Grunge | ტრენდი თუ ფილოსოფია?

სტილი, რომელსაც დღეს ბევრი მხოლოდ სიგარეტებს, ნეონურ განათებებსა და შავ ფერს უკავშირებს, თავდაპირველად გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში წარმოიშვა და დღევანდელი აღქმისაგან სრულიად განსხვავდებოდა. Grunge მხოლოდ ტრენდი არ არის. მას ფესვები მუსიკის, ფილოსოფიის სამყაროში აქვს გადგმული და უკვე რამდენიმე ათწლეულია ტრანსფორმირებას განიცდის.

რა არის Grunge?

Grunge ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც ჭუჭყი ან მიწა. იგი აღნიშნავს მუსიკის ჟანრს, მოდის სტილს, ან ცხოვრების წესს, რომელიც უკავშირდება 1990-იანი წლების სიეტლის (ა.შ.შ.) და იქ აღმოცენებულ მძიმე როკის კულტურას. ეს ის პერიოდია, როცა ანტი-კონსუმერიზმი და კონტრკულტურა ხელოვანთა და ახალი თაობის წარმომადგენელთა წრეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ისეთმა ბენდებმა, როგორებიც იყო: Nirvana, Pearl Jam, Alice in Chains, Soundgarden თავიანთი შემოქმედებით ამ ახალ მოძრაობას სული ჩაჰბერეს. სტილზე იგრძნობოდა ნიჰილიზმის გავლენაც: თანამედროვე საზოგადოებისაგან იზოლაცია, უიმედობა და იმედგაცრუება ის ელემენტები იყო, რომლებზეც Grunge-ის მუსიკოსები თავიანთ ხელოვნებას აფუძნებდნენ. ისინი მზად იყვნენ, შეწინააღმდეგებოდნენ უსამართლო ცრურწმენებსა და დამოკიდებულებებს, არც კონსერვატორული საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს მიღმა გახედვის ეშინოდათ. საბოლოო ჯამში, ამ ტრენდის აღსაწერად საკმარისია ერთი ფრაზაც: Grunge არის იქ, სადაც ამბოხებაა.

Grunge პოპ-კულტურაში

1989 წელს, ამერიკულმა როკ ბენდმა, სახელად Nirvana, თავისი პირველი ალბომი, „Bleach“ გამოაქვეყნა. იგი მენტალურ პრობლემებსა და ადამიანის ფსიქიკის ღრმა მხარეებს, ხელოვნების ანტიმატერიალისტურ აღქმას უკავშირდებოდა. ნირვანას შემდგომ წლებში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი და მიმბაძველი გამოუჩნდა, Grunge-ის, როგორც ფილოსოფიურ ჭრილში დანახული ცხოვრების სტილისა და მუსიკის ჟანრის, პოპულარობამ კი 1991- 1997 შუალედში პიკს მიაღწია.

მოდის სამყაროში ამ პერიოდის ტანისამოსი გამოირჩეოდა მუქი ტონალობებითა და შედარებითი მინიმალიზმით. საქმე ისაა, რომ Grunge-ის მიმდევრები ძირითადად არც ისე მდიდარი ახალგაზრდები და ხელოვანები იყვნენ. მათ საკუთარი თავის გამოხატვა მკაცრად შეზღუდულ ეკონომიკურ პირობებში მოახერხეს, და ეს გარემოება დიდად არც აწუხებდათ. ისინი თვლიდნენ, რომ ნივთების შეძენის სურვილი და სიხარბე აზიანებდა ადამიანს, ხელს უშლიდა მას რეალური პრობლემების დანახვაში. ამ დროს ძალიან პოპულარული იყო მეორადი ტანისამოსის მაღაზიები, ე.წ. „thrift“ დაწესებულებები. ტყავის ქურთუკი, დახეული ჯინსის შარვალი და რომელიმე ბენდის წარწერიანი მაისური ამ პერიოდის კლასიკური იმიჯი იყო. სწორედ ამ პერიოდს უნდა ვუმადლოდეთ ცნობილი „ჩოკერების“ ტრენდის დაწყებასაც, რომელმაც ორიათასიანების მიწურულსა და 2010-იანების დასაწყისშიც შეგვახსენა თავი. ამ სტილს კარგად ასახავს 90-იანების მრავალი სერიალი. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია My So-Called Life, სერიალი თინეიჯერი გოგონას, ენჯელას (კლერ დეივისი) ჩვეულებრივ და ამავდროულად განსაკუთრებულ ცხოვრებაზე. Grunge ესთეტიკის ფილმების სიას ასევე მიეკუთვნება შემდეგი ნამუშევრები: Heathers (1989), Edward Scissorhands (1990), The Craft (1996) და მრავალი სხვა.

Grunge-ის სიკვდილი და ხელახლა დაბადება

ამ სტილმა ფართო საზოგადოების აღიარება ძალიან მცირე დროში მოიპოვა და ზოგის აზრით, ეს რელევანტურობა ბოლომდე შეინარჩუნა კიდეც. თუმცა ფაქტია, რომ ნირვანას სოლისტის, კურტ კობეინის ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ Grunge-მა თავისი სულისჩამდგმელი დაკარგა. 90-იანების ბოლო პერიოდიდან მოყოლებული, მისმა მიმდევრებმა თანდათან  დაივიწყეს ის თავდაპირველი ანტიმატერიალისტური იდეოლოგია და დროთა განმავლობაში, ახალი Grunge ძველის ზედაპირულ ვერსიად იქცა. ინტერნეტის ეპოქის დაწყების შემდეგ, ისეთი სოც. ქსელების მომხმარებლები, როგორებიცაა Tumblr, Instagram, (მოგვიანებით, TikTok-იც), შეეცადნენ ამ სტილის ხელახლა გამოღვიძებას. მათმა ნაწილმა ეს მოახერხა კიდეც. შეიქმნა სტილის სუბკატეგორიებიც, მაგალითად, Soft Grunge. იგი 2010 წლიდან გახდა პოპულარული და თავდაპირველ ესთეტიკაში მეტი ფერადი ტონალობებისა და ფემინურობის დამატებას მოიცავდა.

ბევრი ფიქრობს, რომ Grunge-ის ხელახალ პოპულარობას ნეგატიური ასპექტებიც ახლავს თან. სტილის იდეის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მრავალ ადამიანს ნარკოდამოკიდებულებასა და მენტალურ დაავადებებზე რომანტიზებული წარმოდგენა აქვს შექმნილი. ეს უპასუხისმგებლო მიდგომაა, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს იმათთვის, ვინც ამ პრობლემებით რეალურად იტანჯება. საბედნიეროდ, ამ საკითხს დიდი კრიტიკა მოჰყვა როგორც სოც. მედია პლატფორმებზე, ასევე ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში. კიდევ ერთი საკითხი, რაც Grunge-ის თანამედროვე მიმდევრებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ტოლერანტობის მნიშვნელობა. თავად კურტ კობეინი ნირვანას გამოსვლებზე მაყურებელს სთხოვდა, რომ დამსწრე საზოგადოებაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ჰომოფობიურ, რასისტულ და სექსისტურ იდეოლოგიებს უჭერდნენ მხარს, კონცერტი დაეტოვებინათ. ეს ტრენდიც სწორედ ამ მეამბოხე სულის მატარებელია, თვითგამორკვევა და მიმღებლობა კი მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ იგი თანამედროვეობაშიც იპყრობს მრავალი მიმდევრის გულს და მომავალშიც განაგრძობს არსებობას.

შეიძლება, ამ სტილის თანამედროვე გამოვლინებები არაა ისეთი ავთენტური, როგორც ეს Grunge-ის ოქროს ხანაში იყო. სიმართლე რომ ითქვას, ეს შეუძლებელიც იქნებოდა: როგორც ვიცით, ხელოვნება და ტრენდები მუდამ იცვლება, დროისა და საზოგადოების განვითარებასთან ერთად ფორმას იცვლის და ახალ სტანდარტებს ერგება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავიბნეთ საკითხის ზედაპირულ მხარეებზე კონცენტრირებით და გვახსოვდეს, რომ ნამდვილი Grunge რევოლუცია საკუთარი თავის მიღებასა და შეყვარებას უკავშირდება. როგორც კურტ კობეინი ამბობდა: „მირჩევნია, ვძულდე იმისთვის, რაც ვარ, ვიდრე შემიყვარონ იმისთვის, რაც არ ვარ“.

შთაგონება

თუ გსურთ, Grunge-ის კლასიკურ სამყაროსა და მის თანამედროვე ინტერპრეტაციებს შეავლოთ თვალი, გირჩევთ, ამ გვერდებს ეწვიოთ: