Off The Wall | პოპის მეფის დაბადება

Off The Wall მაიკლ ჯექსონის მეხუთე სტუდიური ალბომია, რომელიც 1979 წელს გამოვიდა. ალბომი ჯექსონის სამიდან პირველი კოლაბორაციაა პროდიუსერ ქუინსი ჯოუნსთან. Off The Wall-ს თორმეტ ქვეყანაში აქვს პლატინის წოდება მიღებული, მხოლოდ აშშ-ში კი მისი ცხრა მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი სწორედ ამ ალბომის რეტროსპექტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ.

ლევან აბაშიძე : 12/12

მაიკლ ჯექსონის „პოპის მეფედ“ მოხსენიება დღეს რიგით მოვლენად ითვლება, თუმცა მომღერალს ამ წოდების მიღება თავისი მეხუთე ალბომის „Off The Wall“ გარეშე ნამდვილად გაუჭირდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ჯექსონს რამდენიმე სოლო ალბომი უკვე ჰქონდა გამოშვებული, არცერთ მათგანს არ ეტყობოდა, რომ მაიკლი „The Jackson 5”-ს გავლენისგან ბოლომდე თავისუფალი იყო. ამის მთავარ მიზეზად ყოფილი ბენდის პროდიუსერთან თანამშრომლობის გაგრძელება მიმაჩნია. საპირისპიროდ, “Off The Wall”-ისთვის ჯექსონმა ინდუსტრიის მომავალ ლეგენდასთან, ქუინსი ჯოუნსთან, კოლაბორაცია გადაწყვიტა.

ალბომი მუსიკალურად ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ: პირველი ნახევარი უფრო მაღალტემპიანი სიმღერებითა და ბასის გამორჩეული პარტიით გამოირჩევა, მეორე ნაწილში კი სოულისა და R&B-ის ელემენტები ჭარბობს. ვფიქრობ, Off The Wall ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დასაწყისის მქონე ალბომად უნდა მივიჩნიოთ : პირველივე სიმღერის „Don’t Stop ‘Til You Get Enough“ სინთეზატორის ინტრო ამყოლი და ადვილად განმეორებადია და მთელი ალბომის ხასიათს ქმნის. ზემოხსენებული კომპოზიცია იმდენად გავლენიანია, რომ დღემდე არაერთი მუსიკოსის ინსპირაციის წყაროდ ქცეულა. აქვე უნდა აღინიშნოს ქუინსის გავლენა : როგორც ჯოუნსმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ჯექსონი სიმღერიდან ინტროს ამოღებას აპირებდა, თუმცა ეს მონაკვეთი ქუინსის დაჟინებული მოთხოვნის გამო საბოლოოდ ალბომში მაინც შევიდა.

ფანკისა და დისკოს ჟანრის სიმღერებს ალბომის სახელის მქონე ტრეკამდე მოისმენთ და შეეჩვევით. შეიძლება შემდეგ სოულზე გადართვა გაგჭირვებოდათ, რომ არა პოლ მაკარტნის დაწერილი „Girlfriend”. ეს უკანასკნელი და მისი მომდევნო სამი კომპოზიცია მაიკლის მრავალმხრივობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯექსონთან ერთად მუსიკაზე სოულისა და პოპის ლეგენდები, სტივი უანდერი და პეტი ოსტინი, მუშაობდნენ. ალბომი თავის მთავარ ხაზს უკანასკნელი სიმღერით „Burn This Disco Out” უბრუნდება და ფანკის ციკლს კრავს.

Off The Wall ჯექსონის მეორედ დაბადებად შეგვიძლია მივიჩნიოთ – ალბომით ის საკუთარი ოჯახის გავლენას გამოეყო და პირადი, ექსპერიმენტული სტილი ჩამოაყალიბა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Off The Wall-ის გარეშე ვერ შეიქმნებოდა პოპსა და, ზოგადად, მუსიკაში ახალი სტანდარტებისა და რეკორდების დამამკვიდრებელი Thriller.

თამუნა კირკიტაძე: 12/12

„Off The Wall“ ამერიკელი მომღერლის, ,,პოპ-მუსიკის მეფის“, მაიკლ ჯექსონის რიგით მე-5 ალბომია, რომელიც 1979 წლის 10 აგვისტოს გამოვიდა და მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა. იგი 20 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა და მომღერალს პირველი „გრემი“  მიაღებინა.

ალბომში ტრადიციული პოპ ჟღერადობის პარალელურად ვისმენთ დისკოს, ფანკისა და რიტმ-ენდ-ბლუზის ჟღერადობასაც. სულ მოცემულია 10 ტრეკი.  სიმღერები ენერგიული, ძლიერი, მხიარული, ხმაურიანი და ამავდროულად ემოციურია; საინტერესოა როგორც მელოდიურად, ისე შინაარსითაც. „Off The Wall“-ის მეშვეობით მუსიკოსის კარიერა გადავიდა ახალ ეტაპზე. საზოგადოებამ მაიკლ ჯექსონი გაიცნო, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა დიდი შესაძლებლობებითა და მომავლით. ალბომმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოპის განვითარებასა და ბედის გადაწყვეტაში.

ყველაზე პოპულარული გახდა სიმღერა ,,Don’t Stop ‘Til You Get Enough”, რომელიც ერთგვარ მოწოდებას წარმოადგენს. ტექსტის ავტორი თავად მაიკლ ჯექსონი გახლავთ; ეხება სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას, მოგვიწოდებს არ გავჩერდეთ მანამ, სანამ არ მივიღებთ საკმარისს.  მაშინ მომღერალს არ ჰქონდა დიდი გამოცდილება, თუმცა, თუ მელოდიასა და სიტყვებს დავაკვირდებით მივხვდებით, რომ მან სათქმელი საკმაოდ ღრმა შინაარსით გადმოგვცა.

მნიშვნელოვანია ემოციური ბალადა  ,,She’s Out of My Life“. ამ სიმღერის ბოლოს მას  ემოციისგან თვალები აუცრემლიანდა და ხმა აუკანკალდა, შესაბამისად ტრეკი მსმენელშიც დიდ ემოციას იწვევს. ის სხვებთან შედარებით ნაკლებად ენერგიული და ჯექსონის ნელი  სიმღერებიდან ერთ-ერთია.  ასევე პოპულარობით სარგებლობდა ,,Rock With You“,  რომლის მელოდია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ცეკვის განწყობაზე გვაყენებს.

ალბომი გვაცნობს არა მხოლოდ მომღერლის მუსიკალურ შესაძლებლობებს, არამედ მის  თვისებებსა და გამოცდილებასაც. იგრძნობა მისი პიროვნული სიძლიერე, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. ამ მხრივ საინტერესოა ,,Working Day And Night“.

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან არაერთი წელი გავიდა, „Off The Wall“  კი მსმენელთა სიყვარულსა და ყურადღებას დღემდე იმსახურებს. იგი მოსმენისას არაერთ თემაზე დაგაფიქრებთ, გაგართობთ, განწყობას აგიმაღლებთ, დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ და ,,პოპ მუსიკის მეფედ“ წოდებულ მომღერალს უკეთ გაგაცნობთ.

საბოლოო შეფასება: 12/12