Cottagecore | როგორ გაიქცა ხალხი კარანტინის ჩაკეტილი კედლებიდან ჯადოსნურ ტყეში

წარმოიდგინეთ სიტუაცია: სუფთა ჰაერზე ხართ, ყვავილების გარემოცვაში, გარშემო ჩიტების ჭიკჭიკი და ფუტკრების ბზუილი ისმის, დილის მზის სხივებში ბანაობთ და საყვარელ წიგნს ფურცლავთ – იმაზე ახლოს ხართ სრული სიმშვიდის განცდასთან, ვიდრე ოდესმე. გილოცავთ, ახლახან თავი ამოყავით უახლესი ინტერნეტ-ტრენდის ესთეტიკაში, სახელად „Cottagecore“. პანდემიის პირობებში, როცა ოთხ კედელს შორის ვიყავით გამომწყვდეულნი, ეს სტილი ბევრი ჩვენგანისათვის პირქუში რეალობიდან ზღაპრის სამყაროში გაქცევის საშუალებად იქცა.

რა არის Cottagecore?

Cottagecore პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება, როგორც ქოხის სტილი. ესაა დასავლურ აგრიკულტურასთან დაკავშირებული ცხოვრების რომანტიზირებული ხედვა, რომელიც ინტერნეტ-ტრენდში განსხეულდა. ბუნებასთან ჰარმონია, ფოლკლორული მისტიკა და უფრო მარტივი დღეების ნოსტალგია მისი მთავარი შემადგენელი ელემენტებია. ეს სტილი მოცავს ყველაფერს, დაწყებული მოდითა და დამთავრებული მებაღეობით. ასევე, კავშირები აქვს პოეზიასთან, მხატვრობასა და კულინარიასთანაც კი – სფეროთა ჩამონათვალი მხოლოდ გრძელდება.

Cottagecore-ს თავდაპირველად საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებაში გავრცელებულმა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გათავისების იდეებმა. ამას დაემატა თანამედროვე ანტი-კაპიტალისტური დამოკიდებულება და დაძაბული ყოველდღიურობისაგან, დატვირთული ურბანული სამყაროსაგან დასვენების სურვილი. ყველაზე დიდი პოპულარობა კი ამ სტილმა კარანტინის პერიოდში მოიპოვა: მაშინ, როცა ხალხს ყველაფერი ენატრებოდა, რაც გაშლილ სივრცეებთან და სიმწვანესთან იყო დაკავშირებული. ეს ტრენდი იმდენად ბუნებრივია, რამდენადაც პარადოქსული: მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ინტერნეტში აღმოცენდა და განვითარდა, თავად იგი სრულიად უარყოფს ტექნოლოგიებსა და ციფრულ სამყაროს. Cottagecore თავს ისე გაგრძნობინებთ, თითქოს ერთდროულად ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარშიც მოხვდით და სკოლისდროინდელ ზაფხულის არდადეგებშიც – წარმოიდგინეთ, რომ მთელს დღეებს ტყისპირა ქოხში ცხოვრებასა და მინდორში ხეტიალში ატარებთ, და ის ფაქტი, რომ თქვენი ყვავილები საოცარი სისწრაფით იზრდება, მხოლოდ ბუნდოვნად მიანიშნებს ფერიების არსებობაზე. 

Cottagecore პოპ-კულტურაში

ყველაფერი, დაწყებული ბოლო ათწლეულში გაბატონებული მინიმალისტური ინტერიერის დიზაინით, დამთავრებული ცივილიზაციისაგან გაქცევის პოპულარული, ნახევრად იუმორისტული ფანტაზიით, მიანიშნებდა Cottagecore სტილის თანამედროვე მოდასა და მედიაში დამკვიდრებაზე. თუმცა, ამ ტრენდმა ის სახე, რომლითაც დღეს ვიცნობთ, პანდემიისას მიიღო, ისეთი სოციალური ქსელების დამსახურებით, როგორებიცაა TikTok და Tumblr. მას 2017 წელსაც მოკრავდით თვალს, მაგრამ დღევადნელ პოპულარობას მხოლოდ 2019-20 წლებში მიაღწია. მას შემდეგ, რაც „Cottagecore“ ინტერნეტ-სივრცეში ჰეშტეგის სახით დამკვიდრდა, უამრავი ადამიანი ცდილობდა, საკუთარი სახლი, გარდერობი, და საერთოდაც ცხოვრების სტილი მისი „წესების“ მიხედვით გარდაექმნა. მოდაში შემოვიდა მსუბუქი, ვინტაჟური სტილი, გრძელი,  მაქმანებიანი სარაფნები და ყვავილოვანი ორნამენტები. რამდენიმე თვის განმავლობაში, კოსოვოელი დიზაინერის, ლირიკა მატოშის მიერ Cottagecore-ის შთაგონებით შექმნილ ე.წ. „მარწყვის კაბაზე“ მთელ ინტერნეტ-სივრცეში საუბრობდნენ: მას ირგებდა ყველა, დაწყებული ვარსკვლავებით, დამთავრებული „ინფლუენსერებითა“ და თავად დიზაინერებით, იქმნებოდა არაერთი ილუსტრაცია, სადაც მას სხვადასხვა პერსონაჟებს არგებდნენ, კაბის ვიზუალი გარდაიქმნა სვიტრებად, პერანგებად, პირბადეებადაც კი. Cottagecore ტრენდისაგან შთაგონება მიიღო მუსიკის ინდუსტრიამაც: სახელგანთქმულმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა, 2020 წელს ორი რურალური ფანტაზიის ელემენტებით გაჯერებული ტყუპი ალბომი გამოაქვეყნა: Folklore და Evermore. კინემატოგრაფიის ისეთმა შედევრებმა კი, როგორებიც იყო „ემა“ (2020) და „პატარა ქალები“ (2019), ასევე ლუსი მონტგომერის ნაწარმოებზე დაფუძნებული სერიალი „Anne with an E“, გააცოცხლა საზოგადოების ინტერესი ისტორიული მოდის, ქალაქის ქუჩებისაგან შორს ცხოვრების მიმართ. სტუდიო გიბლის ანიმაციური ფილმები კი, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბუნებასთან ჰარმონიის ესთეტიკითა და ზღაპრულ ელემენტებით, ხელახლა მოხვდა საერთო ინტერესისა და სიყვარულის ეპიცენტრში.

ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა თუ აუხდენელი ფანტაზია?

ცხადია, Cottagecore-ის სტილი საზოგადოების ნაწილისათვის რთულ რეალობასთან გამკლავების საშუალებად, ზღაპრის ნარატივის მქონე „თავშესაფრად“ იქცა. მიუხედავად ამისა, ქალაქგარეთ ცხოვრების, აგრიკულტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობის სინამდვილე არც მთლად ისეთი ზღაპრულია, როგორიც თეორიაში შეიძლება მოგვეჩვენოს. ეს ცხოვრების წესი თავის სირთულეებსა და გამოწვევებს შეიცავს, და, რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, ადამიანთა ნაწილისთვის უდიდესი ბედნიერების მომტანია. სიმართლე ისაა, რომ შეუძლებელია, მხოლოდ ინტერნეტ ტრენდზე დაყრდნობით სრულად შევიცნოთ ასეთი ცხოვრების ავთენტური სახე. სინამდვილეში, ის, რაც ასე ძალიან გვიზიდავს ქალაქგარეთ ცხოვრებაში, ძირითადად ფანტაზიაა: კარანტინის დამთავრების შემდეგ უმეტესობა სულაც არ მიატოვებს ყველაფერს იმისთვის, რომ საცხოვრებლად პატარა ტყისპირა ქოხში გადავიდეს (რაოდენაც ლამაზად არ უნდა ჟღერდეს ეს იდეა). თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ Cottagecore-ს ჩვენს ყოველდღიურობაში რეალური კვალის დატოვება არ შეუძლია. ეს ჩვენი შანსია, შევინარჩუნოთ ის დადებითი მხარეები, რაც ამ ტრენდის წყალობით გავითავისეთ: ციფრული სამყაროს გავლენის შემცირება ჩვენს ცხოვრებაში, ბუნების დაფასება და დაცვა, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარება და ა.შ. 

შთაგონება

თუ გაინტერესებთ, როგორ იქმნიდნენ ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით Cottagecore-ის ესთეტიკას კარანტინის ჩაკეტილ სივრცეებში, გირჩევთ, შთაგონებისთვის ამ ინსტაგრამ გვერდებს შეავლოთ თვალი: