ტელეფონების დიზაინის ევოლუცია

დაახლოებით XIX საუკუნის ბოლოდან იწყება მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების რევოლუცია – ისტორია იმ მოწყობილობებისა, რომლებიც ხალხს სამახსოვრო და სასიამოვნო მოგონებებით აკავშირებს ერთმანეთთან.

150-წლიანი ისტორიის განმავლობაში (ეს რიცხვი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვის მიიჩნევთ თქვენ ტელეფონის შემქმნელად: ანტონიო მეუჩის თუ ალექსანდრე გრემ ბელს), ტელეფონმა უამრავი ცვლილება განიცადა. რაც შეეხება მის უკიდურესად გრძელ ევოლუციასა და ისტორიას, მას, თავის მხრივ, მრავალი ტექნოლოგიური რევოლუცია ახასიათებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ტელეფონი გლობალიზაციის უცვლელი ნაწილია – სწორედ მისი საშუალებით იყო და არის შესაძლებელი შეუფერხებელი ყოფილიყო ქვეყნებს შორის მუდმივი კავშირი. დამეთანხმებით, არის რაღაც ძალიან ახალი და ჯადოსნური შორეული ხმის მოსმენისას. ამერიკასა და ავსტრალიას შორის საუბრის შესაძლებლობა და თითქმის მყისიერად ინფორმაციის მიღება მსოფლიოს მეორე მხრიდან ქმნის განცდას, რომ დედამიწა ერთი დიდი და მთლიანი ოჯახია.

თავისი ისტორიის მანძილზე ტელეფონი არა მარტო განვითარდა თავისი ფუნქციონალით, არამედ ის გახდა დიზაინერებისა და მხატვრების ფავორიტი ნივთიც. სწორედ ამან განაპირობა მისი დიზაინის მუდმივი ცვლილება, დახვეწა და გაუმჯობესება. ამ სტატიაში შევეცდებით, ვიზუალური კუთხით დაგანახოთ ტელეფონის ისტორია და წარმოვაჩინოთ ტელეფონის ყველაზე ცნობილი  10 დიზაინი, რომლებიც გასულ საუკუნეში იყო წარმოდგენილი.

 

Telettrophone, 1871 წ

ვინ იყო ტელეფონის პირველი გამომგონებელი – თუ ამერიკელებს კითხავთ, ისინი გიპასუხებენ, რომ ალექსანდრე ბელი, მაგრამ იტალიელების აზრით, პირველი ტელეფონი შექმნა იტალიელმა ანტონიო მეუჩიმ, რომელმაც 1871 წელს დაარსა კომპანია „Telettrofono“ და შექმნა პირველი ხმოვანი კომუნიკაციის საშუალების პროტოტიპი. მიუხედავად ამისა, მეუჩი არ მიიჩნევა ტელეფონის ინოვატორად, რადგან მან სწორად ვერ დააპატენტა თავისი გამოგონება და შესაბამისად, უფლებაც ვერ მიიღო, გამხდარიყო მისი პირველი შემქნელი. მისგან განსხვავებით, რამდენიმე წლის შემდეგ ალექსანდრე ბელმა წესების შესაბამისად დააპატენტა თავისი გამოგონება და ოფიციალურად გახდა კიდეც პირველი ტელეფონის ავტორი. სწორედ ამ ისტორიის გამო არის ზოგჯერ გაურკვევლობა პირველი ტელეფონის შექმნის ისტორიის ირგვლივ.

ბელის ტელეფონი, 1876 წ

1876 წელს ალექსანდრე ბელმა ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენაზე მყოფი ხალხი გააოცა „თავისი გამოგონებით“, რომელიც მან ამავე წლის მარტის თვეში დააპატენტა. ბელმა მას ხმის გადამცემი ტელეგრაფი უწოდა – აღნიშნული მოწყობილობა ელექტრომაგნიტური ტექნოლოგიების წყალობით დისტანცირებულად საუბრის საშუალებას იძლეოდა.

Strowger Potbelly Candlestick, 1905 წ

მეუჩისა და ბელის გამოგონებების შემდეგ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში დაიწყო ტელეფონის ინდუსტრიის გაფართოება და განვითარება. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დიდი ინოვაციაც გამოჩნდა, კერძოდ, გამოიგონეს ტელეფონი, რომელსაც შეეძლო ნომრების ავტომატურად აკრეფა და გააჩნდა სატელეფონო ზარების ავტომატურად გადართვის ფუნქცია. გამომგონებელი კი კანზას სითის სამგლოვიარო სახლის მეპატრონე ალმონ სტროუგერი იყო. მას ამ ტელეფონის შექმნისკენ ერთმა დიდმა პრობლემამ უბიძგა. საქმე ის იყო, რომ მისი სატელეფონო ოპერატორი კლიენტთა სატელეფონო ზარებს გადასცემდა სტროუგერის კონკურენტ კომპანიას. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების სტიმულით შექმნა სტროუგერმა ეს ტელეფონი 1905 წელს და მალევე ის ძალიან პრაქტიკულიც გახდა. აღსანიშნავია, რომ მას პოპულარობა თითქმის 30-იან წლებამდე არ დაუკარგავს.

Ericsson 1001, 1931 წ.

თანამედროვე ტელეფონის პირველი ვერსია მხოლოდ 1931 წელს შემოვიდა გაყიდვაში, როდესაც ინჟინერმა იოჰან კრისტიან ბიერკნესმა და მხატვარ-დიზაინერმა ჟან ჰეირგმა შექმნეს  Ericsson 1001. ტელეფონის  ფუნქციონალის შექმნაში მონაწილეობდა ოსლოს ელექტროობის ბიურო და ცნობილი შვედი ინოვატორი, ლარს მაგნუს ერიკსონი. ამ ტელეფონის ღირსება ის იყო, რომ მასში ჩაშენებული იყო თითის ციფერბლატი და ჰქონდა ხმოვანი ზარით რეკვის ფუნქცია, რომელიც შემომავალ ზარებზე ირთვებოდა. მისი დიზაინი იმ დროისთვის უკიდურესად ინოვაციურად ითვლებოდა და მალევე გავრცელდა მთელს ევროპაში.

Ericofon, 1949 წ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერიქსონის შვედ დიზაინერებს კიდევ ერთხელ დაევალათ ტელეფონის დიზაინზე მუშაობა. ვიზუალური ეფექტისთვის მათ შექმნეს Ericofon-ი, რომელსაც „კობრა ტელეფონსაც“ უწოდებდნენ, რადგან ის დაკლაკნილ გველს ჰგავს, რომელსაც თავი მაღლა აქვს აწეული და მზად არის სატელეფონო ზარზე პასუხის გასაცემად. Ericofon-ი ახლა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება.

Princess, 1959 წ.

ტელეფონების დიზაინი მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ მხოლოდ 50-იან წლებში დაიწყეს დიზაინერებმა სხვადასხვა ფერებისა და ფორმების გამოყენება, რომელიც იმდროინდელი მოდერნისტული სტილის გავლენით იყო ნაკარნახევი. სწორედ იმ ეპოქის მოდერნისტული სტილის სიმბოლოა ჰენრი დრეიფუსის მიერ შექმნილი „პრინცესა“. ეს კომპაქტური ტელეფონი შეიქმნა იმისთვის, რათა იდეალურად მოთავსებულიყო ქალის საწოლ მაგიდაზე. „პრინცესამ“ თავისი დიზაინითა და ელეგანტურობით მალევე ჩაანაცვლა იმდროინდელი ქალების ფავორიტი ტელეფონი „Model 500“.

Bigrigio, 1962 წ.

American Western Electric-ის „Model 500-სა“ და „Ericsson 1001-ის“ იტალიური ეკვივალენტია 1962 წელს გამოსული Siemens S62, მბრუნავი ტელეფონი, რომელიც იტალიელების ფავორიტი ტელეფონი გახლდათ. ამ ტელეფონის პროექტი შექმნა ლინო სალტინამ Siemens-ისთვის, თუმცა შემდეგ წლებში მისი წარმოება დაიწყო FATME-მ და Face Standard-მა. ტელეფონს ხუმრობით Bigrigio შეარქვეს, რადგან ბი ნიშნავს ორს, ხოლო „grigio“- ნაცრისფერს. ტელეფონი მთლიანად ნაცრისფერ ტონალობაში იყო წარმოდგენილი.

Pulsar, 1985 წ.

80-იან წლებში იტალიელმა ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ კავშირი ორ განსხვავებულ ტელეფონზე. მათ შექმნეს Bigrigio-ს თანამედროვე ვერსია „პულსარი“ და სწორედ ეს ტელეფონები, ფაქტობრივად, წინა და ახალი თაობა დააკავშირეს ერთმანეთთან. „პულსარი“ Bigrigio-ზე უკეთესი იყო იმით, რომ მასში მბრუნავის ნაცვლად ციფრული კლავიატურა იყო ჩაშენებული. ეს ცვლილება „პულსარს“ გაცილებით სწრაფსა და მოხერხებულს ხდიდა.

Motorola StarTAC, 1996 წ.

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებისთვის უკვე მრავალი კომპანია იყო ტელეფონების ინდუსტრიაში, 2000-იანებისკენ ამ ინდუსტრიას, შეიძლება ითქვას, მოტოროლა და ნოკია უძღვებოდნენ. StarTac-ის პირველი ვერსია მოტოროლამ 1996 წლის იანვარში გამოუშვა და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა, რადგან ეს იყო ყველა დროის პირველი ნამდვილი დასაკეცი მობილური ტელეფონი. ის წარმოადგენდა აქამდე არნახულ ცვლილებებს ტელეფონის დიზაინისა და ინჟინერიის სფეროში. აღსანიშნავია ისიც, რომ StarTAC იყო მემკვიდრე 1989 წელს გამოსული MicroTAC-ის, რომელიც ნახევრად დასაკეცი ტელეფონი იყო და ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულიც, რადგან მისი 60 მილიონი მოდელი გაიყიდა.

Nokia 8110, 1996 წ.

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში მოტოროლა დიდების მწვერვალზე იყო და არავის უთმობდა პირველობას, ამასთან, კიდევ და კიდევ ქმნიდა უამრავ ახალ მოდელს, ფინურ კომპანიას „Nokia“ ჰქონდა სურვილი, მოტოროლაზე უფრო წარმატებული გამხდარიყო. 1996 წელს ნოკიამ გამოუშვა Nokia 8110, რომელსაც ოდნავ მოღუნული ფორმა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მოდელს არ ჰქონდა არაფერი გამორჩეული და არც რამე ინოვაციურს წარმოადგენდა, მაგრამ კომპანიამ ძალიან მოხერხებულად გამოიყენა რეკლამირება, კერძოდ, არსებულმა კინოთეატრებმა ხელი შეუწყვეს მოდელის ხატად გადაქცევას: ფილმის „Matrix“ ცნობილ სცენაში, მორფეუსი ნეოს სწორედ Nokia 8110-ით ურეკავს. მისმა ასეთმა რეკლამამ ძალიან სწრაფად გაზარდა მისი პოპულარობა.

დღეს მობილური ტელეფონების ბაზარზე რადიკალურად განსხვავებული სურათია, სმარტფონების დიზაინი სრულ თანხვედრაშია მათ ფუნქციონალთან, ამასთან, რომელიმე ერთი მოდელის გამოყოფა დიზაინის რადიკალური ცვლილებით თითქმის შეუძლებელიც არის – თამამადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ამგვარი პრეფერენციების მინიჭება თითოეული მომხმარებლის გემოვნების საკითხია.