„კანუდოსი“-შანსი ახალბედა მწერლებისთვის

მიმდინარე წლის 11 თებერვალს ელექტრონული წიგნების სახლზე ,,საბა“ ახალი გამომცემლობა ,,კანუდოსი“ დარეგისტრირდა. 26 თებერვალს კი გამომცემლობამ პირველი კრებული „უზაფხულო წელიწადი“ გამოაქვეყნა. აღნიშნული კრებულის ავტორი და გამომცემლობის დამაარსებელი თავადაც დამწყები მწერალი, გოდერძი გიგიტაშვილი გახლავთ.

გამომცემლობის მიზანია, დაეხმაროს ახალბედა, ნიჭიერ მწერლებს, აღმოაჩინოს ისინი და გააცნოს საზოგადოებას. მუშაობის პრინციპი ასეთია – მიიღებენ ნამუშევრებს, გადახედავენ, შეარჩევენ და „საბაზე“ განათავსებენ, მიღებული თანხა კი მთლიანად ამ წიგნების დაბეჭდვას მოხმარდება. როგორც იდეის ავტორი და „კანუდოსის“ დამაარსებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დღეს გამომცემლობებთან თანამშრომლობის მატერიალური შესაძლებლობა ბევრ ავტორს არ აქვს. ის თავისი საქველმოქმედო წამოწყებით სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას გეგმავს. სურს, როგორც ფინანსურად, ისე ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს ნიჭიერ მწერლებს გზის გაკვალვაში. გამომცემლობის პატარა ჯგუფს სამომავლოდ დიდი ამბიციები, მიზნები და მოლოდინები აქვს. სულ მალე „კანუდოსი“ კიდევ არაერთ წიგნს შემოგვთავაზებს. შესაბამისად, დამწყები მწერლებისთვის, ამ გამომცემლობასთან თანამშრომლობა კარგი შანსია.

რაც შეეხება „უზაფხულო წელიწადს“, კრებულში 26 ლექსი და 14 მინიატურა შედის. ყოველი მათგანი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თემაზეა შექმნილი. შეგახსენებთ, რომ კრებულის შეძენა შეგიძლიათ ელექტრონული წიგნების სახლში „საბა“.