90-იანების ოცნების გოგო | სტილი, რომელიც არ კვდება

ოდესმე შეგიხედავთ 90-იანების ფილმებისა და სერიალების პერსონაჟებისათვის და გიფიქრიათ, რომ მათ საოცნებო გარდერობი აქვთ? რომ მათ შესახედაობაში ყველაფერი, უმცირესი დეტალების ჩათვლით, თავის სიმარტივეში იდეალურადაა აწყობილი და შეხამებული? იქნებ, გინატრიათ, რომ ეს ჩაცმულობა, ხასიათი, სტილი, მათი რომანტიკული ცხოვრების სხვა ასპექტებთან ერთად, ჯადოსნურ ხელს თქვენთვისაც გადმოელოცა? დიახ, დედამიწაზე ოდესმე ესთეტიკის სამოთხე თუ იყო, 90-იანების ოცნების გოგონები ნამდვილად მასში ცხოვრობდნენ.

ვინ არის 90-იანების ოცნების გოგო?

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 30 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ეს სტილი ნებისმიერ დროსა და ეპოქაში ზედმეტი ძალდატანების გარეშე პოულობს ადგილს. ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნებისმიერი დრო და ადგილი, ადრე თუ გვიან, პოულობს მას. სტილის მთავარი ელემენტები ელეგანტურობასთან შეზავებული სიხალისე და კლასიკურობასთან შერეული სითამამეა. სტილმა უდიდესი შთაგონება მიიღო იმ პერიოდში პოპულარული პანკ-როკის მიმდინარეობისაგან. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საუკუნის ბოლოს საზოგადოებაში ფეხმოკიდებულმა ფემინიზმმა მაყურებელს ქალი პერსონაჟები ახლებური ხედვით წარუდგინა. სტილის მთავარი შთაგონების წყაროდ 1994 წლის შანელის ჩვენებაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელშიც ისეთი მოდელები მონაწილეობდნენ, როგორებიც იყვნენ ნაომი კემპბელი და კარლა ბრუნი და რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოდის სამყაროში, როგორც თავისი სითამამით, ასევე დახვეწილობით.

მას შემდეგ დეკადები გავიდა, ეს სტილი კი კვლავ მეორდება თაობების ცვლასთან ერთად. მართლაც, 90-იანების ათწლეული ყოველთვის რელევანტურია, 90-იანების ოცნების გოგონა კი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ უძლებს იგი დროის გამოწვევებს. კითხვაზე: „ვის ან რას წარმოადგენენ ეს სახეები?“ პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნება, თუ არ დავასახელებთ იმ კონკრეტულ პერსონაჟებს, რომელთაც ამ ფრაზას ტიტულის მნიშვნელობა შესძინეს.

„ოცნების გოგონები“ ფილმებში და მოდაში

შერ ჰოროვიცი, საკულტო ფილმიდან „სულელი“ („Clueless“) ამ სტილის ერთ-ერთ მთავარ მაგალითს წარმოადგენს. „Clueless“-ის კოსტუმების დიზაინერი, მონა მეი, ამბობს, რომ შერის იმიჯის შექმნისას თავში ერთი იდეა უტრიალებდა: გოგონა მზესავით უნდა ყოფილიყო გამოკვეთილი ყოველ სცენაში. ასე დაიბადა ცნობილი ყვითელი ანსამბლი, რომელსაც შერი სკოლის ფორმად ატარებდა. მისი ფოტოები დღესაც, ფილმის გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ, უწყვეტლივ ტრიალებს ინტერნეტში, მის ვარიაციებს ქმნიან მოდის სახლები, მასზე დაფუძნებულ ინტერპრეტაციებს აწარმოებენ ე.წ. „სწრაფი მოდის“ ბრენდები, როგორებიცაა Stradivarius, Forever 21, H&M და ა.შ.

არანაკლები შთაბეჭდილება დატოვა ამავე ფილმის კიდევ ერთმა პერსონაჟმა – დიონმა. იგი შერის საუკეთესო მეგობარი და თანასკოლელია. მიუხედავად იმისა, რომ დიონი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, სტეისი დეშის ქარიზმამ და დიონის საკულტო კოსტიუმებმა იგი მაყურებლისა და მოდის ყველა თაყვანისმცემლის გულში მოახვედრა. მონა მეი დიონის ჩაცმისას ცდილობდა, ისეთი ახალგაზრდა ქალის სახე დაეხატა, რომელიც დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და შინაგან სიძლიერესთან ერთად საკუთარ უნიკალურობასა და სინაზეს არ კარგავდა.

რეიჩელ გრინი სერიალიდან „მეგობრები“ (ასევე, ამ სერიალის დანარჩენი პერსონაჟებიც) 90-იანების მოდის განმსაზღვრავ სახედ იქცა. ჯენიფერ ენისტონის მიერ შესრულებული ამ პერსონაჟის შთაგონებით დამკვიდრდა ცნობილი ვარცხნილობა, სახელად „რეიჩელი“, რომელიც დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. რეიჩელის ჩაცმულობა შოუს მიმდინარეობის განმავლობაში ყოველ წელს იწვევდა ახალი ტრენდების დაბადებას, იქნებოდა ეს ქუჩის სტილის აღმავლობა თუ მინი-კაბების ახალი სიცოცხლე. პერსონაჟის სიყვარული მოდის სამყაროსადმი და მისი კარიერა ამ სფეროში კი ზუსტად რომ კონტექსტისთვის შესაფერისი იყო.

შეუძლებელია, ვისაუბროთ 90-იანებზე ამ ათწლეულის ამომავალი ვარსკვლავის, ვაინონა რაიდერისა და მისი პერსონაჟების ხსენების გარეშე. ვაინონა რაიდერი, რომელმაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ მიაღწია პოპულარობის მწვერვალს, 90-იანების სახე იყო. იგი მთავარ როლებს თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „შეწყვეტილი ცხოვრება“, „ედვარდ მაკრატელხელება“, „ჰეზერები“, „დრაკულა“ და ა.შ. მისი თავდაჯერებული და იდუმალი იმიჯი საზოგადოების მხრიდან უდიდესი თაყვანისცემის მიზეზი იყო, მისი ყველაზე ცნობილი სახეები კი დღესაც ახალგაზრდების ინსპირაციის წყაროა.

90-იანების კიდევ ერთი საკულტო სახეა ლივ ტაილერი. იგი ცნობილი იყო, როგორც არამარტო მსახიობი, არამედ მომღერალი, რეჟისორი და აქტივისტიც. მან მაყურებლის უდიდესი სიმპათია დაიმსახურა ფილმებში „Empire Records“ (1995) და „Stealing Beauty“ (1996) შესრულებული მთავარი როლებით. ძალიან მალე, ლივ ტაილერი თავისი თაობის სახე გახდა. 2000-იანებში მან კარიერა გააგრძელა, როგორც „გაეროს ბავშვთა ფონდის“ ელჩმა, ამ მნიშვნელოვანი საქმიანობითა და გამოსვლებით საკუთარი თავის რწმენისა და სიკეთის შესახებ ტაილერმა შესანიშნავი მაგალითი დაუსახა თაყვანისმცემლებს.

ამერიკაში დაბადებული იაპონური წარმომავლობის მსახიობი, დევონ ეიოკი, 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო. ჯერ კიდევ 14 წლიდან, იგი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყო Balenciaga, Comme des Garçons, Chanel. მიუხედავად იმისა, რომ „ფორსაჟის“ მეორე ნაწილში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა, დევონ ეიოკიმ თავისი პერსონაჟი, სუკი, სტილის სახედ აქცია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი 90-იანების გოგონას გადასვლას ორიათასიანების მოდის სამყაროში.

შთაგონება

თუ გსურთ, მიეცეთ 90-იანების ნოსტალგიის სამყაროს და მოიძიოთ როგორც ჩაცმულობის შთაგონება, ასევე ფილმების რეკომენდაციები, გირჩევთ, ამ ინსტაგრამ გვერდებს შეავლოთ თვალი.