ბოლო წლების განმავლობაში უამრავმა უმნიშვნელოვანესმა მუზეუმმა გადაწყვიტა გამოფენების ონლაინ მოწყობა, რათა ადამიანებისათვის მსოფლიოს ირგვლივ შესაძლებელი ყოფილიყო ხელოვნების შედევრების სახლიდან დათვალიერება. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მსგავს გამოფენათა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. თორმეტი გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო გამოფენას, რომელთა ნახვაც ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ.
ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი

ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებით მონუსხულ დამთვალიერებლებს, მოცემული მუზეუმი, რომელიც ამსტერდამში მდებარეობს, საშუალებას აძლევს იხილონ მხატვრის შემოქმედების უდიდესი კოლექცია. საზოგადოებისათვის ონლაინ ხელმისაწვდომია მუზეუმის უდიდესი ნაწილი, რაც მოიცავს ასეულობით ნახატსა და მხატვრის პერსონალურ წერილებს. მუზეუმი საუკეთესოდ ასახავს ვან გოგის შემოქმედების გარდამტეხ მომენტებს და საინტერესო მონაკვეთებს, რისი დანახვაც თავად მუზეუმის მდებარეობითა და გარშემო არსებული მზესუმზირების მინდვრითაც შესაძლებელია.
უფიცის გალერია, ფლორენცია

უფიცის გალერია მოიცავს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვარის, მედიჩების მიერ შეგროვებულ ხელოვნების ნიმუშთა კოლექციებს. შენობა თავად ჯორჯო ვაზარის მიერაა დაპროექტებული, რაც ამ გალერიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. გალერია კოზიმო მედიჩისათვის აიგო, თუმცა, დღეს დამთვალიერებელს მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეუძლია ამ ულამაზესი შენობისა და ხელოვნების უამრავი ნამუშევრის დათვალიერება. გალერიაში განთავსებული კოლექციები მოიცავს ისეთ ხელოვანთა ნამუშევრებს, როგორებიც არიან: რაფაელი, ლეონარდო და ვინჩი, ტიციანი, ბოტიჩელი და სხვა.
ბრიტანული მუზეუმი (British museum), ლონდონი

ეს ლეგენდარული მუზეუმი, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს, დამთვალიერებელს აძლევს საშუალებას ერთ სივრცეში მოინახულოს როზეტის ქვა და უძველესი მუმიები. მუზეუმი მდიდარია ათასობით არტეფაქტით. მოცემული მუზეუმი ზემოთ ხსენებული მუზეუმებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ყურადღება გამახვილებულია ისტორიაზე. მუზეუმი ცნობილია მისი უძველესი თუ უდიდესი კოლექციებით, რომელთა დიდი ნაწილიც ბრიტანული იმპერიის პერიოდში იქნა მოპოვებული. შესაბამისად, თუკი თქვენი ინტერესები ისტორიული არტეფაქტების დათვალიერებას მოიცავს შეგიძლიათ ეს შანსი თამამად გამოიყენოთ.
ორსეის მუზეუმი (Musse D’orsay), პარიზი

დღეს უკვე შესაძლებელია ორსეის მუზეუმს ვირტუალურად ეწვიოთ, მოცემული მუზეუმი ინახავს ფრანგი მხატვრების ნამუშევრებს, რომლებიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. აქ შეგხვდებათ არა მხოლოდ ნახატები, არამედ სკულპტურები, სხვადასხვა ავეჯი და ფოტოგრაფიული ნამუშევარიც კი. სახვითი ხელოვნების ეს მუზეუმი იმით გამოირჩევა, რომ იმპრესიონისტთა ნამუშევრების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს. მუზეუმში ნახავთ ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ვან გოგი, პოლ გოგენი, კლოდ მონე, მუნკი და სხვა.
პერგამონის მუზეუმი, ბერლინი

პერგამონი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმს წარმოადგენს, შესაბამისად დამთვალიერებლებისათვის მრავალფეროვანი ნამუშევრების შეთავაზება შეუძლია. მოცემული მუზეუმიც მისი ისტორიული კონცეფციით გამოირჩევა, ამიტომ, აქაც შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ისტორიული არტეფაქტი, მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორიცაა ბაბილონის კარიბჭე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ბერძნული თუ რომაული არქიტექტურისა და სკულპტურების განუმეორებელი ნიმუშები.
გუგენჰაიმის მუზეუმი, ნიუ-იორკი

გუგენჰაიმის მუზეუმის ცნობილი არქიტექტურისა თუ ინტერიერის დათვალიერება დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. მუზეუმში იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების ნამუშევრების გვერდით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებიც, ეს მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო მახასიათებელს წარმოადგენს. მუზეუმი თავდაპირველად მოდერნისტების მიერ დაფუძნდა და მის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ ხელოვანს, როგორიცაა ვასილ კანდინსკი. შენობის არქიტექტურა იდეალურად ერწყმის, როგორც თავად მუზეუმის მიზანს, ასევე მასში წარმოდგენილი ნამუშევრების იდეასა და მახასიათებლებს.