10 საუკეთესო პოლიტიკური პიესა

„კორიოლანუსი“ (1607) – უილიამ შექსპირი

პიესა ლეგენდარული რომაელი ლიდერის, კაიუს მარციუს კორიოლანუსის ცხოვრებას ეფუძნება, რომელიც, ისტორიული წყაროების თანახმად, საკუთარმა თანამოქალაქეებმა სამშობლოდან გააძევეს. რას იზამს კორიოლანუსი, როგორც პროტაგონისტი, რა შინაგანი განწყობა გადაძალავს მის ქმედებას – რისხვა თუ დიდსულოვნება- უკვე მოღალატე რომაელების დასახმარებლად?!

„ფუენტეოვეხუნა“ (1619) – ლოპე დე ვეგა

სასტიკი და გაუმაძღარი მხედართმთავრის მკვლელობის შემდეგ ესპანეთის სოფლის მცხოვრებლებს აწამებენ, რათა დამნაშავის სახელი გათქვან. მათი ერთობლივი მოთქმა – „ფუენტეოვეხუნამ ქნა!“ – ლიტერატურის ისტორიაში კოლექტიური ქმედების ძლიერების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მაგალითია. თუმცაღა, ლოპე საბოლოოდ კვლავ მონარქიას უჭერს მხარს, რის გამოც აღწერილი პოპულარული პროტესტი, აქ-ქალების წინამძღოლობით, ისტორიული ირონიითაა შეფერადებული.

„მარიამ სტიუარტი“ (1800) – ფრიდრიხ შილერი

ორი დიდი ძალაუფლების მქონე ქალის – დედოფალ ელიზაბეტ I-ისა და მისი ბიძაშვილის, მარიამ სტიუარტის სისხლიანი დაპირისპირება განმეორებადი თემაა მსოფლიო კინოსა და ლიტერატურაში. შილერი თავის დრამატულ ვერსიაში შოტლანდიელი დედოფლის ცხოვრების უკანასკნელ დღეებს აღწერს: ელიზაბეტის ყოყმანს, მოაწეროს თუ არა ხელი კონკურენტის სასიკვდილო განაჩენს და მარიამ სტიუარტის იმედს, რომ შეიწყალებენ.

„არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა“ (1941) – ბერტოლტ ბრეხტი

ბრეხტის ეს პიესა იმ ნამუშევართაგანია, რომელიც თანამედროვეობაშიც არ წყვეტს აქტუალობას. „არტურო უის წინააღმდეგობრივ აღმასვლაში“ ავტორი გვიამბობს ჰიტლერის აღზევების ისტორიას, მისი კარიერის დასაწყისს, ავსტრიის ოკუპაციიდან მოყოლებული – თუმცაღა ამას ჩიკაგოს მაფიის ტერმინებით აკეთებს. პიესა ერთგვარი გაფრთხილებაა: ,,არ გახალისდეთ მისი განადგურებით, ადამიანებო“, რამეთუ ის, რამაც ჰიტლერი შვა, კვლავაც აგრძელებს არსებობას.

„სასამართლო გარჩევა“ (1953) – ართურ მილერი

მილერის ისტორიული დრამა ჯადოქრების პროცესზე მოგვითხრობს, რომელიც სალემში 1692 წელს მიმდინარეობდა. პიესა შთაგონებულია სენატორ ჯო მაკარტის მიერ კომუნისტობაში ეჭვმიტანილთა დევნის ფაქტით და აღწერს საზოგადოების შიშის ეპიდემიით შეპყრობის ფენომენს.

„წვეულება“ (1973) – ტრევორ გრიფიტი

,,წვეულება“ თანამედროვეობის ერთ-ერთი დაუფასებელი პიესაა, რომელიც პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხებს განიხილავს და დიალექტიკური კამათის გზით 60-იანი წლების დასავლეთ ევროპაში კომუნისტური რევოლუციის ჩაშლის მიზეზებს ხსნის. პიესაში საუბარი მიმდინარეობს სოციალისტ ინტელექტუალთა შორის კაპიტალისტურ სამყაროში მარქსიზმის გაბატონების შესაძლებლობის შესახებ.

„საუკეთესო გოგოები“ (1983) – კერილ ჩერჩილი

არსებობს ფემინიზმი სოციალიზმის გარეშე? ეს შეკითხვაა დასმული კერილ ჩერჩილის ინოვაციურ პიესაში. მისი პროტაგონისტი არის მუშათა კლასიდან გამოსული ქალი, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე საკუთარ წარმომავლობას გაფაციცებით მალავს. პიესა მაშინ დაიწერა, როდესაც ტეტჩერიზმის პოპულარობა პიკს აღწევდა და მასკულინური იდეალები კარიერაზე მზრუნველ ქალთა ძირითადი კომპასი იყო.

„ერთი გზისთვის“ (1984) – ჰაროლდ პინტერი

,,ერთი გზისთვის“ ნობელიანტი დრამატურგის, ჰარლოდ პინტერის გახმაურებული და მძიმედ პოლიტიკური პიესაა. იგი ასახავს წამების მექანიზმს ტოტალიტარულ გარემოში და იმ ადამიანის ტიპს, რომელსაც მსგავსი სამუშაოს შესრულება შეუძლია.

„აფეთქებული“ (1995) – სარა კეინი

სარა კეინის ეს ნაწარმოები შეიძლება ითქვას, გამორჩეულია საკუთარი რევოლუციურობით – ბოსნიის სამოქალაქო ომის ფრონტის ხაზი ლიდსის ცივილიზებული სასტუმროს ნომერში იჭრება მას შემდეგ, რაც შუა ხნის მამაკაცი იქ მენტალური პრობლემების მქონე გოგონას გააუპატიურებს. კეინი მოცემულ პიესაში ხაზს უსვამს სხვაობის არარსებობას მცირე ძალადობასა და სისხლისმღვრელ ომს შორის. 

„ხდება ხოლმე“ (2004) – დევიდ ჰეარი

დოკუმენტური ფაქტებისა და წარმოსახვითი სპეკულაციების შერევით, ჰეარის პიესა აღწერს ბრიტანეთის ხელშეწყობით აშშ-ს ირანში შეჭრის პროცესს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, რეალურ პოლიტიკოსებზე დაფუძნებული პერსონაჟების: ბუშის, რაისისა და ჰოუველის მონაწილეობით.