ჯენი სევილის შეძრწუნების ესთეტიკა

 

ჰერმაფროდიტები, ჭარბწონიანი ქალები, ცოცხალმკვდარი და დაშავებული სხეულები – ჯენი სევილის ხელოვნების მთავარი ფოკუსი ადამიანის ფიგურაა, განსაკუთრებით კი მისი არასტანდარტული ვარიაციები. ბრიტანელი არტისტი, რომელიც 1990-იან წლებში შოკისმომგვრელი სურათებითა და საზოგადოებისაგან შერისხული აგებულებების ახლებურად აღქმით გახდა ცნობილი, თანამედროვე პოპ-კულტურის მიერ დანერგილი სილამაზის სტანდარტების გავლენიანი ოპოზიციონერია.

BIOGRAPHIES II: Jenny Saville / An undoubted heavy-weight of the Britart  movement

22 წლის ჯენი სევილმა გლასგოუს ხელოვნების სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა სტიპენდიით ცინცინატის უნივერსიტეტში, გენდერის კვლევების კურსზე განაგრძნო. მისი თქმით, აქ, ფემინისტი მწერლების ნაშრომების გაცნობასთან ერთად, ქუჩაში ყოველდღიურად ხედავდა ,,ბევრ დიდ ქალს, დიდ თეთრ ხორცს შორტებსა და მაისურებში’’, რაც მისთვის მთავარ ინსპირაციად იქცა. შედეგად, ფემინისტური კონცეფციები და ,,დაწუნებული’’ ფიზიკურობის მქონე ქალები მის მრავალ ნამუშევარში გამოჩნდა, მათ შორისაა: მიყრდნობილი (1992), ბრენდირებული (1992), კვალი (1993), ჩაკეტილი კონტაქტის სერია (1995-1999),  დედაბოძი (1999) და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ სურათების უმრავლესობა ავტოპორტრეტებია. სევილისა და სხვათა ფიგურები წარმოდგენილნი არიან ყოველგვარი ფემინური სტილიზაციის გარეშე, დახვავებული ჭარბი ხორცის სახით, რაც ერთი მხრივ, ირეკლავს სტანდარტებს მიღმა დარჩენილ ქალთა ზიზღიან და დეჰუმანიზირებულ აღქმას და მეორე მხრივ, აჩვენებს ადამიანის სხეულის უკიდურეს, შემაძრწუნებელ ფიზიკურობას საზოგადოების მხრიდან მის მარტივ სამშვენისად ქცევის საპირისპიროდ.

This image has an empty alt attribute; its file name is 06-Falcrum-1024x784.jpg

გარდა ქალების ფიგურებისა, კიდევ ერთი ხაზი სევილის ხელოვნებაში დაზიანებები და  დეფორმაციებია. იგი ხატავს სისხლჩაქცევებს, დაშავებულ თავებსა და ჭრილობებს, რისთვისაც ზეთის საღებავების რამდენიმეშრიან მონასმებს იყენებს-ამგვარად სურათზე ხორცი და კანი სიმსუყეს, რეალისტურობასა და შესაბამისად, სიმძაფრეს იძენს. მსგავსი ხელშესახებობა, მძიმე შინაარსთან ერთად, სურათებს განსაკუთრებით შთამბეჭდავსა და ეფექტურს ხდის. ჯენი სევილის მიერ შექმნილი გამოსახულებების თემა ერთგვარად დამალულია ადამიანების ყოველდღიური ცნობიერებიდან, რამეთუ ჭრილობებსა და დაზიანებებთან გამკლავება, იქნება ეს  ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, მეტწილად დახურულ კარს მიღმა ხდება. ჩვენ ვიცით მათი არსებობის შესახებ, თუმცა ის თავზარდამცემობა, რაც ტრავმასთან რეალურ შეჯახებას ახლავს, ამ ცოდნასა და ცნებებს ასოციაციურად იშვიათად მოჰყვება. არსებული თეოლოგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებების საპირისპიროდ, სადაც სხეულის მნიშვნელობა დამცირებულია და მხოლოდ სულის დროებით, უფასურ და უშინაარსო გასაჩერებელს წარმოადგენს, სევილთან აშკარავდება, როგორ არის გადაჯაჭვული სიცოცხლე, ემოციები და ტანჯვა ჩვენს ბიოლოგიურ გარსთან და როგორი ტრაგიკულია საკუთარი ორგანიზმის მსგავს მდგომარეობაში წარმოდგენა. შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ ნამუშევრებში სხეული არ წარმოადგენს ტრანსპორტს, მედიუმს იდენტობისა და სულიერი განწყობის გამოსავლენად, არამედ თავად არის სიცოცხლის ცენტრი, რომლის მოწყვლადობაზე ფიქრიც უკიდურეს დისკომფორტს იწვევს.

Racheal's Visual Diary: "Knead-1994" Jenny Saville

სხეულისა და იდენტობის ურთიერთკავშირი ყველაზე მეტად ჯენი სევილის იმ სურათებში ჩანს, სადაც იგი ჰერმაფროდიტებსა და ტრანსგენდერ პირებს ხატავს. გახმაურებულ ნამუშევარში ,,გასასვლელი’’ (2004) ვხედავთ ტრანსგენდერ ქალს პენისითა და სილიკონის მკერდით, რასაც სევილი სხეულის თანამედროვე არქიტექტურას უწოდებს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სხეულისა და იდენტობის ურთიერთმიმართება. როგორც თავად აცხადებს, იდენტობა არაა ფიქსირებული პოლუსი, არამედ სპექტრი, რომელზეც ადამიანები განსხვავებულ ადგილებს იკავებენ, მათ შორის გენდერის თვალსაზრისით და ამისდა საპასუხოდ, ბოლო წლებში შესამჩნევად მზარდია თვითგანსაზღვრების კომბინირებული ფორმები, რომლებსაც იგი საკუთარ ნამუშევრებში ასახავს.

Generem! على تويتر: "Feliç dia de totes les dones! Feliz día de todas las  mujeres! #8M #8M2020 #8Mcadadia #EnsVolemTotes #EnsVolemVives (art: Jenny  Saville)… https://t.co/Nv0l2u3rJW"

ჯენი სევილს ხშირად ადარებენ აღიარებულ ბრიტანელ მხატვრებს, როგორებიც არიან ვოლტერ სიკერტი, ფრენკ აუერბახი, ფრენსის ბეკონი და ლუსიენ ფროიდი. მან ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიიქცია სახელოვნებო წრეების ყურადღება, როდესაც დამამთავრებელ კურსზე ყოფნისას ჩარლზ სააჩიმ მისი სადიპლომო გამოფენა შეიძინა და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. დღესდღეობით ჯენი სევილი  საყოველთაოდ ცნობილი მხატვარია, როგორც ბრიტანეთში, ისე დანარჩენ მსოფლიოში, მისი უკომპრომისო, არაკონვენციური სტილისა და კონცეფციების გამო.

NPG x87405; Jenny Saville - Portrait - National Portrait Gallery