Dark Academia | ძიების, შემეცნებისა და შემაძრწუნებელი სილამაზის სამყარო

ანტიკური კლასიკა, გრძელი პალტოები და სისხლის წვეთები წიგნების ფურცლებზე… იმისთვის, რომ Dark Academia აღვწეროთ, დონა ტარტის შემდეგი ციტატაც გამოდგება:„მტკივნეული სიყვარული ყველაფერი თვალწარმტაცისა“. მართლაც, ვერაფერი  გვიხატავს უნივერსიტეტის კედლებს, სწავლულთა და მოსწავლეთა სივრცეს ისეთი სიყვარულით, როგორც ამას ეს სტილი ახერხებს. შეიძლება, მრავალი ჩვენგანი სწავლის პროცესს არასდროს არ აკავშირებდა სილამაზესთან, მაგრამ ამ სტილის შთაგონებით ხალხმა აკადემიაში გაცრეცილი ფურცლებისა და ძველი შენობების ფასადის ნაცვლად კლასიციზმის ბნელი ესთეტიკა დაინახა.

რა არის Dark Academia?

ტერმინი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით „ბნელ აკადემიას“ აღნიშნავს, განათლების, თვითშემეცნებისა და კლასიკური ხელოვნების რომანტიზებულ აღქმას უკავშირდება. ის მჭიდროდაა დაკავშირებული ძველი საბერძნეთის ლიტერატურასა და მითოლოგიასთან, თუმცა ასევე აღინიშნება ევროპული კულტურების, ძირითადად, რენესანსის ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებების მნიშვნელოვანი გავლენა. ასევე, დიდი შთაგონებაა აღებული გოთიკური არქიტექტურული ელემენტების, კლასიკური მუსიკისა და მხატვრობისაგან. მისთვის დამახასიათებელია მუქი ტონალობები, გრილი ამინდისთვის შექმნილი ტანისამოსი და უდიდესი აღიარება ინტელექტუალური სამყაროს მიმართ. ის, რაც „ბნელი აკადემიით“ დაიწყო, მალე სხვადასხვა ჟანრებადაც გაფართოვდა. თანამედროვე ინტერნეტ-გვერდებზე და პოპ-კულტურაში შეხვდებით როგორც „რომანტიკულ აკადემიას“, ასევე „სინათლის აკადემიას“ და ა.შ. თითოეული სუბკატეგორია ეფუძნება მისი მშობელი სტილის მთავარ მახასიათებლებს, საკუთარი უნიკალური ვარიაციების დამატებით.

Dark Academia დაფუძნებულია 1930-1940-იანების ევროპულ, ძირითადად ინგლისურ მოდაზე. სტილს სული ჩაუდგა ამ პერიოდის ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების სტუდენტების უნიფორმებმა. ყველაზე ხშირად გამოყენებული ფერები იყო შავი, ყავისფერი, თეთრი, იშვიათად მუქი მწვანე და ლურჯიც. ისევე, როგორც Cottagecore-ის ესთეტიკა, ,,ბნელი აკადემიაც“ უარყოფს ტექნოლოგიებს, გაჯერებულია რა ისტორიული ელემენტებითა და ნოსტალგიით. მისი, როგორც კონკრეტული მიმდინარეობის ჩამოყალიბება 1992 წლის კრიმინალურ რომანს, დონა ტარტის ,,საიდუმლო ისტორიას“ უკავშირდება. იგი ნიუ ინგლენდის ცნობილ კოლეჯში მოსწავლე ხუთი სტუდენტის ამბავს მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც საბედისწეროდ გადაიკვეთა, როცა ანტიკური ბერძნული ენის კურსის გავლა დაიწყეს იდუმალი პროფესორის ზედამხედველობით. ამ ნაწარმოებმა მე-20 საუკუნის მიწურულსაც მოიპოვა აღიარება, თუმცა მეორე სიცოცხლე მხოლოდ 2010-იანი წლებიდან დაიწყო. მკითხველთა ნაწილი მას დღესაც „ბნელი აკადემიის“ სტილის საკულტო რომანად თვლის. რაც შეეხება კინემატოგრაფიას, ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელიც უნივერსიტეტის კედლებსა და სულის გამაღვიძებელ ხელოვნებაზე მოგვითხრობს, არის 1989 წლის „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. მას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, რაც ნაწილობრივ რობინ უილიამსის უბადლო სამსახიობო ნიჭის დამსახურებაა.

Dark Academia თანამედროვე კულტურაში

ისევე, როგორც ტრენდების უმრავლესობამ, ,,ბნელმა აკადემიამაც“ ფეხი ინტერნეტსივრცეში აიდგა. ამ სტილის ფოტოებსა და ბლოგებს სხვადასხვა სოციალურ საიტებზე, ძირითადად Tumblr-ზე, 2014 წლიდან შეხვდებოდით. ეს გამოიწვია 2010-იანი წლების დასაწყისის მოზღვავებულმა ინტერესმა გოთიკური არქიტექტურისა და კლასიკური კულტურის მიმართ. 2013 წლის ფილმმა, ,,მოკალი შენთვის ძვირფასები“, რომელიც ბიტნიკთა თაობის მწერალზე, ალენ გინზბერგზე მოგვითხრობს, თავისი კინემატოგრაფიითა და სიუჟეტით სწრაფად მიიპყრო ,,ბნელი აკადემიის“ მიმდევართა ყურადღება და ფართო მასებამდე მიიტანა კიდეც სტილი. მას შემდეგ ამ ტრენდმა მთელი ინტერნეტი მოიცვა, განსაკუთრებით პოპულარული კი ახალგაზრდებში გახდა. შედეგად, Dark Academia თავიანთ პროდუქტში დანერგეს თინეიჯერებისადმი მიმართული სერიალებისა და ფილმების შემქმნელებმა, მოარგეს რა მის სტანდარტებს პერსონაჟების გარდერობი და სიუჟეტის ძირითადი თემატიკები (,,Chilling Adventures of Sabrina’’, ,,Fate: The Winx Saga და ა.შ.). საერთო აღფრთოვანებას არ ჩამორჩნენ არც მოდის სახლები: ყველაზე კარგი მაგალითებია რალფ ლორენის 2016 წლისა და დიორის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები. მუსიკის ინდუსტრიის ისეთ წამყვან პირთა შემოქმედებაში, როგორებიც არიან ბილი აილიში და ჰოზიერი, ასევე აღინიშნება ,,ბნელი აკადემიის“ ელემენტები. საბოლოოდ, ტრენდის პოპულარობა დაგვირგვინდა მსოფლიო კარანტინის დაწესებითა და სასწავლო დაწესებულებების დახურვით – ის, რაც რეალობაში გვენატრებოდა, ინტერნეტ სივრცეში გადმოვიტანეთ და დავხვეწეთ.

ინტელექტუალიზმი თუ საზიანო ელიტიზმი?

მიუხედავად ფართო აღიარებისა, Dark Academia-ს ტრენდს ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს. მთავარი პრობლემა იმას ეფუძნება, რომ ეს სტილი მთლიანად აგებულია ევროცენტრულ სტანდარტებზე, თეთრკანიანი ადამიანების მოთხოვნებზე, განსხვავებული კულტურების წარმომადგენლობა კი ჯერ კიდევ მწირია. თუმცა, თანდათან უფრო და უფრო მეტი ფერადკანიანი ავტორის ,,ბნელი აკადემიის“ ჟანრის შემოქმედება ხდება პოპულარული, ტრენდში კი ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ერთვება. ამას გარდა, სტილს აკრიტიკებენ მისი კლასისტური გამოვლინებების გამოც: იმ მტკიცების, თითქოს ინტელექტუალური შრომა ფიზიკურ შრომაზე უფრო ღირებულია. საბოლოო ჯამში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებელია, შევითავსოთ სტილის პოზიტიური მხარეები, ხოლო უარყოფითი სტანდარტების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ. ერთი რამის აღიარება კი აუცილებელია – Dark Academia-მ თანამედროვეობაში კლასიკის სიყვარული, აკადემიური სივრცის ახლებური ხედვა გამოაღვიძა. მისი წყალობით, უბრალოდ ის ფაქტიც, რომ შრომას ვდებთ გონების განვითარებაში, უკვე გვაქცევს დაფასების ღირსად და მეტ ,,შემაძრწუნებელ სილამაზეს“ ჰმატებს ჩვენს ცხოვრებას.

შთაგონება

თუ გაინტერესებთ, სად იმალება აკადემიური სივრცის მთავარი ხიბლი, გირჩევთ, შთაგონებისთვის ამ ინსტაგრამ გვერდებს შეავლოთ თვალი: