5 ფილმი, რომელიც French Dispatch-ის მოლოდინში შეგიძლიათ ნახოთ

უეს ანდერსონის უახლესი ფილმი „French Dispatch“ 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ფილმის პრემიერა გადაიდო. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალის ბედს უკავშირდება. კერძოდ, ფილმის პრემიერა სწორედ ხსენებულ ფესტივალზე უნდა შედგეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ან საერთოდ, ჩატარდება თუ არა ფესტივალი 2021 წელს.

თორმეტი წარმოგიდგენთ რამდენიმე ფილმს, რომელთაც შეგიძლიათ უყუროთ მანამ, სანამ „French Dispatch“-ის გამოსვლას ელოდებით.

SUBMARINE (2010)

რიჩარდ აიოადეს ფილმი ანდერსონის ფილმს მოგაგონებთ არამარტო თემატიკით, არამედ მისი ესთეტიკითაც. ფილმში მოთხრობილია თინეიჯერის ისტორია, რომელიც თავისი თანატოლებისგან განსხვავდება. პროტაგონისტი ოლივერი სკოლაში არც ისე პოპულარულია, ვინაიდან თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესები აქვს, თუმცა მაინც მოსწონს მისი კლასელი ჯორდანა და მასთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს. ამავე დროს, ოლივერზე ძლიერად ზემოქმედებს მის ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაცია. ამ ყველაფრის ფონზე კი მისი ურთიერთობაც ჯორდანასთან კრიზისს განიცდის. 

თუკი თქვენ უეს ანდერსონის სტილი მოგწონთ, ეს ფილმი თქვენთვისაა – საინტერესო სიუჟეტსა და გადაღების სტილთან ერთად, ფილმი საუნდტრეკებითაც გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.

The Royal Tenenbaums (2001)

უეს ანდერსონის მოცემული ფილმი, შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ფილმი რეჟისორის უნიკალური სტილითაა გაჟღენთილი.

ფილმი ტენენბაუმების ოჯახის რთულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. რეჟისორი ცნობილია ოჯახური ურთიერთობების სირთულის გადმოცემით ფილმებში, ეს ნამუშევარი სწორედ ამ თემატიკის საუკეთესო გამოვლინებაა. აქ გადმოცემულია ოჯახის თითოეული წევრის წინარე ისტორია, რამაც დიდწილად განაპირობა მათი დღევანდელი ცხოვრება და არსებული პრობლემები. ამასთან, ფილმში ჩანს თუ როგორ განაპირობა ამ პრობლემებმა ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის გართულება. ამის მიუხედავად, ისევე როგორც ანდერსონის სხვა ფილმები, მოცემული ფილმიც საბოლოო ჯამში დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ.

Synecdoche, New York (2008)

ჩარლი კაუფმანის მოცემული ფილმი ანდერსონის ფილმებს თავისი შინაარსით მოგვაგონებს. ფილმი მოგვითხრობს თეატრის რეჟისორზე, რომელიც ცდილობს მის უახლეს პროექტს არნახული მასშტაბები მიაღებინოს. ამ პროცესში კი განსაზღვრული ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის იკარგება.

ფილმის პროტაგონისტი რეჟისორი პირად ცხოვრებაში პრობლემებს განიცდის, კერძოდ, მას ცოლი ტოვებს და თან მიჰყავს მისი შვილიც. მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა ეძლევა განახორციელოს მისი თეატრალური ინტერესები, ის მოქმედებას იწყებს.

ფილმი საინტერესო სიუჟეტთან ერთად უამრავი განსხვავებული ემოციითაა დატვირთული, რაც მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. ფილმის ნარატიული ხაზია, როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრების განმავლობაში გარკვეულ მიზანს მისდევდე და მისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წასასვლელად იყო მზად.

Broadcast News (1987)

როგორც ანდერსონი მის უახლეს ფილმს უწოდებს, ესაა „სიყვარულის წერილი ჟურნალისტისათვის“. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მოცემული სიაში „Broadcast News“ შედის – ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით.

ისევე როგორც ანდერსონის ფილმებში, მოცემულ ფილმშიც დიდი ყურადღებაა გამახვილებული თითოეულ დეტალზე, რაც მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

ფილმის პროტაგონისტი ახალი ამბების პროდიუსერია, რომლის ცხოვრებაც სწორედ მისი სამუშაოს ირგვლივ ტრიალებს. ის თავისი საქმის სიყვარულითაა განმსჭვალული და მისი ამხელა ინტერესიც საქმისადმი სწორედ აქედან გამომდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ფილმი სწორედ ისეთ მსუბუქ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით, როგორსაც უეს ანდერსონის ნებისმიერი ფილმი.

Lady Bird (2017)

გრეტა გერვიგის მოცემული ფილმიც Coming-of-age დრამა-კომედიას წარმოადგენს. ფილმში გადმოცემულია ახალგაზრდა გოგონას ყოველდღიურობა, რომლის ოცნებებიც და მიზნებიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რეალობა. საინტერესო ისაა, რომ ფილმში, ისევე როგორც ანდერსონის უამრავ ნამუშევარში, ოჯახური ურთიერთობის პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, მთავარ გმირს დაძაბული ურთიერთობა აქვს დედასთან, ეს სიუჟეტი დიდწილად მოგვაგონებს უეს ანდერსონის ერთ-ერთ ფილმს.

ფილმში გადმოცემულია მთავარი გმირის სურვილები და ოცნებები, ამავე დროს ის სირთულეებიც, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ახასიათებს. საბოლოოდ კი ის უამრავი პრობლემის გადალახვისა და სხვადასხვა გამოცდილების მიღების შემდეგ  აცნობიერებს მის რეალურ განცდებს.