As The Love Continues – სიყვარულის ინსტრუმენტალური ოდა

შოტლანდიურმა ბენდმა Mogwai-მ 19 თებერვალს ახალი, რიგით მეათე ალბომი „As The Love Continues” გამოუშვა. ალბომი ჯგუფისთვის პირველი ნამუშევარი გახდა, რომელმაც მათი მშობლიური დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. Analys12-ის დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი სწორედ ამ ალბომს შეაფასებს.

თამუნა კირკიტაძე – 11/12

Mogwai 1995 წელს გლაზგოში ჩამოყალიბდა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ალბომზე მუშაობა 2020 წლის თებერვალში დაიწყეს. კორონავირუსის პანდემიის გამო წევრები და მათი პროდიუსერი დეივ ფრიდმანი ხშირად დისტანციურად ხვდებოდნენ. შესაბამისად ეს წარმატება მათი მძიმე შრომისა და მონდომების შედეგია.

ალბომი ჯგუფს კიდევ უფრო კარგად გვაცნობს, ვიგებთ მათ ემოციებს.  ,,As The Love Continues” ყველაფრის სიცარიელის შეხსენება და მაინც მნიშვნელობის პოვნაა. იგი თითქოს მელანქოლიის ჰიმნს და უსასრულო მწუხარების წინააღმდეგ გაფიცვას წარმოადგენს. მოცემულია 11 ტრეკი. ყოველი მათგანი მძაფრი და განსაკუთრებულად ენერგიულია. ძირითადად იგი ინსტრუმენტალური მუსიკისგან შედგება, თუმცა უნდა აღინიშნოს ,,Ritchie Sacramento”, რომელიც შეიცავს სუფთა ვოკალს. ეს სიმღერა პატივს მიაგებს დაკარგულ მეგობრებს.

 მნიშვნელოვანია ალბომის პირველი მუსიკა „To the Bin My Friend, Tonight We Vacate Earth“, იგი იწყება ბენჯამინ ჯონ პაუერის მიერ ძილში წარმოთქმული ფრაზით. ის ალბომს დასაწყისშივე მუხტს სძენს და მსმენელს დარჩენილი ათის მოსმენის განწყობასაც უქმნის. ასევე ემოციურია ,,Ceiling Granny”, რომელშიც გვესმის გიტარის საოცრად მაღალი ხმა. ,,Dry Fantasy” კი რეალობას გვწყვეტს და თითქოს ჯგუფის მიერ შექმნილ მუსიკალურ სამყაროში გვამოგზაურებს.

აქ ყოველ ინსტრუმენტს თავისი დატვირთვა აქვს: დრამი ხმაურს და ენერგიას ქმნის, გიტარა მელოდიას სიმძაფრეს მატებს, კლავიში მომხიბვლელობას და ა. შ. საბოლოოდ ეს ყოველივე ტრეკებს ემოციურს, შინაარსიანს და საინტერესოს ხდის. წინა ალბომების მეშვეობით Mogwai ბევრმა გაიცნო და შეიყვარა, თუმცა სავარაუდოა, რომ ,,As The Love Continues” მათ წარმატებას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. ენერგიული პოსტ როკ ჯგუფის ალბომი ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

სალომე ზეინკლიშვილი – 9/12

Mogwai-ის უახლესი ალბომი, „As The Love Continues” ბევრ განსხვავებულ მელოდიას და, შესაბამისად, სხვადასხვა გრძნობას აერთიანებს.  ჯგუფის ადრეული ალბომებიც უმეტესად სევდიანი იყო, თუმცა მათი მოსმენისას სევდასთან ერთად შესაძლოა მადლიერების გრძნობაც კი განიცადოთ. ყველაზე მეტად ეს სწორედ ბოლო ალბომის შემთხვევაში ხდება.

ამ შემთხვევაში ბენდის ალბომის თითოეული ტრეკი უფრო მეტად პერსონალურ ხასიათს ატარებს, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ის ლოქდაუნის პერიოდში შეიქმნა. ისევე, როგორც ბენდის სხვა ალბომებში, მთავარი აქცენტი აქაც მელოდიასა და ინსტრუმენტებზეა გადატანილი, ხოლო ვოკალი დროდადრო ჟღერს, ისიც არც მაინცდამაინც ინტენსიურად, თუმცა მელოდიის ფონზე საინტერესოდ.

ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა არის “Drive the Nail”. ნაწარმოებში ბენდის დინამიური ხასიათი და ინსტრუმენტალი სრულყოფილადაა ნაჩვენები. “Ritchie Sacramento” ასევე განსხვავებულ სიმღერას წარმოადგენს, სადაც ვოკალს დიდი მნიშვნელობა აქვს, მასში ნოსტალგიური ხასიათი დევს და მსმენელს სევდასთან ერთად მოგონებებს უღვიძებს.

ალბომის შემკვრელ კომპოზიციად შეგვიძლია „Here We, Here We, Here We Go Forever” მივიჩნიოთ, რომელის ვოკალიც შესაძლოა არც ისე გამოკვეთილი მოგეჩვენოთ, თუმცა მელოდიასთან ერთად ემოციურად და მსმენელისთვის გასაგებად აღიქმება.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომში მელოდიები საკმაოდ ინტენსიურად მონაცვლეობს, მისი ერთიანად აღქმა რთული არაა, საბოლოოდ კი ბენდი მსმენელს მისთვის დამახასიათებელ, სახასიათო მუსიკას სთავაზობს.

საბოლოო შეფასება – 10/12