BAFTA-ს საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად ოთხი ქალი იბრძოლებს

ბრიტანული ტელე და კინოაკადემიის 74-ე დაჯილდოებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 11 აპრილს გაიმართება, საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ექვსი ნომინანტია წარდგენილი, მათ შორის, ოთხი ქალი: შენონ მერფი ( Babyteeth ), ქლოი ჟაო ( Nomadland ),  ჟასმილა ზბანიკი (Quo Vadis, Aida?)  და სარა გავრონი (Rocks). 

Who votes for the BAFTAs? How the British Academy awards actually work

 

ქლოი ჟაო ამერიკაში მოღვაწე ჩინელი რეჟისორია. მისი ახალი ფილმი Nomandland მოგზაურ ქალზე გვიყვება, რომლის როლსაც ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს. ფილმმა უკვე მრავალი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ოქროს ლომი და ოქროს გლობუსი.

 

შენონ მერფი ბრიტანული კინოაკადემიის ნომინაციაზე სადებიუტო ნამუშევრისთვის Babyteeth წარადგინეს. მისი ფილმი თინეიჯერ გოგონაზე-მილაზე მოგვითხრობს, რომელსაც სიმსივნე აქვს და ნარკოდამოკიდებული ბიჭი შეუყვარდება. მერფი დამწყები ავსტრალიელი რეჟისორია, მისი სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Kharisma 2014 წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს. 

 

ბოსნიელი რეჟისორის, ჟასმილა ზბანიკის ფილმი Quo Vadis, Aida? რამდენიმე ევროპული, მათ შორის ავსტრიული, გერმანული, ფრანგული და ნორვეგიული კომპანიების კოპროდუქციას წარმოადგენს. ნამუშევარი სრებრენიცას გენოციდს ასახავს, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინაში 1995 წელს განხორციელდა. 

 

სარა გავრონის ახალი ნამუშევარი-Rocks დედისგან მიტოვებული გოგონას ისტორიას ყვება და ცდილობს, ბრიტანელი მოზარდების ყოველდღიურობა დაგვანახოს. გავრონი ბრიტანელი რეჟისორია, რომელმაც 2015 წელს ფილმით სუფრაჟისტები-Suffragette გაითქვა სახელი. 

 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს BAFTA-მ ინკლუზიურობის დაბალი ხარისხის გამო საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა. კინოდაჯილდოების საორგანიზაციო კომიტეტმა გაითვალისწინა მიღებული შენიშვნები და 2021 წელს რასობრივი და გენდერული მრავალფეროვნების გაზრდილი მაჩვენებლით შეხვდა. როგორც BAFTA-ს პრეზიდენტი, კრიშნენდუ მაჯუმდარი ამბობს, კინოაკადემიის საქმიანობაში გარდატეხა მოხდა და წელს ,,BAFTA-ს ნამდვილად აქვს საკუთარი იდენტობა”. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი 1949 წლიდან იმართება და იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად ითვლება, თუმცაღა ამ დროის განმავლობაში ოქროს ნიღაბი ქალ რეჟისორს მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს გადაეცა: ფილმისთვის The Hurt Locker ქეთრინ ბიგელოუ დააჯილდოეს.