Spacy | ქართული თხზულება-თამაში

RERO თამაშების ამგები სტუდიაა, რომლის დებიუტიც სატელეფონო თამაშით – Spacy შედგა. სტუდია სულ ორი ახალგაზრადასგან შედგება, რომლებსაც განსხვავებული როლები აქვთ განაწილებული, პავლე ერიქაშვილი პროგრამისტია და თამაშის პროგრამულ გამართულობაზე ზრუნავს, ხოლო ბექა იობიძე – თამაშის დიზაინსა და შინაარსზე, მისივე შექმნილია თამაშის მუსიკაც.



მას შემდეგ, რაც კოსმოსში გასროლილი რაკეტით თავს აარიდებთ ჩამოცვენილ ასტეროიდებს და გარკვეული მანძილს დაფარავთ, თხზულების ახალი ფურცლის წაკითხვის შესაძლებლობა მოგეცემათ.

გაეცანით თამაშის აღწერას:

„დატკბით გალაქტიკის ხედებითა და ასტეროიდთა ველის სირთულეებით. იმაში, რომ რაც შეიძლება გვიან შეალეწოთ თქვენი რაკეტა რომელიმე ასტეროიდს ან გადაურჩეთ ბუა უცხოპლანეტელებს, ჭეშმარიტად დაგეხმარებათ განსაკუთრებული ხელსაწყოები, რომლებიც გადაგისვრიან უსაფრთხოდ და მშვიდად შორეულ მანძილზე, ერთჯერადად დაგიცავენ კოსმოსურ ლოდთან შეჯახებისას ან ლაზერებით შემუსრავენ თქვენს გზაზე მოლივლივე დაბრკოლებებს.

ყველაფერი მხოლოდ ვარსკვლავებში ხეტიალით როდი შემოიფარგლება – ვინც შორს წავა, ფურცელ-ფურცელ შეაგროვებს ნიკპისამათრთოლებელ ამბავს კოსმიური ყოფიერების აბლაბუდებზე.

Spacy პირველ პროექტია, რომელსაც RERO გთავაზობთ.

ისიამოვნეთ.“

როგორც ბექა ამბობს, თამაშების აგების სწავლა საკმაოდ რთული პროცესი იყო.

„ადრე, ადრე, წლების წინ, მე და პავლე ძალიან ცუდ გაკვეთილზე ვისხედით და არ ვუსმენდით. ისე, უბრალოდ მოვიდა თავში, მოდი თამაში გავაკეთოთქო და ასე დავიწყეთ ამაზე ფიქრი. საერთოდ არაფერი ვიცოდით, მაგრამ როლები დავინაწილეთ, მე უნდა მეხატა, დიზაინზე მეზრუნა, პავლეს პროგრამული ნაწილისთვის მიეხედა. Მოკლედ, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ ვითვისებდით, სულ სულ ნულიდან,  ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ინდოელის ვიდეოებსაც ვუყურეთ, ჩვენითაც ბევრი რამ მოვიფიქრეთ და რაღაც გამოგვივიდა, მაგრამ ნუ, არ ვარგოდა. იდეის განხორციელებაც რთული იყო, პუბილიკისთვისაც ნაკლებად მისაღები. ამ მცდელობებში, სწავლაში, უბრალოდ თავისუფალი დროის შევსებაში ბევრი დროც გავიდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, უბრალოდ, რამე მარტივი გაგვეკეთებინა, უფრო მეტისთვის მისაღები, უაზრო დროის გასაყვანი კარგი საშუალება.“

„Spacy“-ის სოციალური ქსელის სარეკლამო კამპანია

თხზულება, რომლის ფურცლებიც თამაშ-თამაშით უნდა შეაგროვოთ,  აბსურდული ამბავია.

„ჩვენი გარემო გიჟურია, ცოტათი. ირგვლივ ყოველ წუთს დაუღალავი სიჯიუტით წარმოიქმნება აბსურდი, რომელიც იმდენად გამომთაყვანებელია, რომ მისი გაუგონრად სულელური ბუნების გამო, უბრალოდ, ვერ ვამჩნევთ, არადა მართლა არსებობს, მხოლოდ, ისეთი თვალი სჭირდება დასანახავად, მზად რომ არის ჩალენჩებამდე გაკვირვებისთვის“

ბექას თქმით, მისი პერსონაჟები არაფერი არ არიან, იმიტომ, რომ ისინი არავის ედარდება, მკითხველი პერონაჟების გამო არ ღელავს, საინტერესო მხოლოდ ისაა, რაც მათ გარშემო ხდება: „ტექსტი დავწერე მარტივ სიგიჟეზე. სისულელე იქნებოდა რაღაც ფენტეზი, ან რამე დრამა მომეთხრო, ვის რაში სჭირდება ტელეფონის მარტივ თამაშში, უაზრო დროის ფლანგვის აპარატში რამე სერიოზულის კითხვა, ვინ ელის ან როგორ ჩავატევდი. უფრო საინტერესო, სხვანაირი საკითხავი იქნებოდა მარტივი, ცოცხალი სიგიჟე, რაღაც პატაფიზიკური, პოსტმოდერნული, მაგიური რეალიზმისებრი. მთელი თამაშის ფონი ჰაეროვნების, სიმსუბუქის, სიმარტივის მცდელობაა და ამის შესატყვისი ტექსტიც ასეთად წარმომიდგენია – უბრალოდ აზელილი, კომიკურად აბსურდული და ზუსტად ამ აბსურდულობით რეალობას მიმგვანებული მოვლენების დინება, რომ არ მოგწყინდება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი არ არის, არც რთულია, უბრალოდ სიგიჟეა.“

©ბექა იობიძე

პავლეს და ბექას თამაშის შესაქმნელად მისი ყველა კომპონენტის სწავლა უწევდათ, როდესაც მუსიკის ჯერი დადგა, უნდოდათ, რომ ეს ყოფილიყო მშვიდი, რიტმული და შეხამებოდა მთლიანად თამაშის განწყობას. აქცენტი დიდ სივრცესა და მშვიდ, მყუდრო გარემოზეა.

„საჭირო იყო მშვიდი მუსიკა, თან მინდოდა, ქართული ნაწილისთვის ხაზის გასმა, ხოდა, ფონად, როგორც რიგითი ინსტრუმენტი, ისმის ქართული ლექსი.“

საერთო მომნუსხველ, სიურრეალისტურ განწყობას იზიარებს თამაშის ყველა დეტალი. მათ გამოკვეთილი თხრობის სტილი აქვთ, რომელსაც ფოტოები, მუსიკა, თხზულება შეესაბამება.

„რეალურად, თხრობა არ იყო [მთავარი], თამაშის კეთებისას ეს სტილი გვქონდა და მგონი, თხრობა უფრო შევუსაბამეთ, თავისებური განწყობის ბრალია, ამის მიხედვით შევქმენით ტექსტი, ამ განწყობას შეესაბამება თამაშის აღწერაც, სოციალური ქსელის პოსტებიც.“

„Spacy“-ის სოციალური ქსელის სარეკლამო კამპანია

კითხვაზე, რატომ უნდა ითამაშონ „Spacy“, ბექამ იმაზე ისაუბრა, რომ ბევრი ქართული თამაში არ არსებობს და მათი კოსმოსური თავგადასავალი მშვენიერი საშუალებაა უაზრო დროის გასაყვანად. 

„შევეცადეთ, ყოფილიყო მყუდრო, სათამაშოდ. მეტროში, ვაგონში რომ ხარ და გინდა დრო გაიყვანო, ეს სიურრეალისტური სიგიჟე რომ წაიკითხო და ხანდახან გაგეცინოს, თავისუფალი დროის გასაყვანად მშვენიერი საშუალებაა.“

RERO სამომავლოდ ახალი აპლიკაციის შექმნასა და ახალი ცოდნითა და გამოცდილებით, თამაშის პირველ იდეასთან მიბრუნებას გეგმავს, რომელიც მთლიანად ქართულ მოტივებზე იქნება აგებული და რომელის ჩანაფიქრშიც მთავარი პერსონაჟები ჩოხებში არიან გამოწყობილები. სიახლეების გარეშე არც Spacy-ის მოთამაშეები დარჩებიან.

Spacy-ს შეგიძლიათ მიაგნოთ აქ