აღმოაჩინე არტისტი: Mother Mother

2020 წელს, კარანტინის პირობებში, ონლაინ–პლატფორმა  TikTok-ის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სოციალურ ქსელზე განთავსებული მასალა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მუსიკაზე, მისი წყალობით უამრავ დამწყებ მომღერალს გაეხსნა გზა აღიარებისკენ და ამოტივტივდა ძველი, საკმაოდ მივიწყებული არტისტების შემოქმედებაც. სწორედ ასე მოიპოვა ახალი წარმატება მუსიკალურმა ჯგუფმა Mother Mother.

Mother Mother ხუთი წევრისგან შემდგარი ალტერნატიული როკ ბენდია, რომელიც ვანკუვერში ჩამოყალიბდა, მისი შექმნის იდეა რაიან გალდემონდს ეკუთვნის. თავდაპირველად მათი სახელი მხოლოდ „Mother“ იყო და 2005 წელს პირველი ალბომი სწორედ ამ სათაურით გამოვიდა, თუმცა 2007 წელს სახელის შეცვლის შემდეგ, ალბომი „Mother“ „Touch Up“–ით შეიცვალა, რამდენიმე სიმღერა დაემატა და თავიდან გამოიცა. ბენდს ამჟამად 7 სტუდიური ალბომი აქვს, მათ შორის ბოლო, „Dance and Cry“ 2018 წელს გამოიცა. 

მუსიკალური ჯგუფის არაერთი სიმღერისაგან ტრენდების შექმნა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი მსმენელების რაოდენობა გაორმაგებულიყო. მათ ყველაზე პოპულარულ ალბომად მალევე იქცა 2008 წელს გამოსული „O My Heart“. Mother Mother თავის სიმღერებში მსმენელს გულს უშლის, ლამაზი სიტყვებით ესაუბრება მტკივნეულ, მახინჯ გრძნობებზე და აძლევს საშუალებას თითოეულ ადამიანს, რომ მათთან ემოციური კავშირი იპოვოს.

ბენდი განსაკუთრებით ახლო გახდა გენდერულად არაბინარული ადამიანებისთვის: ისეთი სიმღერები, როგორიცაა „Body“ და „Verbatim“ მათ პრობლემებთან ყველაზე ახლოს მიიჩნიეს და გასაკვირი არცაა, რომ მათი სახით ბენდმა ბევრი ახალი მსმენელი შეიძინა. „დიდი პატივია ჩვენი მუსიკის ადეკვატურ პარტნიორად მიჩნევა საკუთარი  თავის აღმოჩენის თავგადასავალზე, რომელიც საზოგადოებრივ სტანდარტებს ხშირად არღვევს“ – ამბობს გალდემონდი „Rolling Stone“-თან ინტერვიუში.

ბენდის მიმართ განახლებულმა ინტერესმა და კარანტინის მიერ მოტანილმა ემოციებმა ჯგუფს ორი წლის შემდეგ ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებისკენ უბიძგა, მუსიკოსები ახალ ალბომში ძველი ენერგიის ჩაქსოვას აპირებენ და მას „პანდემიის ჩანაწერს“ უწოდებენ. სანამ Mother Mother ახალი სიმღერებით გამოჩნდება, მანამდე გთავაზობთ ჩვენს რჩეულ ხუთ სიმღერას:

ბენდის ოფიციალური გვერდი Spotify-ზე: