“ტალო” – ქართველი ილუსტრატორის გრაფიკული სერია | ინტერვიუ ნიტა გოგრიჭიანთან

ნიტა გოგრიჭიანი 23 წლის ილუსტრატორია, მან მულტიმედიის ფაკულტეტი დაამთავრა და უკვე წელიწადზე მეტია გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს. 2020 წელს ნიტამ დაიწყო ილუსტრაციების სერია “ტალო”, ხოლო აპრილში სერიას ცალკე Instagram გვერდი შეუქმნა. ყოველი ილუსტრაცია გამოხატავს ნიტას დამოკიდებულებას ცხოვრებისეულ დეტალებზე, თითოეული ფერადი ილუსტრაცია დადებითი მუხტის მატარებელია და შესაძლოა ყოველმა ჩვენგანმა მასში საკუთარი თავი ამოიცნოს. ნიტა გოგრიჭიანი “თორმეტს” თავის შემოქმედებაზე ესაუბრა.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

მთელი ცხოვრება მუსიკაში ვიყავი ჩაფლული, გადაწყვეტილი მქონდა კონსერვატორიაში საოპერო განყოფილებაზე ჩაბარება და, ბუნებრივია, ყველასთვის უცნაური იყო ის ფაქტი, როდესაც ბოლო წელს აზრი შევიცვალე და სამხატვრო აკადემიას შევნატროდი. მარტივი არ იყო ნამდვილად. თავიდან ისიც არ ვიცოდი ფანქარი როგორ დამეჭირა ხელში და მხოლოდ 4-5 თვე იყო დარჩენილი მისაღებ გამოცდებამდე, მაგრამ ბევრი შრომით და საოცარი ადამიანების მხარდაჭერით ეს შევძელი. მულტიმედიის ფაკულტეტი დავამთავრე და გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობ, რაც ძალიან მომწონს. ყოველდღე შემიძლია განვვითარდე და ვიპოვო ისეთი რაღაც, რაც აქამდე არ ვიცოდი.

გახსოვს პირველად როდის დაინტერესდი ხელოვნებით?

ბავშვობაში დედას ხშირად დავყავდით ოპერისა და ბალეტის წარმოდგენებზე – საოცარი იყო ის შეგრძნებები და ემოციები, რასაც განვიცდიდი. მუსიკა, ფერები, კოსტიუმები, ხმა, განათება… მეც მინდოდა ოდესმე მათი ნაწილი ვყოფილიყავი.

როდის დაიწყო შენი ილუსტრაციების პროექტიტალო”?

აპრილში, პანდემიის გამო ყველანი სახლში რომ აღმოვჩნდით, ჩემ გარშემო თითქმის ყველამ საკუთარ თავში ახალი ნიჭის ძიება დაიწყო – ჰოდა, დავიწყე მეც, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი ვიპოვე და დავჯერდი Skillshare-ის ონლაინ გაკვეთილებს. ძალიან კარგი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც დამწყებებს ასწავლიდა მარტივი ანიმაციების კეთებას და დავალებად მოგვცა საკუთარი პერსონაჟის შექმნა. სწორედ ასე შეიქმნა ტალო. პროცესი იმდენად მომეწონა, რომ მეორეც შევქმენი, მერე მესამე და ბოლოს ყველას რჩევით ეს ყველაფერი Instagram-ზეც მოვათავსე.

შენთვის რა არის შთაგონების წყარო, თუ ყველაფერი სპონტანურად იქმნება?

ბევრი მიიჩნევს, რომ მე ვარ ეს პერსონაჟი და ჩემი ცხოვრებიდან ვიღებ რაღაც მომენტებს, ბევრი საკუთარ თავსაც ადარებს (ეს გაცილებით მიხარია ხოლმე) – სინამდვილეში შთაგონებას ვიღებ ყველაფრიდან და ყველაფრისგან – მეგობრებისგან, მშობლებისგან, საკუთარი თავისგან, საყვარელი გადაცემიდან … არის მომენტები, როცა უცებ გარკვევით ვხედავ რა მინდა, მაშინვე ვჯდები და ვხატავ და შედეგიც ძალიან მალე მაქვს ასეთ მომენტებში.

რას ურჩევდი დამწყებ ილუსტრატორებს?

მუდმივად ათვალიერეთ სხვა არტისტები სხვადასხვა სფეროებიდან, მოუსმინეთ მათ, ნახეთ რას, როგორ აკეთებენ. დააკვირდით ფერებს, ტექსტურას, მაგრამ რაც მთავარია, დააკვირდით, შეხედეთ და მოუსმინეთ საკუთარ თავს. კიდევ, რაც მთავარია, არასოდეს შეგეშინდეთ, დაიწყეთ და კეთების პროცესში ისე განვითარდებით, ვერც კი შეამჩნევთ. მაგრამ თუ იგრძნობთ, რომ გინდათ შეჩერდეთ, ნურც ამის შეგეშინდებათ (თვეების განმავლობაში მეც გაჩერებული ვიყავი). თავს ნურაფერს დააძალებთ, რაც მოგეწონებათ, ის აკეთეთ თქვენი თავისთვის.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

31 დეკემბერის ღამეს გამოვამზეურეთ ჩემი პირველი ანიმაცია – რომელიც გავაკეთე გიორგი ერგემლიძის სიმღერისთვის – Little Wait.

იმდენად საოცარი იყო პერსონაჟების გაცოცხლება, რომ ახლა ოცნებად მაქვს მონაწილეობა მივიღო სრულმეტრაჟიანი ანიმაციის შექმნის პროცესში. მანამდე კი ძალიან, ძალიან ბევრი უნდა ვისწავლო. კინოც ძალიან მაინტერესებს. რამდენჯერმე შემთხვევით მოვხვდი გადასაღებ მოედანზე, სასწაული გარემოა. შექმნის პროცესი იმდენად ჯადოსნურია, რომ ძალიან მინდა ცოტა შორეულ მომავალში ჩემი თავი მანდაც დავინახო.

რა გსურს უთხრა სამყაროს შენი შემოქმედებით?

ცოტა ხნის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ სიტყვა ტალო – სახლს ნიშნავს, საყვარელი დამთხვევაა.

არაფერია მოსარიდებელი იმაში რომ ვინმე გვენატრება, რომ წონაში ვიმატებთ ან ვიკლებთ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, რომ ყველას გვაქვს ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები, რომლებიც განსაკუთრებულს და საოცარს გვხდის, რომ სიყვარული ძალიან მაგარი რამეა და ყველას აქვს უფლება უყვარდეს, რაღაცეები თუ გვეზარება, არც ეგ არაა პრობლემა – მთავარია ამ ყველაფერს ვუძლებთ და პატარ-პატარა ჯადოსნობებით ვაგრძელებთ ცხოვრებას .