Spotify-ს გზამკვლევი – რა უნდა ვიცოდეთ?

Photo Credits to Spotify

22 თებერვალს მუსიკის სტრიმინგის სერვისმა Spotify-მ ქართველი მსმენელისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა : აპლიკაცია რამდენიმე დღეში საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი. ქართულ მარკეტზე Spotify-ს გამოჩენამდე „თორმეტი“ აპლიკაციასა და სერვისს მოკლედ მიმოიხილავს და ქართველ მსმენელს კონკრეტულ დეტალებს გააცნობს.

მსმენელზე მორგებული ალგორითმი

Photo Credits to Androidpolice

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Spotify კონკურენტ აპლიკაციებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ალგორითმით გამოირჩევა. მომხმარებელს სიმღერა მოსმენილად იმ შემთხვევაში ეთვლება, თუ 30 წამის განმავლობაში მაინც ექნება ჩართული. მოსმენილი და მოწონებული სიმღერების შესაბამისად აპლიკაცია მსგავსი სიმღერებით შედგენილ ფლეილისთებს გვთავაზობს.

საკუთარი ფლეილისთის გაკეთების შემთხვევაშიც კი აპლიკაცია თქვენ მიერ არჩეული სიმღერების მსგავს კომპოზიციებს შემოგთავაზებთ, რათა სიაში დაამატოთ. Spotify-ს ასევე აქვს სერვისი, რომელსაც „უნიკალურად თქვენი“ ეწოდება. ამ სათაურის ქვეშ რამდენიმე ფლეილისთი ერთიანდება, რომელსაც აპლიკაცია თავისით ადგენს. თქვენს პროფილზე გამოჩნდება ფლეილისთი იმ სიმღერებისა, რომელთაც ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე ხშირად უსმენთ ან რომელთაც ადრე უსმენდით, თუმცა ბოლო ხანებია მიივიწყეთ.

იგივე სისტემა მოქმედებს ახალ სიმღერებზეც – Spotify თითოეულ მომხმარებელს სპეციალურად მათი გემოვნების მიხედვით შემუშავებულ „ახალი მუსიკის რადარს“ სთავაზობს, რომელიც ყოველკვირეულად ახალი სიმღერებით განახლდება.

კონკრეტული ჟანრები

Photo Credits to Spotify

ხშირია, როდესაც კითხვაზე „რა მუსიკას უსმენ?“ პასუხი არ გვაქვს. Spotify ამ საკითხში ჩვენი თავის შესწავლაში დაგვეხმარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იცით, კონკრეტულად რომელი სიმღერის მოსმენა გინდათ, აპლიკაცია „ძებნის“ გვერდზე თავისით შემოგთავაზებთ იმ ჟანრებსა და ქვეჟანრებს, რომელთაც ყველაზე ხშირად უსმენთ.

ჟანრების გარდა, Spotify მსმენელს სხვადასხვა მახასიათებლით გაერთიანებულ სიმღერებს სთავაზობს. გაინტერესებთ, თუ რა მუსიკას ქმნიან თანამედროვე შავკანიანი არტისტები? გსურთ, რომ დროში იმოგზაუროთ და 1950-იან წლებში ჩაწერილ სიმღერებს მოუსმინოთ? წვეულებაზე კურსელები გყავთ დაპატიჟებული და არ იცით, რას მოუსმინოთ? ამ და სხვა კონკრეტული შემთხვევებისთვის Spotify-ს ინდივიდუალური ფლეილისთები აქვს შექმნილი, რომლებიც თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

პოდკასტები და აუდიო-წიგნები

Photo Credits to Spotify

აღსანიშნავია, რომ Spotify-ს სერვისი მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება. აპლიკაცია პოდკასტებითა და რადიო-შოუებით ერთ-ერთი ყველაზე დახუნძლული სივრცეა – შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო თემებზე შექმნილ აუდიო-გადაცემებს ნებისმიერ დროს მოუსმინოთ. აქ შეხვდებით რეალურ კრიმინალურ ისტორიებს, ფსიქოლოგების რჩევებს, სერიალებისა და ფილმების განხილვებს, ინტერვიუებს ცნობილ სახეებთან და ასე შემდეგ.

2021 წლის დასაწყისში Spotify-მ პლატფორმაზე რამდენიმე კლასიკური ნაწარმოების აუდიოწიგნიც განათავსა, რომელთაც პოპულარული მსახიობები და ინფლუენსერები კითხულობენ. აქ შეგიძლიათ მოისმინოთ დევიდ დობრიკის წაკითხული „ფრანკენშტეინი“, ჰილარი სუონკის „გამოღვიძება“ თუ სინთია ერივოს „დარწმუნება“. სავარაუდოდ, Spotify უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ აუდიოწიგნს შემოგვთავაზებს.

ფინანსური დეტალები

Spotify-ს ორი – უფასო და პრემიუმ – ვერსია აქვს. მობილური აპლიკაციის უფასო ვერსიაში მსმენელს ამა თუ იმ ალბომის ან ფლეილისთის სიმღერების მოსმენა მხოლოდ „Shuffle“-ის გამოყენებით შეუძლია, რადგან კონკრეტულ სიმღერას ვერ ჩართავს. ამასთან, შეუძლებელია სიმღერის რომელიმე ნაწილზე გადახვევა. შეზღუდულია სხვა სიმღერებზე გადართვების რაოდენობა და კომპოზიციების ტელეფონში გადმოწერაც. უფასო ვერსიაში ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც რეკლამებია – სიმღერებს შორის აპლიკაციის  ნახევარწუთიან რეკლამას მოისმენთ.

ზემოხსენებული შეზღუდვები, გარდა სიმღერების გადმოწერისა, არ ეხება კომპიუტერის აპლიკაციის უფასო ვერსიას.

Spotify-ს პრემიუმ ვერსია მომხმარებელზე ბევრად უფრო მორგებულია. მსმენელს აღარ აწუხებს რეკლამები, შეუძლია სასურველი სიმღერის პირდაპირ ჩართვა და, სურვილისამებრ, სხვა სიმღერაზე გადართვა. გაუმჯობესებულია სიმღერების ხარისხიც. რაც მთავარია, პრემიუმის მომხმარებლებს მუსიკაზე წვდომა ინტერნეტის გარეშეც აქვთ.

თავის მხრივ, პრემიუმიც რამდენიმე სხვადასხვაფასიან გეგმად იყოფა, რომელთა გაცნობაც ზემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ. (შენიშვნა: სურათზე მოცემულია საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, მოქმედი ფასები და სისტემა)

სამოთხე არტისტებისთვის

Photo Credits to Spotify

შეუძლებელია უარვყოთ, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია უწყვეტად წინ მიიწევს. სერვისის ქვეყანაში შემოსვლა ქართველი არტისტებისთვის ერთიორად საინტერესო და მომგებიანი უნდა იყოს. Spotify მომღერლებსა და ბენდებს ცალკე აპლიკაციას – Spotify For Artists – სთავაზობს, რომლითაც მათ, პლატფორმაზე მუსიკის განთავსების გარდა, ისეთი სტატისტიკების ნახვა შეუძლიათ, როგორებიც მათი მსმენელის მდებარეობა, ასაკი თუ მუსიკალური გემოვნებაა.

ამის გარდა, არტისტები შეძლებენ საკუთარი მუსიკის გავრცელებასა და პლატფორმაზე ვიზუალური რეკლამების განთავსებას. აპლიკაციის გამოყენება არა მხოლოდ მომღერლებს, არამედ პროდიუსერებსა და კომპოზიტორებსაც შეეძლებათ. ამასთან, Spotify არტისტებს სიმღერების თითო სტრიმზე დაახლოებით 0.4 ცენტს უხდის, რაც აქამდე საქართველოში ყველაზე გავრცელებული სერვისის, Youtube-ს, შემოთავაზებას ხუთჯერ აღემატება.

არც თუ ისე იშვიათად Spotify მომღერლებსა და ბენდებს თავად აპიარებს. სიმღერების ძებნისას შეხვდებით სხვადასხვა მომღერლების მიერ სპეციალურად Spotify-სთვის ჩაწერილ სხვადასხვა სინგლებს, სერვისის ხელშეწყობით შექმნილ ფლეილისთებს და ასე შემდეგ. არც ისაა გამორიცხული, საკმაოდ მალე რომელიმე ქართული ბენდი Spotify-ს საერთაშორისო ჟანრული ფლეილისთების გარეკანზე ვიხილოთ.

Photo Credits to Spotify

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ჩარტები და რეიტინგები. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ჩარტების შემდგენელი სპეციალური სერვისები, საქართველოში მსგავსებს ნაკლებად შეხვდებით. Spotify ქართველ მსმენელს პერიოდულად აუცილებლად შესთავაზებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად მოსმენილი თუ ვირუსულად გავრცელებული სიმღერების სიებს.

Spotify-ს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავი იყო. სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღეში ქართველი მსმენელი Spotify-ს წყალობით იმ კომფორტსა და სიამოვნებას მიიღებს, რომლის გარეშე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოვრება უკვე უჭირთ.