L’heure de L’ours – ზღვარი ფანტაზიასა და რეალობას შორის

სალომე ზეინკლიშვილი: 11/12

თუკი დატვირთული დღის შემდეგ არც ისე ხანგრძლივი, თუმცა საინტერესო და ემოციებით დატვირთული ფილმის ყურება გსურთ, ეს ანიმაცია თქვენთვისაა. მისი მოკლე ქრონომეტრაჟის მიუხედავად სიუჟეტი ოსტატურად ვითარდება, შესაბამისად ფილმში კარგადაა ამბავი მოთხრობილი. ამასთანავე, ნამუშევარი უამრავ ემოციას მოგგვრით, მისი შინაარსიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ ანიმაციაში დიალოგებსა და საუბარს არ ვხვდებით, თუმცა მისი დაწყებისთანავე იწყება საუნდთრექიც, რომელიც საკმაოდ მომნუსხველია. გადამეტებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ საუნდტრეკი იდეალურად ერწყმის ანიმაციას. სწორედ ამ საუნდთრექის წყალობით, მთელი თოთხმეტი წუთის განმავლობაში სულაც ვერ იგრძნობთ მოწყენას, საუბრის არარსებობის მიუხედავადაც კი.

ანიმაციაში ნაჩვენებია ბიჭი, რომელიც დედასთან ერთად მოსიყვარულე გარემოში იმყოფებოდა, თუმცა ამ სიმყუდროვეს არღვევს მამაკაცის გამოჩენა, რის შემდეგაც ბიჭისთვის მოვლენების განსხვავებული რაკურსით ვითარდება. აქ უკვე ვხვდებით სიუჟეტის იმგვარ განვითარებას, როდესაც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის დარღვეულია, ჩანს პროტაგონისტი, რომელზეც მარტოობის და მიტოვებულობის განცდა დიდ კვალს ტოვებს. მისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსავალი რისხვაშია. შესაბამისად, ანიმაცია ასახავს ბავშვობის პერიოდს, რა დროს გამოცდილმა მოვლენებმა და განცდებმაც შესაძლოა ადამიანის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანოს.
აღსანიშნავია ანიმაციის გრაფიკაც – მოვლენები შავ ფონზე ვითარდება, რაც ერთგვარად ეხმიანება შინაარს, ამავე დროს კი ქმნის იმ სახასიათო განწყობას, რაც ნამუშევარს ახლავს. რაც შეეხებათ ფიგურებს, ისინი მინიმალისტურად, თუმცა საკმაოდ ყოვლისმომცველად არიან გამოსახული, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ნამუშევარს.

ბოლოს, ზოგჯერ მართლაც საჭირო მსგავსად მცირე ქრონომეტრაჟიანი ნამუშევრების შექმნა და რამდენიმე წუთში მსგავსი ემოციის ჩატევა.

თიკა გობაძე: 8/12

აგნეს პატრონის მოკლე ფილმი, “L’heure de l’ours” პატარა ბიჭის ბავშვობის დაკარგვაზე გვიყვება. ფილმის დასაწყისში შვილის დედაზე მიჯაჭვულობის მაგალითს ვხედავთ, ანიმაცია მათზე იმდენადაა ფოკუსირებული, რომ იქმნება განწყობა, თითქოს მათ გარდა ამ სამყაროში არავინ არსებობს. ილუზიები უცნობი კაცის გამოჩენასთან ერთად გვენგრევა, რომელიც ბიჭის წარმოდგენებს მთლიანად ცვლის: დედისგან მოკლებულ ყურადღებას ბავშვი რეალური სამყაროსგან განშორებით უმკლავდება– გაბრაზებას და წყენას ის ფანტაზიების სამყაროში გადაჰყავს, იშლება რეალურობის ხაზი და ვხედავთ როგორ იკარგება ბიჭი წარმოსახვაში. საინტერესოა გარდამტეხი მომენტის ასახვაც: მამაკაცის გამოჩენისთანავე, რომელსაც დედისგან უგულებელყოფა მოჰყვება, ვხედავთ როგორ იცლება ის ბავშვურობისგან, მისი სახე მოხუცდება, კარგავს ფერს და ეშვება ისეთ სამყაროში, სადაც ძველებური კომფორტი აღარ არსებობს.

ფილმის საუნდთრექები მაყურებელს სიუჟეტის აღქმაში ეხმარება, თუმცა საკმარისი არ არის. ანიმაცია რთულად გასაგებია, ფილმის შინაარსი ესთეტიკის მიღმა საკმაოდ უფერულდება, თუმცა სიუჟეტზე ფოკუსირების შემდეგ თვალწინ ბავშვის შინაგანი სამყარო გადაგეშლებათ, რომელიც შიშისა და სილამაზის საინტერესო ნარევია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ანიმაციების სიმბოლურობაც, ვიზუალური მშვენიერების გარდა წითელი ფერის სიჭარბე, მინიმალისტური გადმოცემა, ცხოველების და ადამიანების ცხოვრების პარალელები და არაერთი უსახო პერსონაჟი იდეალური აღმწერია იმ გრძნობებისა, რომელსაც ბიჭი მთელი ფილმის განმავლობაში გვაჩვენებს.

საბოლოო შეფასება: 9.5/12