აღმოაჩინე არტისტი: დეკლან მაკქენა

დეკლან მაკქენა მუსიკალურ ინდუსტრიაში საკმაოდ ახალ არტისტად ითვლება, მისი გაცნობა ხალხმა პირველად 2015 წელს გლასტონბერის ფესტივალის მოგების შემდეგ შეძლო და წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება მომღერლის აუდიტორია. მაკქენას სიმღერებში ერთმანეთს ერწყმის პერსონალური და გლობალური პრობლემები, ერთ სიმღერაში ის ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაზე მღერის, შემდეგში კი მეგობრებისადმი დამოკიდებულებაზე.

Photo Credits to Sony Music

მომღერლის პირველი სინგლი, „Brazil”, „FIFA”–ს მიერ 2014 წლის მსოფლიო თასის ბრაზილიისთვის გადაცემის პროტესტია, ამ სიმღერაში მაკქენა განიხილავს ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის იგნორს და კორუფციას, რომელიც მსგავსი დიდი ორგანიზაციების წარმომადგენლებში ხშირად იჩენს თავს. ეს სინგლი გახდა მისი კარიერის საწყისიც. მაკქენა თემას მოგვიანებითაც არ ღალატობს, მისი სიმღერა “British Bombs”, ომისა და ძალადობისგან სრული გამიჯვნაა, „NME“–სთან ინტერვიუში ის აკრიტიკებს ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას და მთავრობის მიერ იარაღების მომარაგებაზე დახარჯულ ფინანსებს – „მსგავს ქმედებებში იგულისხმება, რომ მსოფლიოს მოვლენები ზედმეტად კომპლექსურია იმისთვის, რომ ომით არ დამთავრდეს“–  ამბობს მომღერალი და თვლის, რომ იარაღის მასიური შესყიდვით ქვეყნები უსიტყვოდ თანხმდებიან ძალადობის გარდაუვალობაზე.

მომღერლისთვის მნიშვნელოვანია ისეთი თემებიც, როგორიცაა ჰომოფობია და ტრანსფობია. მისი ერთ–ერთი სიმღერის, „Paracetamol”–ის ინსპირაცია  ტრანსგენდერი გოგონას, ლილა ალკორნის სუიციდი იყო. სიმღერა ავტორიტეტული ფიგურის გადმოსახედიდანაა დაწერილი, რომელიც საუბრობს მის მიერ სხვებზე ძალადობაზე, თუმცა ემიჯნება ამ პროცესს და ოფიციალურობის ფარგლებში განიხილავს.

დეკლანი არ თვლის, რომ მისი სიმღერებით ახალ სიტყვას ამბობს პოლიტიკაში, ის თავის შემოქმედებას უბრალოდ ჩართვას უწოდებს იმ საუბრებში, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდებში უკვე არსებობს. ეს სიმღერები მისთვის აქტივიზმის ერთგვარი საწყისია, რომელსაც ის თითოეულ ინტერვიუსა თუ უბრალო საუბრებში აგრძელებს.

Photo Credits to Sony Music

საინტერესოა მომღერლის სტილის განვითარებაც. მისი ორი ალბომის მოსმენისას აუცილებლად შეამჩნევთ განვითარების პროცესს, ერთიდან მეორემდე, თითოეულ სინგლში თუ EP–ში ჩანს მისი გზა საკუთარი თავისა და ხმის აღმოჩენისკენ. არტისტი თავის ინსპირაციებად სუფიან სტივენსს, დევიდ ბოუის და ბითლზს ასახელებს. სიცოცხლით სავსე, ენერგიული მელოდიების შეხამება უხეშ თემებთან, მისი ხმის განსხვავებული ჟღერადობა და სტილი მის შემოქმედებას მარტივად ამოსაცნობს ხდის. დეკლანი ერთ–ერთია იმ მომღერალთაგან, რომელთა სიმღერების მოსმენისთანავე ამოიცნობთ მათ ხელწერას.

მაკქენა თავისი ცოცხალი შესრულებების სიძლიერითაც გამოირჩევა, თითოეულ მის პერფორმანსში ვხედავთ მთელი არსებით შესრულებულ სიმღერებს და მისი ემოციურობით ცხადი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თემა მომღერლისთვის. მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენამდე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის პროცესი, რომელსაც ის ახლა გადის.

მომღერლის გაცნობის დასაწყებად გთავაზობთ ხუთ რჩეულ სიმღერასა და შესრულებას: