It’s A Sin – უპირობო მეგობრობისა და თანადგომის ლონდონური ისტორია

“It’s A Sin” („ეს ცოდვაა“) ბრიტანული სერიალია, რომელიც 22 იანვარს Channel 4-ზე გამოვიდა. სერიალი 1980-იანი წლების ლონდონში მცხოვრებ ხუთ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს, რომელთაც ცხოვრება მსოფლიოს გარშემო შიდსის გავრცელებამ გაურთულა. ხუთეპიზოდიან სერიალში მთავარ როლებს ოლი ალექსანდერი, ლიდია ვესტი, კალუმ სკოტ ჰოუელსი, ომარი დუგლასი და ნათანიელ კარტისი თამაშობენ. დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი მინისერიალის სხვადასხვა ასპექტს განიხილავს და შეაფასებს.

თიკა გობაძე: 12/12

„ჩვენ ვკვდებით, ისინი კი თითოეული გვამის სანაცვლოდ მოგებას იღებენ,“ ამბობს რასელ დეივისის 5 სერიიანი დრამის, „It’s a Sin”-ის, ერთ–ერთი პერსონაჟი აქციაზე დგომისას. სერიალი 80–იანებში გავრცელებული შიდსის ეპიდემიის შესახებ გვიყვება, რომლის ირგვლივ არსებულმა სტიგმებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში. საკითხის თავიდან არიდება, დეზინფორმაცია და ეპიდემიის საშუალებით ფინანსური მოგების შესაძლებლობის პოვნა რამდენიმეა იმ მიზეზთაგან, რომლებმაც შეუშალა დაავადებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი მძაფრად წარმოგვიჩენს გეი ადამიანების ბრძოლას მკურნალობისთვისა და, თუნდაც, არსებობისთვის, სერიალის ძირითადი ნაწილი უდარდელობის გრძნობას გვიტოვებს: ეს არის ხუთი ახლო მეგობრის ისტორია, რომლებიც ლონდონში, ერთ დიდ ბინაში შეიკრიბნენ და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღებას ცდილობენ. შოუ გამოირჩევა უნიკალური ხასიათის ადამიანებით, არაჩვეულებრივი იუმორითა და განსხვავებული ოჯახური ისტორიებით. „ეს ცოდვაა“ პერსონაჟებს მათი დაავადებით არ საზღვრავს, ის გვიჩვენებს მათ მიზნებს, განსხვავებულ თვისებებს, ამბიციებს, გვიყვება, რომ დეჰუმანიზებული დაავადება სულაც არ ცლიდა დაავადებულებს ადამიანობისგან.

ამ მნიშვნელოვანი ისტორიის ტრაგიკულობის, ისევე როგორც ახალგაზრდების სიხარულის ბოლომდე შეგრძნობაში მსახიობების არაჩვეულებრივი შესრულება გვეხმარება, განსაკუთრებულად აღსანიშნავია მომღერალი ოლი ალექსანდერის, ლიდია უესტისა და ომარი დუგლასის როლები, რომლებიც უსასრულო ემოციებს იწვევენ მაყურებელში. სერიალში ნახავთ ისეთ ცნობილ სახეებსაც, როგორებიც არიან სტივენ ფრაი და ნილ პატრიკ ჰარისი.

საბოლოო ჯამში, გენიალური საუნდთრექებითა და ულამაზესი სცენებით გაფორმებული სერიალი სილაღისა და სევდიანობის საინტერესო ნაზავია, რომელიც მაყურებლის გულს მარტივად იგებს.

სალომე ზეინკლიშვილი: 10/12

სერიალი მოგვითხრობს 1980-იანების ლონდონზე, პერიოდზე, როცა შიდსის ვირუსი ჯერ კიდევ ახალია საზოგადოებისთვის. სერიალში სწორედ ის მომენტებია ასახული, როცა დაავადების პირველი შემთხვევები ვრცელდება. სერიალში რამდენიმე მეგობრის განსხვავებული მიზნები, წარსული და პიროვნებაა წარმოდგენილი. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, თავდაპირველად, მაყურებელი მათი ურთიერთობების შესახებ იგებს. საგულისხმოა ისიც, რომ ყოველი პერსონაჟი თავის მხრივ ინდივიდუალურია, რაც შოუს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

სერიალი აჩვენებს არა მხოლოდ იმას, როგორ გავლენა მოახდინა დაავადებამ სხვადასხვა ადამიანზე, არამედ იმაზეც თუ როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა დაავადებულთა ოჯახის წევრებზე. ასევე წარმოჩენილია სხვადასხვა პერსონაჟის მიდგომა გაუმკლავდეს დაავადებას, მათ შორის ამ ყველაფრის უარყოფის მცდელობაც.

თუკი “The Pose” მოგწონთ, გასაკვირი არაა, რომ ეს სერიალიც მოგეწონოთ. “The Pose” კიდევ ერთი შესანიშნავი სერიალია, რომელიც მსგავს თემატიკას წარმოადგენს, თუმცა სერიალში ამ თემასთან ერთად „drag ball culture“ იკავებს დიდ ადგილს, „ეს ცოდვაა“ კი უმეტესად სწორედ დაავადებასა და მის გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას.

სერიალი აღსანიშნავია მისი საუნდთრექებითაც, რომლებიც განსაკუთრებულად კარგად ერწყმის სხვადასხვა მომენტს სერიალის მიმდინარეობისას და ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაყურებლისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი თავისი შინაარსით შესაძლოა დამთრგუნველი მოგეჩვენოთ, მასში ბევრი მომენტია, რომელიც ბედნიერებასა და სიხალისეს ასხივებს. ამ ყველაფერს კი ემატება სერიალის თავისებური იუმორი. იმასთან ერთად, რომ სერიალი კარგად დაგანახებთ იმდროინდელი სიტუაციის სიმწვავეს, ამავე დროს სევდას მოგგვრით და დაგაფიქრებთ ამ ყველაფერზე.

ლევან აბაშიძე: 12/12

რასელ დეივისი ბრიტანულ სატელევიზიო სივრცეს ორწლიანი პაუზის შემდეგ ტრიუმფით დაუბრუნდა. „ეს ცოდვაა“ Channel 4-ის რეიტინგების რამდენიმე რეკორდის მფლობელი გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ კვირაში გახდა. ეს შემთხვევითი არაა – დეივისი სიუჟეტისა და პროდუქციის ხარისხით კოლეგებს შორის დიდი ხანია გამოირჩევა, რასაც მისი წინა ნამუშევრები, “Years and Years” და „Doctor Who”-ც ადასტურებს.

„It’s A Sin” 1980-იანი წლებში მიმდინარე შიდსის ეპიდემიის პარალელურად ლონდონელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე გვიამბობს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სერიალის მთელი სიუჟეტური ხაზი შიდსის გარშემო ვითარდება – აქ შეხვდებით ახალგაზრდა მსახიობის სირთულეებს შოუ-ბიზნესში მოსახვედრად, სტერეოტიპების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ უელსელ ბიჭს და ასე შემდეგ, თუმცა ყველაზე მთავარი ელემენტი, რაც სერიალს სხვებისგან გამოარჩევს, ურთიერთობების რეალურად, შელამაზების გარეშე აღწერაა. შეუძლებელია მაყურებელმა ემოციის გარეშე უყუროს ხუთი მეგობრის სირთულეებით სავსე ათწლეულს, რომელიც სულ რაღაც ხუთ სერიაშია მოქცეული.

აუცილებელია აღვნიშნოთ ერთი შეხედვით გამოუცდელი მსახიობების ოსტატობა – მთავარი როლის შემსრულებელი ხუთი მსახიობიდან სამისთვის „ეს ცოდვაა“ პირველი სატელევიზიო პროექტი გახლავთ. ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად ლიდია ვესტის შესრულება მიმაჩნია – 27 წლის მსახიობი დეივისის უკვე მეორე სერიალში თამაშობს მთავარ როლს (სატელევიზიო კარიერა მან სწორედ „Years & Years”-ით დაიწყო), ორივე სერიალში სწორედ მის შესრულებულ პერსონაჟებს აქვთ საკვანძო მონოლოგი თუ სცენა, რომელიც მთელი სიუჟეტის კულმინაციაა.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიალი იდეალურია თავისი თემატიკით, ორაზროვანი სათაურით, საუნდთრექებით (რომელთაგან ზოგს თავად მსახიობები ასრულებენ) და სხვადასხვა ტექნიკით, რასაც ნილ პატრიკ ჰარისის უბადლო ბრიტანული აქცენტიც სრულყოფს.

საბოლოო შეფასება: 11.3/12