ ფოტოგრაფთა სიაში, მის მიღწევებს შორისაა ისეთი ასოციაციების ჯილდოები, როგორებიცაა „ნაციონალური პრესის ფოტოგრაფთა ასოციაცია“, „Royal Photographic Society” და ასე შემდეგ. ამ სტატიაში „თორმეტი“ ეცდება უკეთ გაგაცნოთ ფოტოგრაფი და მისი ნაკლებად ცნობილი შემოქმედება.

Photo Credits to John Ramspott

სტივ მაკქარი ამერიკელი ფოტოგრაფია, მიუხედავად ამისა,  მისი ნამუშევრები, ძირითადად, აზიაში იქმნება. ხელოვანმა პაკისტანში ყოფნისას ავღანეთში ომის შესახებ გაიგო, იქ საბჭოთა კავშირის თავდასხმამდე შეიპარა და ნახა განადგურებული ქალაქები, დანგრეული სახლები, აფეთქებული სკოლები, სწორედ ასე დაიწყო მისი კარიერაც. ფოტოგრაფი ტრაგიკული მოვლენების ხშირი მოწმეა: მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა, თუმცა თვითონ გადარჩა; ის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს თავისი სახლის სახურავიდან უყურებდა როგორ ინგრეოდა ორი ცათამბჯენი. ალბათ, სწორედ ამიტომ უყვარს მსგავსი კადრების ფოტოებად ასახვა.

მაკქარი ხშირად აღწერს ომს, თუმცა ყურადღებას ადამიანებზე ამახვილებს, იმ დარტყმაზე, რომელსაც ისინი იღებენ ამ მოვლენისგან. ფოტოგრაფი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს: „ჩემი ფოტოების უმეტესობა ხალხით შემოიფარგლება. კადრისთვის ვეძებ მომენტებს, როცა ფოტოსთვის მზად არ არიან, ვიღებ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გამოეხატებათ ხოლმე საკუთარი ცხოვრება სახეზე“.

თავის ყველაზე ცნობილ ფოტოს, „ავღანელ გოგოს“, მაკქარი საუკეთესოდ არ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ კარგი ფოტო იშვიათია, შესაბამისად, აუცილებლად დასაფასებელიც, „ავღანელი გოგოც“ ერთ–ერთი მათგანია. ფოტოზე შარბათ გულაა გამოსახული, ის მაკქარიმ ერთოთახიან სკოლაში ნახა: „მოულოდნელად ოთახიდან სიცილი გავიგონე და სანახავად შევედი. დავინახე ეს გოგო გასაოცარი თვალებით და მივხვდი, რომ სწორედ ამ ფოტოს გადაღება მინდოდა“. მალევე ეს ფოტო აღმოსავლეთის სიმბოლოდ იქცა დასავლეთში და მას „მონა ლიზასაც“ ადარებენ ხოლმე.

სტივ მაკქარი არაჩვეულებრივი ფერების ნაზავითა და კადრს მიღმა ისტორიებით თითოეულ ფოტოში დამატყვევებელ ეფექტს აღწევს. ის ასახავს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, თვალწინ გვიშლის ადამიანების ემოციებსა და გამოცდილებებს. მისი ფოტოები ნათელს ხდის, თუ რატომაა ის ერთ–ერთი საუკეთესო.