Uppers | ბრიტანული პოსტ-პანკ ბენდის დებიუტი

TV Priest ბრიტანული პოსტ-პანკ ბენდია, რომელიც ბავშვობის ოთხმა მეგობარმა 2019 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფის ვოკალისტი ჩარლი დრინქვოთერია, ინსტრუმენტებზე კი ალექს სპროგისი, ნიკ ბუთი და ედ კელანდი უკრავენ. ბენდმა სადებიუტო ალბომი „Uppers“ 5 თებერვალს გამოუშვა. დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი სწორედ ამ ალბომს მიმოიხილავს.

 
სალომე ზეინკლიშვილი: 9/12

TV priest დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრიტანული პოსტ-პანკ ბენდია, რომლის დებიუტიც არც ისე დიდი ხნის წინ შედგა. ბენდის უახლეს ალბომს წარმოადგენს Uppers. ალბომი საინტერესოა იმით, რომ საშუალებას იძლევა, მსმენელმა გაიცნოს ჯგუფი და ჩამოუყალიბდეს მათი შემოქმედების შესახებ გარკვეული წარმოდგენა. ანალოგიურად შეიძლება ითქვას, რომ ალბომის გასაცნობად სულ რამდენიმე სიმღერის მოსმენაც საკმარისია.

ამ ალბომში შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ სიმღერის ლირიკა და დასაკრავი ინსტრუმენტები არ ერწყმის ერთმანეთს. თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სიმღერას მოისმენთ მიხვდებით, რომ ეს ალბომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მახასიათებელია. აღსანიშნავია ალბომის ინსტრუმენტული ნაწილი, რომელმაც შესაძლოა დროდადრო ისე გაგიტაცოთ, რომ სიმღერის ტექსტუალური ნაწილი გამოგრჩეთ. თუმცა, ტექსტუალურ ნაწილს საინტერესოს ხდის ვოკალისტის ძლიერი ხმა, რომელიც ინსტრუმენტალს უხდება მისი ტემბრიდან გამომდინარე.

ალბომში თითოეულ ნამუშევარს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მაგალითად „Decoration“ გადმოსცემს თანამედროვე ცხოვრების წესის იდეას, რომელშიც ადამიანთა უმეტესობის მიზანს წარმოადგენს მცდელობა მიაღწიოს შემდეგ რაუნდამდე. ამავე დროს, ხაზგასმულია ისიც, რომ თანამედროვეობაში ხშირია უახლესი ტრენდებისადმი ინტერესი.

ალბომის უმნიშვნელოვანეს ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ „Saintless“, სიმღერა მნიშვნელოვანია, რადგან ვოკალისტმა ის იმ ჩანაწერის ინსპირაციით დაწერა, რომელიც ახალ დაბადებულ შვილს მიუძღვნა. ის აღწერს სიყვარულს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის, რაც ადამიანს ეხმარება სიძნელეების გადალახვაში.

ალბომი საკმაოდ ენერგიულია, რაც პოსტ-პანკ ბენდებისათვის დამახასიათებელია, თუმცა მასში არის რამდენიმე სიმღერა, რომელიც ამ ენერგიისგან განსხვავებულ მუხტს ატარებს, მაგალითად „The Ref“. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ალბომი საკმაოდ მრავალფეროვანია, მით უფრო იმის ფონზე, რომ ბენდი არც ისე დიდი ხნის შექმნილია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა TV Priest-ს სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებით ვიხილოთ.

 
თამუნა კირკიტაძე: 10/12

„Uppers“ ბრიტანული პოსტ-პანკ ბენდის, TV Priest-ის სადებიუტო ალბომია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. თავად ბენდი ახალი ჩამოყალიბებულია, წევრები ბავშვობის მეგობრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუსიკალურ ასპარეზზე კორონავირუსით შექმნილი რთული ვითარებისას გამოჩნდნენ, მაინც მოახერხეს წარმატების მიღწევა და სახელიც გაითქვეს.

ალბომი „Uppers“ საკმაოდ ენერგიული, საინტერესო და სასიამოვნო სიმღერებისგან შედგება. გიტარის, ბასის და დრამის ხმას ემატება ვოკალისტის განსხვავებულად ძლიერი ხმა, რაც კიდევ უფრო სპეციფიკურს ხდის ალბომს. ამ სიმღერების მეშვეობით უკეთ ვეცნობით ბენდს, მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალს.

ყოველი სიმღერა საინტერესოა როგორც ვოკალურად და მუსიკალურად, ისე შინაარსითაც. მათში აღწერილია ყოველდღიური, ყველასთვის ცნობილი მოვლენებიც. ალბომში რიგით პირველი, „The Big Curve“ მსმენელების ყურადღებას დაწყებისთანავე იპყრობს. ისმის გიტარის მაღალი და ამაღელვებელი ხმა, რაც ბოლომდე მოსმენის განწყობას გვიქმნის. ერთ-ერთ ტრეკში, „Press gang“-ში აღწერილია, თუ როგორ მოიხმარს დღეს საზოგადოება სიახლეებს. აქ დრამებით თითქოს იმედგაცრუება გამოიხატება.

ასევე საინტერესოა სიმღერა „Journal of Plague Year“. იგი შექმნილია დანიელ დეფოს ამავე სახელწოდების ნაწარმოების შთაგონებით. მასში შავი ჭირია აღწერილი. შინაარსი დღევანდელობასთან ასოცირდება, ამიტომაც იგი საკმაოდ ემოციურია.

ალბომში კარგად ჩანს, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება სიბრძნესა და  დაშემოქმედებითობაზე აისახება. აქ თავმოყრილი სიმღერებიც სწორედ ასეთ გამოცდილებას გამოხატავს. ამ მხრივ საინტერესოა „The Ref“, „Saintless“…

თუ თქვენ პოსტ-პანკის მოყვარული ხართ და პანდემიისას რუტინული დღეების გახალისება, სასიამოვნოდ გატარება გსურთ „Uppers“ ამისთვის შესაფერისია. იმის გათვალისწინებით, რომ სადებიუტო ალბომი საკმაოდ კარგია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბენდს უამრავი წარმატება ელის. TV Priest პოსტ-პანკის ისტორიაში ნამდვილად დიდ კვალს დატოვებს.

 
ლევან აბაშიძე : 8/12

ბრიტანული პოსტ-პანკ ბენდი TV Priest მუსიკალურ ინდუსტრიაში სადებიუტო ალბომით „Uppers“ გამოჩნდა. ჟანრში და რეგიონში დამკვიდრებულ ახალ სტანდარტს (რომელიც, ძირითადად, IDLES-ის შემოქმედებით განისაზღვრება) ჯგუფმა ფეხი ნაკლებად აუწყო, თუმცა უდავოა, რომ Uppers საინტერესო პროექტია.

ალბომი ინსტრუმენტალურ ნაწილში უფრო გამორჩეულია, ვიდრე ტექსტუალურად. ვოკალისტის ტონი აგრესიული და მონოტონურია, თუმცა ამ ელემენტს ჟანრის სხვა წარმომადგენლებთანაც შეხვდებით. ალბომში საუკეთესოდ მაინც უკანასკნელი კომპოზიცია, „Saintless“, მიმაჩნია, რომელიც 7 წუთზე მეტ ხანს გრძელდება. სიმღერა ჩარლი დრინქვოთერის ვოკალისა და ნიკ ბუთის ბასის შექმნილ შესავალს გიტარის რამდენიმე გამორჩეული სოლოთი აგვირგვინებს.

ალბომი თავიდან ბოლომდე ინარჩუნებს მაღალ ენერგიას, თუმცა მცირე პაუზის სახით მოისმენთ ინსტრუმენტალურ ტრეკს „History Week“, რომელსაც ბენდი მსმენელს განტვირთვის სახით სთავაზობს. „History Week“ ალბომში ერთადერთი ინსტრუმენტალური კომპოზიცია არაა – რიგით მეცხრე სიმღერა „the ref“ ასევე ინსტრუმენტალია, რომელიც ზემოხსენებული ტრეკის კონტრასტულ ნამუშევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან არა თუ უტოლდება, არამედ აჭარბებს ალბომის სხვა სიმღერების შექმნილ ენერგიას.

ნაწილობრივ კომიკური, ნაწილობრივ კი ეგზისტენციალური ტექსტებით სავსე ალბომი TV Priest-ის მოკრძალებული დებიუტია, თუმცა ბენდს განვითარებისთვის უფრო დიდ ადგილს უტოვებს და მომავალში შესაძლო წნეხისაგან ათავისუფლებს. „Uppers“-ის რამდენიმე სიმღერა თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ფილმის „სკოტ პილგრიმი სამყაროს წინააღმდეგ“ საუნდტრეკი, თუმცა ფილმში მას არა Sex Bob-Omb, არამედ მათ მიერ დამარცხებული რომელიმე სხვა ჯგუფი შეასრულებდა.

 საბოლოო შეფასება: 9/12