შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის მიერ შექმნილი ნამუშევრების გარჩევა

ახალმა კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის მიერ შექმნილ ნამუშევრებს, დაასკვნა, რომ ადამიანთა უმრავლესობას, ძირითადად, არ შეუძლია ამ ნამუშევრების ერთმანეთისგან განსხვავება. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Empirical Studies in the Arts. კვლევის ჩატარების შთაგონება იყო „Edmond de Belamy-ის“ გაყიდვა, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედებითი სტუდიის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული პორტრეტია და ის შექმნილია არა ადამიანის ფანტაზიით, არამედ გრძელი ლოგარითმული ფორმულებით. ამის მიუხედავად, პორტრეტი შეაფასეს, როგორც ხელოვნების „მომავალი“ და ის Christie’s-ის ცნობილ აუქციონზე 0.5 მილიონ დოლარად გაიყიდა 2018 წელს.

Human vs AI artworks / Courtesy of Harsha Gangadharbatla, Empirical Studies of the Arts

აღსანიშნავია, რომ „ედმონდ დე ბელამის“ პორტრეტის გაყიდვასა და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟამდეც ჩატარდა მსგავსი კვლევა, კერძოდ, 2017 წელს, როდესაც ხალხს სთხოვდნენ, შეედარებინათ ერთმანეთისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის გონების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ამ კვლევის თანახმად, ადამიანები, ძირითადად, „მანქანების“ მიერ შექმნილ ნამუშევრებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

„ჩემთვის საინტერესო იყო ადამიანის როლი ხელოვნებაში“, – ამბობს კვლევის ავტორი, – „ყოველთვის ვთვლიდი, რომ არსებობს სული, რომელსაც ადამიანი მუშაობის შედეგად ხელოვნების ნიმუშად გარდასახავს. თუმცა, როდესაც მანქანა ქმნის ნამუშევარს, როგორ განმარტავენ მას ადამიანები? როგორ აანალიზებენ მას? რა როლს ასრულებს ცოდნა იმის შესახებ, თუ ვინ შექმნა ნამუშევრები? ცვლის ჩვენს აღქმას იმის ცოდნა, რომ შემქმნელი ადამიანი კი არა მანქანაა?“

სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, ჰარშა განგადჰარბათლამ ჩაატარა კვლევა-გამოკითხვა, რომელიც რესპონდენტებს სთხოვდა, განესხვავებინათ ადამიანისა და AI-ის (ხელოვნური ინტელექტი) მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. ადამიანის ნამუშევრები შექმნეს მხატვრებმა ტომ ბეილიმ და სტივ ჯონსონმა – შესაბამისად იმპრესიონისტული პეიზაჟები და გეომეტრიული აბსტრაქციები, ხოლო კომპიუტერში შექმნილი ნახატები ერთი მხატვრის ალგორითმების შედეგად მიღებული ნამუშევრები გახლდათ.

გამოკითხვაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და უმეტესობამ ვერ შეძლო სწორად გამოეცნო ერთზე მეტი ნამუშევარი. გამოკითხულების 75%-მა ვერ გამოიცნო, თუ რომელი ნახატი ეკუთვნოდა ადამიანს და რომელი AI-ის. აღსანიშნავია, რომ ადამიანთა უმრავლესობას ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრები ადამიანის მიერ შექმნილი ეგონა. ამ მოცემულობამ მკვლევარებს შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა: ადამიანები ვერ არჩევენ ერთმანეთისგან AI-ისა და ადამიანის ნამუშევრებს და ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანებისთვის, აღქმის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრები თანდათან ემსგავსებიან ადამიანის ფანტაზიით შექმნილ ნიმუშებს. მათ შორის განსხვავების დანახვა კი თითქმის შეუძლებელია.

რობოტების სამყაროში კი Ai-Da-მ (მსოფლიოში პირველი ულტრარეალისტური რობოტი მხატვარი) ავტოპორტრეტების ახალი გამოფენა დააანონსა ლონდონის დიზაინის მუზეუმში. ამ წლის დასაწყისში OpenAI-მ ასევე პირველად გამართა  DALL·E, ნერვული ქსელი, რომელსაც შეუძლია შექმნას უცნაური სურათები წერილობითი აღწერილობის საფუძველზე.

ფაქტია, რომ AI-ის მიერ შექმნილი ნამუშევრები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კვლავ ცდილობთ გაერკვეთ, ზემოთ მოცემული გამოსახულებებიდან რომელია ადამიანის და რომელი AI-ის მიერ შექმნილი, ისინი, შესაბამისად, არიან: AI, ადამიანი, ადამიანი და AI.