Netflix-ის განახლებული აპლიკაცია ავტომატურად ჩამოტვირთავს შოუებსა და ფილმებს, რომლებიც თქვენ დაგაინტერესებთ

Netflix-ს მომხმარებლებისთვის საკმაოდ საინტერესო სიახლე აქვს. კერძოდ, კომპანიამ შექმნა ფუნქციონალი, რომელიც ავტომატურად ჩამოტვირთავს იმ სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებს, რომლებიც შეიძლება გაინტერესებდეთ – ამას კი აპლიკაცია თქვენი პრეფერენციებისა და ნანახი ფილმებისა და შოუების ისტორიიდან გამომდინარე გააკეთებს. შერჩეული ფილმების ნახვა კი ინტერნეტთან წვდომის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

Photo Courtesy of Netflix

ახალი ფუნქცია – Downloads For You –  Netflix-ის Android აპლიკაციაში 22 თებერვლიდან გახდა ხელმისაწვდომი. როგორც Netflix ამბობს, Downloads For You-ს  iOS ვერსიაშიც მალე ვიხილავთ.

Netflix-მა სამი წლის წინ პირველად წარადგინა Smart Downloads ფუნქიონალი, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს, მისთვის საყვარელი შოუს ან სერიალის შემდეგი ეპიზოდი ინტერნეტთან წვდომის გარეშე ენახა. ახლა კი Netflix ცდილობს მომხმარებლების მოხიბვლას მთლიანი პროდუქტის შეთავაზებით სმარტფონზე ან ტაბლეტზე. ასე რომ, თქვენთვის საინტერესო გადაცემების ყურება შესაძლებელია მაშინაც კი, თუ ინტერნეტი გათიშულია.

„მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ Downloads For You. ადამიანებს, რომლებიც ახალ ფუნქციონალს აირჩევენ, ავტომატურად გადმოწერილი შოუები და ფილმები ექნებათ მათ მოწყობილობებზე და ეს ყველაფერი მხოლოდ მათ გემოვნებაზე იქნება მორგებული“ – ნათქვამია პატრიკ ფლემინგის, Netflix–ის ინოვაციური პროდუქტების დირექტორის განცხადებაში – „ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მარტივი გახდეს თქვენთვის ახალი სერიალისა თუ ფილმის პოვნა, მიუხედავად იმისა, დაკავშირებული ხართ თუ არა ინტერნეტთან“.

Netflix-მა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ Downloads For You-ის გამოყენებისას, მომხმარებლები თვითონ აკონტროლებენ იმ ფილმების, შოუებისა თუ ვიდეოების რაოდენობას, რომლებსაც პროგრამა მათ მოწყობილობაზე ჩამოტვირთავს.

ფუნქციონალის ჩასართავად, მომხმარებლები უნდა გადავიდნენ აპის ჩამოტვირთვების ჩანართზე და ჩართონ Downloads For You. შემდეგ მათ შეუძლიათ აირჩიონ მაქსიმალურად სასურველი შინაარსის მოცულობა – 1 გიგაბაიტი, 3გბ ან 5გბ და ამის შემდეგ გააქტიურონ ფუნქცია. ცხადია, რაც უფრო მეტ ადგილს მისცემთ თქვენს მოწყობილობაზე, მით მეტ „რეკომენდაციას“ ჩამოტვირთავს Netflix თქვენთვის.