12 ფილმი ხელოვანების ცხოვრების შესახებ

„ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება მარადიული“, მას მარადიულად ხელოვანები თავიანთი ნამუშევრებით აქცევენ. ამ დიდი დამსახურების გამო  მათი შემოქმედება და ცხოვრება რეჟისორებისთვის არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო. გთავაზობთ 12 ფილმს, რომლებიც დიდ ხელოვანებს უკეთ გვაცნობენ.

„მოდილიანი“ (2004)

რეჟისორ მიკ დეივისის ბიოგრაფიული დრამა „მოდილიანი“, რომელშიც მთავარ როლს ენდი გარსია ასრულებს, ცნობილი მხატვრის, ამედეო მოდილიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მასში პარალელურად ვითარდება პაბლო პიკასოსთან მეტოქეობისა და ჟანა ებიუტენთან სასიყვარულო ურთიერთობის ისტორიები. ფილმი  გვაცნობს მოდილიანის ნამუშევრებს, განსაკუთრებით კი ცნობილ ტილოს სახელწოდებით „ჟანა“

„სიყვარულით ვინსენტი“ (2017)

დეტექტიური ჟანრის ანიმაციური ფილმი ცნობილი ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტის, ვინსენტ ვან გოგის შესახებაა. იგი ეჭვქვეშ აყენებს ლეგენდარული მხატვრის თვითმკვლელობის საკითხს. აღსანიშნავია, რომ ფილმი აწყობილია ვან გოგის ცნობილი ნახატებით, რის გამოც კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო სანახავია.

„რენუარი“ (2013)

ფილმი ეხება ცნობილი მხატვრის, ოგიუსტ რენუარის სიბერის წლებს, პერიოდს, როცა დაქვრივებულ ხელოვანს ქალიშვილი მუზად ექცა. ეს ბიოგრაფიული დრამა მე-20 საუკუნეში გვამოგზაურებს და თვალწინ რენუარის შემოქმედებას გვიხატავს.

„სიცოცხლის წყურვილი’’ (1956)

ხელოვანთა ცხოვრების ისტორიების გაცოცხლებით რეჟისორებმა თუ მსახიობებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ასეთი წარმატებული ფილმი აღმოჩნდა ირვინგ სტოუნის „სიცოცხლის წყურვილი“. ვან გოგის ცხოვრების შესახებ გადაღებულმა ფილმმა მთავარი როლის შემსრულებელს, კირკ დუგლასს ოქროს გლობუსი მოუტანა.

„გოგენი“ (2017)

„გოგენი“ ბიოგრაფიული დრამაა, რომელიც ფრანგ მხატვარსა და მოქანდაკეს, პოლ გოგენს ეხება. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანის შთაგონების ძიების პროცესსა და მის ურთიერთობაზე ტაიტელ გოგონასთან, რომელიც ჯერ მუზად ექცა, შემდგომ კი მისი მეუღლეც გახდა.

„გოგონა მარგალიტის საყურით“ (2003)

იდუმალი და ბევრისთვის საყვარელი ტილო „გოგონა მარგალიტის საყურით“ იოჰანეს ვერმერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატია. ეს ფილმი სწორედ ამ ტილოს შექმნის ისტორიასა და ვერმერის ცხოვრებას ეხება.

„კარავაჯო“ (1986)

ფილმში გადმოცემულია გავლენიანი იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ხანმოკლე ცხოვრების ისტორია: ბავშვობა, წარუმატებლობა და შემდგომ დიდი წარმატება. არაერთი ემოციური და საინტერესო კადრი მხატვრის შემოქმედების შესახებ ბევრს გვატყობინებს.

„ცხოვრება პიკასოსთან“ (1996)

საინტერესოა ჯეიმს აივორის „ცხოვრება პიკასოსთან“. მასში გაცოცხლებულია პაბლო პიკასოს სასიყვარულო ურთიერთობა ფრანსუა ჟილოსთან, ქალთან, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა მხატვართან. ფილმი დიდი სიყვარულის ამსახველია და მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს.

„ბატონი ტერნერი“ (2014)

ხელოვანების ცხოვრებაზე შექმნილი ფილმების ვრცელ სიაში ადგილი უჭირავს ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, უილიამ ტერნერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  ამსახველ ბიოგრაფიულ ფილმს, სახელად „ბატონი ტერნერი“

„პოლოკი“(2000)

ამერიკელი მხატვრის, ჯექსონ პოლოკის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმი კარგად გვიხატავს მხატვრის კარიერასა და მის ტრაგიკულ ცხოვრებას.

„ფრიდა“ (2002)

„ფრიდა“ მექსიკელი ფერმწერის, ფრიდა კალოს ცხოვრებას ასახავს. ის ორმაგად საინტერესოა, რადგან მასში არამხოლოდ კალოს, არამედ მის მეუღლეს, არანაკლებ ცნობილ მხატვარს, დიეგო რივერასაც ვეცნობით.

„ფიროსმანი“(1969)

და ბოლოს, რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი, რომელიც მან 1969 წელს გადაიღო დიდ ქართველ მხატვარზე, ნიკო ფიროსმანაშვილზე (ფიროსმანზე). იგი გვაცნობს მხატვრის რთულ ბედს, გასაჭირით სავსე ცხოვრებას. გვაჩვენებს, თუ როგორ პირობებში ქმნიდა შედევრებს ახლა უკვე ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ფიროსმანი.

ეს ჩამონათვალი არასრულია. ხელოვანთა ცხოვრებაზე გაცილებით მეტი ფილმია შექმნილი. ყოველი მათგანი გვაცნობს ხელოვანებს, მათ შემოქმედებასა და ცხოვრების გზებს.  გვარწმუნებს, რომ „ხელოვნებაა თვით უკვდავება“.

PS: თუ ჩამოთვლილი ფილმები ჯერ კიდევ არ გინახავთ, ნუღარ გადადებთ – წინ დიდი სიამოვნება გელით!