ვან გოგის აქამდე უცნობი ნამუშევარი პირველად გამოიფინება

თუკი ვინსენტ ვან გოგის შემოქმედების მოყვარული ხართ, უკვე შეგიძლიათ მისი კიდევ ერთი ნამუშევრით დატკბეთ. მხატვრის უცნობი სურათი საუკუნის შემდეგ პირველად გამოიფინება სოთბის აუქციონზე. 

„ქუჩის სცენა მონმარტში“

„ქუჩის სცენა მონმარტში“ 1887 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და ამ დროიდან მოყოლებული ფრანგული ოჯახის კერძო საკუთრებაში ინახებოდა. იგი ასახავს სახელგანთქმულ გალეტის წისქვილს (Moulin de la Galette), რომელიც XIX საუკუნის პარიზში გართობისა და თავშეყრის მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენდა.

როგორც ორელი ვანდევორდი, სოთბის აუქციონის იმპრესიონისტული და თანამედროვე ხელოვნების სექციის დირექტორი აცხადებს, ვან გოგის ახალი ნამუშევარი ცნობილი კულტურული სივრცის განსხვავებულ ჭრილში დანახვის შესაძლებლობას იძლევა. თუკი რენუარის იგივე პერიოდის სურათში („მულენ დე ლა გალეტის მეჯლისი“), ამ არეალის სოციალური და ურბანული დანიშნულება ჩანს, ვან გოგის ნახატი მის პასტორალურ და არაურბანიზებულ მხარეს წარმოგვიდგენს.

„მულენ დე ლა გალეტის მეჯლისი“

„ქუჩის სცენა მონმარტში“ ვან გოგის „მონმარტის“ იშვიათ სერიას მიეკუთვნება. ნამუშევარს სოთბის აუქციონზე მარტში გამოიტანენ და მოსალოდნელია, რომ იგი 5-დან 8 მილიონ ევრომდე ეღირება.