ობიექტივის მიღმა | RongRong&Inri

RongRong&Inri ცოლ–ქმრის კოლაბორაციაა, რომელსაც აზიური ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ეს იაპონელი და ჩინელი არტისტები 2000 წლიდან თანამშრომლობენ და დღემდე არაერთი ფოტოგრაფიული სერია შეუქმნიათ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გამოფენილი. მათი ინდივიდუალური ნამუშევრები და ხედვა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და გვაჩვენებს წყვილის ცხოვრებას სხვადასხვა გარემოში.

Photo Credits to Echigo-Tsumari Art Field

ფოტოგრაფების თემა ყველა სერიაში მათი პირადი ცხოვრებაა, ისინი გადმოგვცემენ ყოველდღიურობას ფოტოგრაფიის ენით, ზოგ სერიაში კი გვაჩვენებენ სხვადასხვა ადგილებში წარმოდგენილ თანაცხოვრებას. მათი ხედვა გარეგანი ფაქტორებისგან მაქსიმალურად თავისუფალია, ერთმანეთთან კომუნიკაციით, თუნდაც არავერბალურად, ისინი აღწევენ შედეგებს, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს მსოფლიოს ფოტოგრაფიულ სამყაროში.

წყვილი ერთ–ერთ სერიაში 1994 წელს „Beijing East Village“-ის, ჩინელი არტისტების გაერთიანების დარბევას განიხილავს. ჩინეთის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ ამ და სხვა უამრავმა ჯგუფს ხელოვანთა საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ უბიძგა. „Beijing East Village“-ს წევრებზე, მათ შორის ამ წყვილზე, ძალადობით დანგრეულმა თემმა და გადასახლებამ დიდი გავლენა იქონია და გახდა ინსპირაცია ნანგრევებსა და სხვადასხვა უბნებში გადაღებული სერიისა.

RongRong&Inri–ს ინიციატივით ჩინეთში ფოტოგრაფიული ხელოვნების ცენტრი, „Three Shadows“,  ჩამოყალიბდა, რომელიც ხელს უწყობს ჩინელი არტისტების განვითარებას და კარიერულ წინსვლას. ფოტოგრაფებს წყვილი განხილვის შედეგად არჩევს და მათში ახალ და საინტერესო იდეებს ეძებს.

„ჩვენი კოლაბორაციისას საუბარი საჭირო არ არის, ხანდახან ფოტოგრაფიის ენა და ინტუიციაც საკმარისია. ეს პროცესი ვერბალურობას ცდება, ისევე, როგორც ფოტოებში. თუ ზედმეტად ბევრს იტყვი, მაშინ ფოტოების გადაღება რა საჭიროა?“– ამ სიტყვებს წყვილის „World Photography Organisation“–თან ინტერვიუში ვხვდებით, რომელშიც ისინი თავიანთ კოლაბორაციას ახასიათებენ.  მართლაც, მათი ფოტოები სრულყოფილად გადმოსცემს კონცეფციას, რომელსაც სიტყვებით მარტივად ვერ აღწერ.