Malcolm & Marie | ტოქსიკური ურთიერთობის კინემატოგრაფიული მაგალითი

Malcolm & Marie სემ ლევინსონის დრამაა, რომელიც Netflix-მა პლატფორმაზე 5 თებერვალს განათავსა. ლევინსონის ნამუშევარს კრიტიკოსებისგან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა, რასაც Rotten Tomatoes-ზე 59%-იანი შეფასებაც მოწმობს. ფილმში მთავარ როლებს ზენდაია და ჯონ დევიდ ვაშინგტონი ასრულებენ. დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი ფილმის სხვადასხვა ასპექტს მიმოიხილავს და შეაფასებს.

თიკა გობაძე: 11/12

Malcolm&Marie მანიპულაციაა, როგორც ერთი პერსონაჟის მიერ მეორის, ისე რეჟისორისა მაყურებლისადმი. ფილმი ორი ადამიანის ურთიერთობაზე გვიყვება ბრუტალური, შეუფარავი დეტალებით: არც ლამაზ, ზღაპრულ სიყვარულის ისტორიას გვაჩვენებს და არც პიროვნული თვისებებისგან დაცლილ ქალს, რომლის არსებობის ერთადერთი მიზანი მთავარი პერსონაჟი კაცის ცოლობაა.

სემ ლევინსონი ჩვენში ემოციების დაპირისპირებას იწვევს, ნელნელა გვიმხელს მალკოლმის და მერის ურთიერთობის დეტალებს და ჩვენი დამოკიდებულებაც ამ პერსონაჟებისადმი მუდმივად მერყეობს, თუმცა მაინც ცხადად ჩანს ეგოცენტრული, მანიპულატორი მამაკაცის სახე. საინტერესოა ფილმის ერთგვარი „ფაზები“: კონფლიქტიდან სიცილამდე, სიცილიდან ყვირილამდე. მაყურებელი მერისთან ერთად იაზრებს როდის უბნელდება აზრები მალკოლმის სიტყვების გამო და მასთან ერთად ყოველ ნაბიჯში ინგრევს ილუზიებს.

ფილმის ემოციები მუსიკითაც გადმოიცემა, დასაწყისში, მაშინ როცა კონფლიქტი დაწყების პირას იყო, მუსიკა ინტენსიურობას იმატებს, ჩვენც პერსონაჟებთან ერთად ვიძაბებით და ვხვდებით რას გვიმზადებს ლევინსონი მომავალი საათნახევრის განმავლობაში. მუსიკა ერთგვარი კონტაქტის საშუალებაცაა პერსონაჟებისათვის: უილიამ ბელის, დიონ უარვიკისა და სხვების ლირიკა მათ სათქმელს საუკეთესოდ გადმოსცემს.

საბოლოო ჯამში, ფილმი ერთ სივრცეში მოქცეული, პირდაპირი ისტორიაა ორი ადამიანის შესახებ, რომელიც თქვენივე გრძნობებში შეგატანინებთ ეჭვს. მსახიობების ძლიერი შესრულება ჩაგახედებთ ადამიანების ისეთ ემოციებში, რომლებსაც, ძირითადად, ერიდებიან და ალამაზებენ.

სალომე ზეინკლიშვილი: 9/12

„მალკოლმი და მერი“ სემ ლევინსონის უახლესი ფილმია, რომლის გადაღებაც კოვიდ-პანდემიის პერიოდში „საიდუმლოდ“ მიმდინარეობდა. ფილმის ტრეილერი ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ხოლო პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა.

ფილმში მთავარ როლებს ზენდაია და ჯონ დევიდ ვაშინგტონი ასრულებენ, ისინი წარმოადგენენ ფილმის ერთადერთ პერსონაჟებსაც. მოცემული ფილმი არამხოლოდ იმითაა აღსანიშნავი, რომ მხოლოდ ორი მსახიობი ყავს, არამედ საინტერესო მახასიათებელია ისიც, რომ ფილმი შავ-თეთრია. ეს ელემენტი ნამუშევრის შინაარსს ზუსტად მიესადაგება და განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ამავე დროს, ფილმის მიმდინარეობას იდეალურად ერწყმის საუნდტრეკები, განსაკუთრებით Labrinth-ის ნამუშევარი.

ასევე საინტერესოა ის, რომ ფილმის მთელი სიუჟეტი წყვილის სახლში ვითარდება, რაც ერთგვარად მოგაგონებთ იზოლაციას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტუალური თემა იყო გასულ წელს, თუმცა, მეორე მხრივ პერსონაჟები საუბრობენ ფილმის პრემიერაზე, რაც თავის მხრივ მიანიშნებს არაპანდემიური ცხოვრების სტილზე. ამით ფილმში საინტერესო კონტრასტი იქმნება.

ფილმი ასევე მნიშვნელოვანია იმით რომ ზენდაიამ შეძლო თავისი სამსახიობო უნარების სრულყოფილად წარმოჩენა. კერძოდ, ამ პროექტში ის მოგვევლინა არა როგორც თინეიჯერი, არამედ უკვე მოზრდილი პერსონაჟი. ეს მისი ფილმოგრაფიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია, ვინაიდან მსახიობი აქამდე თინეიჯერული როლებით იყო მაყურებლისთვის ცნობილი.

ნამუშევარში წარმოჩენილია წყვილის საღამო – საღამო, რომელიც მალკოლმისათვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან მისი ფილმის პრემიერა შედგა, მათი დიალოგი და კამათიც სწორედ ამასთან დაკავშირებული დეტალიდან იწყება, თუმცა, როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, პრობლემა ამაზე ბევრად უფრო კომპლექსურია. როგორც ხდება ხოლმე, ამ პრობლემის სიღრმეებიც სწორედ კამათის განვითარებასთან ერთად ჩანს. ფილმში, ერთი მხრივ, წარმოჩენილია ტიპიური ურთიერთობის და მისი თანმდევი სიძნელეების მაგალითი. ამასთან ერთად ჩანს, როგორ უმკლავდება წყვილი ამ პრობლემებს და როგორ განიხილავს მას რიგ შემთხვევაში კონსტრუქციულად, ხშირად კი პირიქით, ქაოსურად.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფილმი საინტერესოა თავისი შინაარსით, გადაღებითა და სამსახიობო შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ მასში მხოლოდ ორი მსახიობი მონაწილეობს, ის საკმაოდ დინამიურია და მისი ყურებისას მოწყენა რთულია. ამავე დროს, ფილმი ერთდროულად ბევრ ემოციას მოგგვრით, საბოლოოდ კი წყვილთან ერთად გაივლით იმ გზას, რასაც ისინი ერთმანეთის გრძნობებსა თუ ფიქრებში გამორკვევისას გადიან.

საბოლოო შეფასება: 10/12