ობიექტივის მიღმა: კლოდ კაჰუნი

კლოდ კაჰუნი ფრანგი ფოტოგრაფის, სკულპტორისა და მწერლის ფსევდონიმია, რომელმაც ქვეცნობიერი და გენდერი ხელოვნებად აქცია. კლოდი საკუთარ თავს ახასიათებდა როგორც გენდერულად ნეიტრალურს, სწორედ ამ იდენტობის კვლევაა მისი ფოტოგრაფიის დიდი ნაწილიც – თავისი ტანსაცმლითა და განსხვავებული პოზირებით ის ილუზიებს ქმნიდა და სხვადასხვა სხეულს „ირგებდა“.

ფოტოგრაფი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი ფოტოგრაფიით გენდერის თემას იკვლევდა: ზოგ ფოტოში ის კაცია, ზოგიერთში – ქალი, ხან ორივე, ხან კი არც ერთი. კლოდი იშვიათად ინტერესდებოდა სხვებით – მისი მთავარი მიზანი ავტროპორტრეტების შექმნა იყო და მათ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნიდა. მისი იდენტობა სრულად გადმოიცემოდა თეატრალური ჩაცმულობით, ექსცენტრიული მაკიაჟითა და გადაღების სპეციფიკური კუთხით.   „მამაკაცური? ფემინური? სიტუაციას გააჩნია, ნეიტრალური ერთადერთი გენდერია, რომელიც შემეფერება“ – ამბობს ხელოვანი თავის წიგნში „Aveux non Avenus”.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არცაა, რომ მისით ლეგენდარული მომღერალი, დევიდ ბოუი დაინტერესდა. დევიდ ბოუი, კლოდის მსგავსად, არღვევდა გენდერის ნორმებს და მისი იდენტობა ანდროგინიის გარშემო ტრიალებდა. დევიდ ბოუიმ 2007 წელს ფრანგი ფოტოგრაფის გამოფენა მოაწყო. კლოდი „დიორის“ ერთ–ერთი კოლექციის ინსპირაციაც გახდა.

კლოდი სამოქალაქო აქტივიზმითაც გამოირჩეოდა. ის და მისი პარტნიორი, მარსელ მური, ნაციზმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ. ანდრე ბრეტონი, ფრანგი მწერალი და პოეტი, ფოტოგრაფს ახასიათებდა, როგორც მათი დროის ყველაზე ცნობისმოყვარე სულს. სწორედ ამ მწერალთან ერთად ჩამოაყალიბა მეორე მსოფლიო ომის დროს მემარცხენე ალიანსი ნაციზმის წინააღმდეგ, აქვეყნებდა ესეებს და ეწეოდა პროპაგანდას ამავე მიზნით. კლოდი და მარსელი გერმანელებს ჯარისკაცების სახელით წერილებს წერდნენ, ისინი მათ ხელს აწერდნენ, როგორც „უსახელო ჯარისკაცი“ და ამ წერილებში გერმანელების დამარცხებაზე, ჰიტლერის ტირანიაზე და ჯარისკაცების გაჭირვებაზე საუბრობენ. „ჩვენთვის არავინ კვდება“ – იკითხება კლოდის „უსახელო ჯარისკაცის“ სახელით დაწერილ ერთ–ერთ წერილში.

საბოლოოდ, კლოდი ანტინაცისტური კამპანიისთვის დაიჭირეს მარსელ მურთან ერთად, ორივე მათგანს სიკვდილი მიესაჯა. ამ სასჯელის მიღებას მათ თავის მოკვლა არჩიეს, თუმცა არ გამოუვიდათ. საბოლოოდ, ომის დამთავრების შემდეგ, ისინი გაათავისუფლეს, თუმცა კლოდი ციხის პირობების ნეგატიური ეფექტისგან ვერასდროს გამოჯანმრთელდა და საკმაოდ მალე გარდაიცვალა, მურმა კი 1972 წელს თავი მოიკლა.

Claude Cahun არის სახელი, რომელიც ხელოვნების ისტორიას აუცილებლად შემორჩება. მისი ხელოვნება დროს უსწრებს, ამბობს ახალ სიტყვას და ქმნის ინსპირაციას არაერთი ადამიანისთვის. კლოდის გონებრივი სამყარო და იდენტობა იდეალურად იხლართება ერთმანეთში და ქმნის სანახაობას, რომელსაც სხვაგან ვერსად იხილავთ.

Claude Cahun–ის ნამუშევრების სრული კოლექცია.