ოსკარის დაჯილდოება 2021 წელს რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

Photo Credits to Getty Images

კინოაკადემიის 93-ე დაჯილდოება რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება. ტრადიციულად, ოსკარზე წარდგენილი კინოხელოვანები დოლბის თეატრში იკრიბებიან ხოლმე, თუმცა წელს პანდემიის გამო ნომინანტები პირდაპირ ეთერში სხვადასხვა ადგილიდან ჩაერთვებიან.

დაზუსტებული არაა, იქნება თუ არა ყველა არჩეული შენობა ლოს ანჯელესში. ლოკაციებს შორის ამ მომენტისთვის მხოლოდ დოლბის თეატრია დამტკიცებული. რამდენიმე დღის წინ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო „ოქროს გლობუსის“ პროდიუსერთა ჯგუფმაც – ცერემონიას ტინა ფეი და ემი პოლერი, შესაბამისად, ნიუ-იორკიდან და ლოს ანჯელესიდან გაუძღვებიან.

ოსკარის ნომინანტები 15 მარტს გამოცხადდებიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ წაიყვანს დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 25 აპრილს გაიმართება.