უსაფრთხო ინტერნეტი

დღეს ისე, როგორც არასდროს, ონლაინ სივრცე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ინტერნეტის გარეშე ყოველდღიურობა რთული წარმოსადგენია. სწორედ მისი საშუალებით ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას, გვაქვს ურთიერთობა საქმიან თუ პირად პარტნიორებთან, მეგობრებთან და, თუნდაც, სრულიად უცხო ადამიანებთან.

ინტერნეტი ძირითადად აღიქმება გართობის საშუალებად, ასევე სხვადასხვა სერვისის მიღების მარტივ და კომფორტულ გზად. ყოველდღიურად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, ამას ემატება პანდემია, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელი. იქნება ეს ონლაინ სწავლა, დისტანციური მუშაობა, ონლაინ-შოპინგი თუ სხვა. შესაბამისად, ყოველდღე უფრო რთული ხდება უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება. მომხმარებელთა ნაწილი ინტერნეტს თაღლითობის, პირადი ინფორმაციის მოპარვისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისათვის იყენებს.

უსაფრთხო ინტერნეტზე საუბარი ძალიან დიდი ხანია დაიწყო. უკვე არსებობს „უსაფრთხო ინტერნეტის დღეც“, რომელსაც 170 ქვეყანა შეუერთდა და მათ შორის, საქართველოცაა. 2021 წელს „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“  9 თებერვალია.

ფოტო: saferinternetday.org

Digital Commerce-ის (ციფრული კომერცია)  360-ე შეფასებით, ონლაინ ხარჯები 2020 წლის განმავლობაში საცალო ვაჭრობის 21.3%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, მსგავსი რაოდენობის თანხა არაკეთილსინდისიერ ადამიანებსაც იზიდავს და ისინი ცდილობენ, ინტერნეტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ არ გახდეთ კიბერთაღლითობის მსხვერპლი და შეძლოთ თავის დაცვა.

ნუ გახდით პირად ინფორმაციას საჯაროს

სოციალური ქსელების ეპოქაში რთულია დაიცვა პირადი მონაცემები, თუმცა თავი შეიკავეთ საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ნომრის, საბანკო ბარათისა და ID ბარათის მონაცემების გასაჯაროებისგან. თუნდაც პოტენციურ დამსაქმებელთან ურთიერთობისას, აუცილებელი არ არის მან იცოდეს თქვენი მისამართის ან პირადი ურთიერთობის შესახებ, მისთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება. ნუ გაასაჯაროებთ ისეთ დეტალებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა ზიანი მოგაყენონ.

გამოიყენეთ რთული პაროლები

პაროლები ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია ინტერნეტ-უსაფრთხოების მთლიან სივრცეში. თუმცა მათი გამოყენება აუცილებელია და შესაბამისად, ისინი რთული უნდა იყოს. ხშირად ვირჩევთ მარტივ, ადვილად დასამახსოვრებელ პაროლებს, მაგრამ ისინი კიბერთაღლითებს მხოლოდ საქმეს უმარტივებს. ზოგიერთი ვებგვერდი თავად ითხოვს მომხმარებელმა შექმნას რთული პაროლი.

მაგალითად: პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს, ერთი სიმბოლო მაინც უნდა იყოს ციფრი, ერთი სიმბოლო მაინც აუცილებლად უნდა იყოს დიდი ლათინური ასო და ა.შ.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ ყველა საიტისთვის ერთი და იგივე პაროლი არ გამოიყენოთ. შენახვისა და დამახსოვრების თვალსაზრისით საუკეთესო იქნება თუ პაროლები გვეცოდინება ზეპირად, მაგრამ თუ ყველა პაროლს ვერ იმახსოვრებთ, უმჯობესია გამოვიყენოთ პაროლის სანდო მენეჯერი. პაროლის მენეჯერი არის სპეციალური პროგრამა, რომელიც თავად მოწყობილობაშივე ინახავს სხვადასხვა ვებგვერდზე გამოყენებულ თქვენს პაროლებს.

ისარგებლეთ უსაფრთხო საიტებით
მარტივად შეძლებთ დაცული საიტის ამოცნობას

ვებგვერდზე გადასვლისას, აუცილებელია დარწმუნდეთ, ხომ ნამდვილად იმ საიტს სტუმრობთ, რომელიც გინდოდათ. პაროლისა თუ ბარათის მონაცემების შეყვანამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ეს დეტალები. ხშირად თაღლითური ვებგვერდები ძალიან ჰგავსცნობილ და სანდო ვებსაიტებს.

მნიშვნელოვანია გადამოწმდეს, აქვს თუ არა საიტს HTTPS კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ამ კავშირის მქონე საიტზე შეყვანილი მონაცემები, მაგალითად, პაროლი, ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი და სხვა, ადრესატთან მიდის დაშიფრული სახით. თანამედროვე ბრაუზერში ეს კავშირი მწვანედაა მისამართის ველში, ამიტომ მარტივი ამოსაცნობია. 

ვირუსების ამოცნობა და მათთან ბრძოლა აუცილებელია

ვირუსი ჩვეულებრივი პროგრამაა, რომლის უამრავი ტიპიც არსებობს. მათი მიზნები სხვადასხვაა, იქნება ეს ინფორმაციის მოპარვა, კომპიუტერული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება თუ სხვა. ძირითადად მსგავსი ვირუსული პროგრამები ლინკების მეშვეობით აღწევს თქვენამდე. სწორედ ამიტომ, არ გადახვიდეთ არასანდო ლინკებზე, არ გახსნათ მეგობრის მიერ გამოგზავნილი ლინკი, თუ არ იცით, რომ ლინკი რეალურია. აქ ისაა საინტერესო, რომ მსგავსი ვირუსები სხვადასხვა პოსტებს აზიარებს სოციალურ ქსელში, ანელებს ინტერნეტთან წვდომას და შესაძლოა სრულიადაც მოშალოს მთლიანი სისტემა.

თუმცა არსებობს ვირუსებიც, რომელთა შემჩნევაც ვერ ხერხდება. ასეთ დროს ვირუსი კომპიუტერს ერთ-ერთ ბოტად აქცევს და უკვე სხვა ვებსაიტს უტევს მისი მეშვეობით. ის ფარულად შედის რომელიმე საიტზე. სამიზნე საიტი არაა მზად ერთდროულად ამდენი „მომხმარებლის“ მიღებისთვის და ითიშება. შესაბამისად, თქვენი გაჯეტი თქვენივე ნებართვის გარეშე საფრთხეს უქმნის სხვა ქსელს.

თუმცა, რაიმეზე თანხმობის გარეშეც შესაძლოა მოხვდეს ვირუსი თქვენს ბრაუზერში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ანტივირუსებით სარგებლობა. ანტივირუსის გამოყენება კი ფინანსებს მოითხოვს, ე.წ. „გატეხილი“ ანტივირუსის დაინსტალირება თითქმის შეუძლებელია. ზოგიერთი ანტივირუსი საკმაოდ სანდოა, მაგ. Symantec Norton, Sophos, McAfee, F-Secure, ESET NOD32 და Bitdefender. მისი დაყენების შემდეგ შეამოწმეთ ხომ არ არის თქვენს ბრაუზერში ფარული ვირუსი.

მიაქციეთ ყურადღება რას იწერთ

კიბერდანაშაული ძირითადად მოტყუებით ხდება. მავნე პროგრამები ან აპები გამიზნულია ინფორმაციის მოპოვებისათვის და ისინი შესაძლოა გავდნენ რეალურად არსებული კომპანიებისა თუ პროგრამების აპებს, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე. არ გადმოწეროთ აპები, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება ან განთავსებულია ისეთ საიტზე, რომელსაც არ ენდობით.

დაუკვირდით რას აქვეყნებთ ინტერნეტში

ნებისმიერი ფოტო, ვიდეო თუ სხვა სახის პოსტი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ინტერნეტში. თქვენ შეიძლება წაშალოთ კიდეც ეს პოსტი, მაგრამ ის უკვე მოხვდა სხვა ადამიანის გაჯეტში. ასლებს უკან ვერ დაიბრუნებთ და ვეღარ წაშლით. ისინი შეიძლება გამოიყენონ თქვენს წინააღმდეგ, ასე რომ, რაიმეს განთავსებამდე დაფიქრდით, ხომ არ მოგიტანთ ის თქვენ ზიანს.

ფრთხილად იყავით ადამიანების ონლაინ გაცნობისას

ადამიანები, რომელთაც ინტერნეტში ხვდებით ხშირად არ არიან ისინი, ვინც გგონიათ. და საერთოდ, ისინი შეიძლება არც იყვნენ რეალური ადამიანები. ყალბი სოციალური მედიის პროფილები პოპულარული გზაა ჰაკერებისათვის. იყავით ისეთივე ფრთხილი და გონივრული თქვენს ონლაინ სოციალურ ცხოვრებაში, როგორც პირად სოციალურ ცხოვრებაში.

ძალიან ბევრი გზა არსებობს კიბერთავდასხისათვის, ამიტომ მომხმარებელმა უნდა გამოიჩინოს ყურადღება და დაიცვას სხვადასხვა რეკომენდაცია.