Forbidden Family | SITUATIONIST-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

სიტუაციონისტმა 2021/22 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. აღნიშნულ კვირეულზე პირველი ქართული ბრენდის წარმდგენი იყო საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება.

შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ინსპირირებულია იმ ძვირფასი ტრადიციებით, რომელიც დღემდე შემოგვრჩა და დიდ მნიშვნელობას ატარებს. სიტუაციონისტმა ამ სეზონზე პირველად წარმოადგინა ხელით ნაქსოვი აქსესუარები და ფეხსაცმლები, რომელიც დანარჩენ კოლექციასთან ერთად იწარმოება.

„ქართული ბრენდისგან ელიან, რომ ყოველთვის იქნება ეთნიკური, დამახასიათებელი და მაქსიმალურად ავთენტური“ – ირაკლი რუსაძე, კრეატიული დირექტორი.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სიტუაციონისტმა ახალი კოლექცია კვირეულზე ციფრულად წარადგინა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბრენდის კოლექციასთან ერთად ასახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ლანდშაფტურ სცენებს: შავი ზღვის სანაპირო, კავკასიონის მაღალი მთები, ბახმარო, მესტია, ქობულეთი, სხვადასხვა ლოკაციები იმერეთში. ფილმის გადაღების მთავარი იდეა კი სხვადასხვა პერსონაჟებისა და ჩაცმის სტილის იმგვარად წარმოჩენა იყო, რომ არ დაკარგულიყო ავთენტურობა და ის მნიშვნელოვანი დეტალები კოლექციაში, რომელიც ქართული ტრადიციებს მნიშვნელობას წარმოაჩენდა.

„ფილმის გადაღების პროცესი საკმაოდ რთული იყო. რამდენიმე ადგილას დიდთოვლობის გამო მანქანით მისვლა შეუძლებელი იყო, გარკვეული გავლენა იქონია პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმაც.“

კოლექციის წარდგენას YouTube-ზე უკვე 100,000-მდე ნახვა აქვს. Forbidden Family-ის ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო პრესა: Vogue, Dazed Digital, Harpers Bazaar, ELLE და სხვა.

თორმეტი წარმოგიდგენთ კოლექციის პრეზენტაციასა და ლუქებს.