Cyberpunk – შეცდომა მატრიცაში

გასული საუკუნის დასასრულს, საზოგადოებრივი ცნობიერება ერთბაშად შეიპყრო ფიქრმა მომავალზე. როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება 2050 წელს? ყველა მოსაზრება, დაწყებული მფრინავი მანქანებითა და დამთავრებული რობოტებთან თანაცხოვრებით, ერთდროულად აღტაცებასაც და შფოთვასაც იწვევდა ადამიანთა გონებაში. ჩვენ ფეხს ვაბიჯებდით ახალ ცხოვრებაში, შესაბამისად, ჩვენი ფანტაზიაც, შიშებიც და მოლოდინებიც ახალ განზომილებაში ინაცვლებდა. სწორედ „კიბერპანკის“ დამსახურებაა, რომ ბუნდოვანი მომავლის ხატებას უბრალოდ თვალი კი არ გავუსწორეთ, არამედ გარდავქმენით და ნაცნობ ყოველდღიურობად ვაქციეთ.

რა არის Cyberpunk?

„კიბერპანკის“ სტილი თავდაპირველად ლიტერატურულ სფეროში გახდა ცნობილი. 1980-იანი წლების ისეთი ავტორების ნამუშევრებმა, როგორებიც იყვნენ: ფილიპ კ. დიკი, როჯერ ზელაზნი, ფილიპ ფარმერი, ჰარლან ელისონი და ა.შ. საფუძველი ჩაუყარეს მიმდინარეობას, რომელიც განსხვავდებოდა წინა წლების სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაგან. ეს თაობა ყურადღებას ამახვილებდა იმ გავლენაზე, რომელიც ტექნოლოგიამ, ნარკოტიკებმა თუ სექსუალურმა რევოლუციამ მოახდინა მათ აწმყოზე. ტრადიციული უტოპიური ტენდენციების არიდებით მათ თავიანთ ნაწარმოებებში ახალი ესთეტიკა შექმნეს: ის მოიცავდა თანამედროვე საზოგადოების ანალიზსაც და მომავალი ცხოვრების, მისი განვითარების წინასწარმეტყველებასაც.

Cyberpunk პოპ-კულტურაში

კიბერპანკი პოპ-კულტურაში გვხვდება ისეთი თემების განხილვისას, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, სახელმწიფო და კორპორაციული კორუფცია, ანარქია, ტრანსჰუმანიზმი (იდეა, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიების აღმავლობის შედეგად, შეგვიძლია ადამიანი ინტელექტუალური და ფიზიოლოგიური განვითარების ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ). ფილმებში კიბერპანკი გამოისახება ყველაფრით, დაწყებული ფერადი, ურბანული ჯუნგლის სცენებით სავსე ფილმით Akira (1988), დამთავრებული ჰიპერ-ფუტურისტული Blade Runner 2049 (2017)-ით. ამ ჟანრმა ასევე დიდი როლი იქონია ვიდეო-თამაშების შექმნასა და პოპულარიზაციაზე. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები ამ მხრივ არის Cloudpunk, Va-11 Hall-A, Cyberpunk 2077 და ა.შ.

მოდის ინდუსტრიამაც მიიღო მრავალმხრივი შთაგონება კიბერპანკის სტილისაგან. ფილმებმა, როგორებიცაა, მაგალითად, Blade Runner და The Matrix საზოგადოებაში უამრავი ახალი ტრენდი დაამკვიდრა. გრძელი პალტოები, ჩექმები, შავი ტანისამოსი – ეს ყველაფერი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „გოთიკურ-ფუტურისტული“ სტილი.

Cyberpunk დღეს

ის, რაზეც „კიბერპანკის“ შემქმნელებს მხოლოდ ფიქრი და მსჯელობა შეეძლოთ, დღეს ჩვენთვის ხელშესახები რეალობაა. თუმცა დროის ცვლილებასთან ერთად ეს სტილიც ვითარდება. ბოლოს და ბოლოს, ერთი რამ უდავოა: კითხვა, თუ როგორი იქნება ხვალინდელი სამყარო, არასოდეს არ რჩება წარსულში. ამიტომ, ამ კითხვასთან ერთად, Cyberpunk-იც განაგრძობს არსებობას.

 

შთაგონება

თუ გსურთ, თვალი შეავლოთ რეალობაში ხორცშესხმულ კიბერპანკის სტილს, გირჩევთ, შთაგონებისთვის Pinterest-ს შეავლოთ თვალი: