ოცნებობენ რეპლიკანტები ელექტრონულ ცხვრებზე?!

რიდლი სკოტის ფილმი „დანის პირზე მორბენალი“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისათვის, არამედ მთელი კინემატოგრაფიისათვის.

ფოტო: Warner Bros.

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილმი დაეფუძნა საკულტო მწერლის, ფილიპ დიკის ნაწარმოებს „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“. მიუხედავად იმისა, რომ წიგნსა და ფილმს ბევრი საერთო თემა თუ შინაარსი აკავშირებს, რეჟისორმა მოახერხა, რომ ფილმი განსხვავებული ორგანიზმი ყოფილიყო. სკოტმა ფილმში სხვა საკითხებიც წამოწია წინ, რაც სრულიად სხვა ელფერს აძლევს მას, თუმცა უდავოა წიგნის ზეგავლენაც.

ფილმში წარმოდგენილია დისტოპიური რეალობა – დედამიწაზე დემოგრაფიული პრობლემებია მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო, კაცობრიობამ კი კოსმოსის კოლონიზაცია დაიწყო. მთავარი პერსონაჟი კი დეკარდია, პენსიაზე გასული ოფიცერი, რომელსაც იბარებენ და რეპლიკანტის დაჭერას ავალებენ. რეპლიკანტები ერთ-ერთი პლანეტიდან გამოიქცნენ და დედამიწაზე ჩამოვიდნენ, რაც ადამიანებისათვის „საფრთხეს“ წარმოადგენს. თავად რეპლიკანტები ფილმში არიან ერთგვარი რობოტები, რომლებიც გენეტიკურად ადამიანების მსგავსად დააპროგრამეს, თუმცა ისინი ბოლომდე არც რობოტები არიან და არც ანდროიდები, ამიტომაც, მათთვის არსებობს სპეციალური სახელწოდება – რეპლიკანტები.

დეკარდს სწორედ რეპლიკანტების დაჭერა და განეიტრალება ევალება. ფილმის მიმდინარეობისას, როდესაც იგი მიდის კორპორაციაში, სადაც რეპლიკანტები „ააწყვეს“ იგი ხვდება რეიჩელს, რომლის ფიგურაც საკმაოდ საინტერესოა და დიდ როლს ასრულებს ნამუშევარში.

რიდლი სკოტის მიერ შექმნილი სამყარო საკმაოდ თვალწარმტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში კაცობრიობის უდიდესი მიღწევები ჩანს, ადამიანთა არსებობის პირობები არ გაუმჯობესებულა და უმეტეს შემთხვევაში გაუარესდა კიდეც. ირგვლივ ცათამბჯენები და პირქუში გარემოა, უზარმაზარი ეკრანები შენობებზე და მუდმივი „სიბნელე“. ეს გარემო, ცალსახად, ფილმის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებსაც გადმოგვცემს. თუნდაც, დედამიწაზე გამეფებული სიმარტოვის შეგრძნებას. ეს მეტწილად დედამიწაზე არსებული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რაზეც მიუთითებს გიგანტურ ბილბორდზე გამოსახული გეიშა, რომელიც რეკლამირებას უწევს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. გარკვეულწილად, ეს შეგვიძლია იმის ნიშნადაც მივიჩნიოთ, რომ ტექნოლოგიურ პროცესს პრიორიტეტებისა და მოთხოვნილებების შეცვლა მოჰყვა.

ფილმში ასევე დიდ წილს თამაშობს განათება, შეგვიძლია მივიჩნიოთ კიდეც, რომ ის დამატებით პერსონაჟს წარმოადგენს, გადაღების სტილთან ერთად. ნიშანდობლივია, რომ ფილმის მიმდინარეობისას ნათელ ფერებს მუქი საგნები და მუქი განათება სჭარბობს. გარემოში უმეტესად ნეონის სინათლეებია, რაც ისევ ტექნოლოგიურ განვითარებაზე მიუთითებს. ასევე აჩვენებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობის მატარებელი გახდა რეალობაში ეს განათება და როგორ გაუფერულდა მის ფონზე სხვა ყველაფერი.

ფილმში ბევრი საინტერესო იდეაა გადმოცემული, რაზე მსჯელობაც უსასრულოდაა შესაძლებელი, მათ შორის მნიშვნელოვანია რეპლიკანტების თვისებები. ისინი ძირითადად ავლენენ ისეთ თვისებებს, რომლებიც ადამიანებს ახასიათებთ, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ემპათიის გრძნობა. ფილიპ დიკი წიგნში, რომელზე დაყრდნობითაც გადაიღეს ფილმი, ემპათიის გრძნობაზე კიდევ უფრო დიდი ყურადღებას ამახვილებს. რეპლიკანტების ნამდვილი ადამიანებისგან განსხვავების მთავარი მეთოდი სწორედ ემპათიურობის გრძნობის შემოწმებაა. მიიჩნევა, რომ რეპლიკანტებს ემპათიის გრძნობა არ გააჩნიათ, სწორედ ამგვარ ტესტზე დაყრდნობით ამოწმებს დეკარდი რეიჩელს და ცდილობს დაადგინოს მისი ვინაობა.

ამავე დროს, ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და თვისობრივი ნიშანი შემოქმედის წინააღმდეგ ერთგვარი „აჯანყებაა“. რეპლიკანტები ფილმში სწორედ აჯანყებას აპირებენ, მიდიან შემოქმედის და მის მიერ მათთვის განსაზღვრული ბედისწერის წინააღმდეგ. მათი დედამიწაზე ჩამოსვლის მიზანი სიცოცხლის გახანგრძლივებაა, რაც ამ შემთხვევაში მათი შემქმნელის ნების საწინააღმდეგო ქმედებაა. ეს ქმედება სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურობიდან იღებს და ხელოვნებაში საკმაოდ დიდ ადგილსაც იკავებს. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ პრომეთე, რომელიც ცეცხლის მოპოვების გამო დასაჯა შემქმნელმა, ამ შემთხვევაში შემქმნელი ჯერ კიდევ ღმერთია, ზეციური არსება. თუმცა საგულისხმოა ცვლილება, რომელიც შემქმნელის პიროვნებამ განიცადა დროთა განმავლობაში, კერძოდ, შემდგომ საუკუნეებში შემქმნელად უკვე ადამიანი გვევლინება. მაგალითად, მერი შელის „ფრანკენშტეინში“ შემოქმედი მის მიერ შექმნილ არსებას მონსტრად მიიჩნევს და ზურგს აქცევს. „მონსტრი“ კი წინააღმდეგობას უწევს, ნაწარმოები კიდევ უფრო ჰგავს ფილმს, რადგანაც ფრანკენშტეინის ქმნილება ისევეა შემქმნელისგან უკუგდებული და მიტოვებული, როგორც თავად რეპლიკანტები – მათ შემქმნელი ტაირელი არაფრად აგდებს, რადგანაც მისთვის ისინი კონკრეტული მიზნისთვის შექმნილი მანქანები არიან. საგულისხმოა ისიც, რომ რეპლიკანტები თავის მოქმედებებში თავისუფალ ნებას ავლენენ. ეს, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება ადამიანის – მათი შემქმნელის სურვილს, დაიმორჩილოს ისინი, მეორე მხრივ წარმოაჩენს, რომ რეპლიკანტები უბრალო მანქანები არ არიან და თავისუფალი არჩევანი გააჩნიათ.

ფილმში ასევე უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს თვალებს, რაზეც რეჟისორის ჩანაფიქრი, კერძოდ, სხვადასხვა მომენტში კადრების თვალზე ორიენტირებაც მეტყველებს. ზოგადად, ხელოვნებაში თვალები ძირითადად სულიერების გამოსახატავად გამოიყენება. ანტიკურ ხელოვნებაში სულიერება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც ფიზიკური სილამაზე – ხელოვანები ნამუშევრის შექმნისას თვალებს ყურადღებას არ აქცევდნენ, ძირითადად ქანდაკებებს თვალები არც კი უჩანდათ გამოკვეთილად, სხეულის სხვა ორგანოებთან მიმართებით. დროთა განმავლობაში თვალის დატვირთვა გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხელოვნებაში სულიერებამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ამ მხრივ, საგულისხმოა ის მომენტი, როცა რეიჩელის თვალი ახლო ხედვით ჩანს კამერაში, იმასთან ერთად, რომ ამ ჟესტით რეჟისორი ამახვილებს ყურადღებას ქალის ხასიათზე, თვალის გუგაში ჩანს საინტერესო ანარეკლიც, რაც კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ულამაზეს კადრს ქმნის. რეჟისორი რეიჩელის თვალებზე აქცენტირებით წარმოაჩენს, რომ, მიუხედავად ქალის რეპლიკანტობისა, ის ბევრად მეტს განიცდის ემოციურად, ვიდრე ტაირელი.

საგულისხმოა ისიც, რომ ტაირელის(რეპლიკანტთა შემქმნელის) სათვალეები საკმაოდ სქელია, რის გამოც მისი თვალები იფარება. რეპლიკანტთა ჯგუფის ლიდერი როი ბეტი ტაირელის თვალებს ჩაჭყლეტს და ამ გზით მოკლავს მას, რა თქმა უნდა, ესეც თავის შინაარს ატარებს. ერთი მხრივ, წარმოჩენილია ტაირელის უსულობა, ზედაპირულობა და მისი დამოკიდებულება რეპლიკანტების მიმართ, თვალების განადგურებით კი რეპლიკანტი ამ ყველაფერს უკუაგდებს.

ფაქტი, რომ რეპლიკანტებს მეხსიერებას უნერგავენ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეხსიერება და მოგონებები ყველა არსებისათვის, თუნდაც ის ხელოვნურად იყოს შექმნილი. ეს თავისთავად იმის მიმანიშნებლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ადამიანის მეხსიერება და მოგონებები წარმოქმნის ემოციებს და უმნიშვნელოვანეს როლს იძენს ადამიანის ფორმირებაში.

თავად დეკარდის იდენტობაზე აზრები იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ დეკარდი თავადაც რეპლიკანტია, ამ იდეას ის აზრი ამყარებს, რომ მის სიზმრებსა და მოგონებებზე დეტალები მხოლოდ მისთვის არაა ცნობილი, რაც შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ მეხსიერება მასაც ხელოვნურად ჩაუნერგეს. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ დეკარდი ადამიანია, და ვარაუდები მისი რეპლიკანტობის შესახებ სათანადოდ არ არის დადასტურებული ფილმში.

მოცემული ნამუშევარი გარკვეული ასპექტებით გავს „2001: კოსმოსურ ოდისეას“, იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ნამუშევარში, ადამიანთა მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი მასზე უფრო განვითარებული და ძლევამოსილი ხდება.

ფილმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად შეგვიძლია გამოვყოთ თავად არსებობის ცნება. ამ ცნებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომა არსებობს, მაგალითად, თუკი ფილოსოფიურად მივუდგებით, კერძოდ, რენე დეკარტის აზრით, არსებობა პირდაპირ კავშირშია აზროვნებასთან, ფილოსოფოსი მიიჩნევდა, რომ არსებობის სრულად რეალიზაციისთვის აზროვნების კრიტერიუმია უმთავრესი. ბერკლის აზრით, არსებობა აღქმულობასა და შემჩნეულობას ნიშნავს. ვფიქრობ, სწორედ ამას ცდილობენ რეპლიკანტები ფილმის მიმდინარეობისას, მოხდეს მათი აღქმა და აღიარება ადამიანთა მიერ. იყვნენ აღქმულები არა უსულო მანქანებად, არამედ სრულყოფილ ადამიანებად. როგორც უკვე ვთქვი, ნამუშევარში არსებობა ემპათიასთანაცაა დაკავშირებული. რეპლიკანტების ერთადერთი მოტივატორი სიცოცხლის ხანგრძლივობაა, ეს ადამიანთათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი ინსტინქტია.

ფილმის ყველა პერსონაჟი სიმარტივითაა აღვსილი და ჰუმანურობის ნაკლებობას განიცდის, რასაც ვერ ვიტყვით რეპლიკანტებზე, რომლებიც ყველაზე უფრო „ადამიანურები“ არიან ფილმში. სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით რეპლიკანტები, რომლებსაც როგორც წესი სხვებზე მეტად უნდა ახასიათებდეთ მარტოობა, მსგავს გრძნობას არ განიცდიან, ვხვდებით რეპლიკანტთა წყვილს, როისა და ქალ რეპლიკანტს, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ. ამავე დროს, მათი ურთიერთობა ყველაზე უფრო ადამიანური და გულწრფელია, ფილმში ასახულ სხვა ურთიერთობებთან შედარებით.

ფილმში შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ ექვსი რეპლიკანტიდან სამი ქალია სამი კი მამაკაცი, ეს ბიბლიურ ასოციაციას ქმნის, კერძოდ, ნოეს კიდობნის, რომელზეც სხვადასხვა სახეობის არსებები წყვილ-წყვილად იყვნენ წარმოდგენილნი. დედამიწაზე სიცოცხლე კატასტროფის წინაშეა, ადამიანებს სურთ მისი დატოვება, ხოლო რეპლიკანტები სწორედ მისკენ მიემართებიან, შესაბამისად მართლაც ჩანს ნოეს კიდობნისა და წარღვნის პარალელები. თუმცა განსხვავება აქაც ცალსახაა დროისა და მოცემულობის გათვალისწინებით, კერძოდ, კიდობნის როლში ახლა კოსმოსური ხომალდი გვევლინება, ხოლო რეპლიკანტები არიან არსებები, რომელთაც ადამიანთა როლი უნდა შეითავსონ. თითქოს ახლა სწორედ მათი მოვალეობაა დედამიწაზე ემპათიურობისა და ადამიანობის წარმოდგენა, მათ უნდა ჩამოიტანონ დედამიწაზე ეს ემოციები და დაანახონ კაცობრიობას, რომლის როლშიც ამ შემთხვევაში დეკარდი გვევლინება.

ფილმის კულმინაციას წარმოადგენს დასასრული, რომელსაც აგვირგვინებს ცნობილი მონოლოგი. ამ მომენტში დეკარდი და როი ბეტი პირისპირ აღმოჩნდებიან, რა დროსაც როის აქვს შესაძლებლობა მოკლას დეკარდი. თუმცა ამ მომენტში კაცობრიობაზე მეტ ადამიანურობას, ჰუმანურობასა და ემპათიას არა დეკარდი, არამედ რეპლიკანტი ამჟღავნებს და დეკარდს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ბოლო მომენტში როი ემოციებსა და საკუთარ გამოცდილებას დეკარდს უზიარებს, ამავე მომენტში საგულისხმოა მტრედის არსებობა, რაც არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სულიერების სიმბოლოდაც გვევლინება. თავად რეპლიკანტის მონოლოგის შინაარსი კი ამაღელვებელი და საკმაოდ ჰუმანისტურია. ბოლო სიტყვები კი დასამახსოვრებელია, ვინაიდან ის ურიგდება სიკვდილს. ამ შემთხვევაში რეპლიკანტი ხდება ინდივიდი, ხოლო დეკარდი განზოგადებულ ინდივიდთა სახე, ამ მომენტში ის აანალიზებს, რომ თავად კაცობრიობა გადაიქცა მანქანად, ადამიანები მიჰყვებიან ბრძანებებს და ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ყოველდღიურობის რუტინაში ებმებიან სიცოცხლის ბოლომდე. ამასთანავე, ადამიანებმა დაკარგეს მათთვის უმნიშვნელოვანესი თვისება – ემპათიის შეგრძნება, რომელიც მათ სხვა არსებებისგან ასე გამოარჩევდა.

როი კი მისი მონოლოგით კაცობრიობას მიუთითებს გაანალიზოს მისი რეალობა, დაფიქრდეს და გადააფასოს ღირებულებები. თუკი მაყურებელი როის თავიდან განსხვავებულად აღიქვამდა და მისდამი ანტიპათიით იყო განწყობილი, ისე, რომ მის მიერ საპირისპირო სქესისადმი სიყვარულის გამოვლენაც კი არ აღიქმებოდა ადამიანურად, ამ მომენტში მსგავსი ემოციების სათავე ცხადად ჩანს.

ფილმში რეპლიკანტთა ლიდერის მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვები ეგზისტენციალიზმის და ადამიანობის უკიდურესი გამოვლინებაა – „All Those moments will be lost in time, like tears in rain“. ამ ფრაზიდან გამომდინარე ჩანს, რომ რეპლიკანტი სრულყოფილად იაზრებს, გრძნობს და განიცდის ყოველივეს წარმავლობასა და ამაოებას. ეს მდგომარეობა კი მხოლოდ ადამიანებისათვისაა დამახასიათებელი.

ვფიქრობ, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ფილმში ეხება იმ კითხვას, თუ რა აქცევს ადამიანს ადამიანად და რით გამოირჩევა ის სხვა არსებებისგან. ვიტალისტური თეორიის თანახმად, ცოცხალ ორგანიზმებს თვისებებს ერთგვარი „სასიცოცხლო ძალა“ აძლევს. რა იგულისხმება ამ სასიცოცხლო ძალაში ვერ გეტყვით, მაგრამ თუკი ხელოვნურად შექმნილ ორგანიზმსაც ახასიათებს ეს თვისებები?! როგორც ფილმი გვპასუხობს, კი, ხელოვნურად შექმნილმა რეპლიკანტმაც შესაძლებელია ადამიანის მსგავსად განიცადოს იგივე გრძნობები. უფრო მეტიც, შესაძლოა ის ადამიანზე მძაფრადაც კი განასახიერებდეს ადამიანობის არსს, ემპათიასა და ეგზისტენციალიზმს.