ქალები პოლ გოგენის ნამუშევრებზე

პოლ გოგენი პოსტ-იმპრესიონიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მან როგორც პოსტ-იმპრესიონისტმა, იმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელ ჰარმონიასა და ბედნიერებას თავისებური სევდაც დაუმატა. პოლ გოგენის ნამუშევრები გამორჩეულია ხასიათით და მისი ცნობა არ გაგიჭირდებათ. ხელოვანის ტილოებზე უამრავი დეტალის გამოყოფაა შესაძლებელი, თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ ასახავს ის ქალებს. 

Credits: Reproduction-gallery.com

პოლ გოგენის ნამუშევრები უმეტესად ეგზოტიკურია, საგულისხმოა ისიც, რომ ფერმწერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფერების სიმფონიას, შესაბამისად, მის ნამუშევრებზე პერსონაჟის ხასიათი და განწყობა დიდწილად ფერების საშუალებით გამოიხატება. მხატვრის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღსანიშნავია სერია, რომელიც მან ტაიტის მიუძღვნა – ამ სერიაში განსაკუთრებით მრავალფეროვნად და ფერადოვნადაა გამოხატული ცივილიზაციასთან ერთგვარი დაპირისპირება. 

Credits: Pintrest

“Woman holding a fruit” – ამ ნახატზე ფერები ისეთივე ნათელია, როგორც იმპრესიონიზმს ახასიათებს, თუმცა აქ ქალის გამომეტყველება ერთობ განსხვავებულია, კერძოდ, ქალი წელს ზემოთ შიშველია, რაც საკმაოდ დამახასიათებელი დეტალია გოგენის ნამუშევრებისათვის. ქალს ხელში უჭირავს ნაყოფი, რაც შესაძლოა ქალის რეპროდუქციული უნარის სიმბოლიზებას გამოხატავდეს. ქალის სახის გამომეტყველება არც ისე მხიარულია, უფრო მეტიც, სევდიანია. 

Credits: Pintrest

გამორჩეული ნახატია “When will you marry”, ტილო ძირითადად წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი. ნახატზე ორი გოგონაა გამოსახული, რომლებიც ტრადიციულ ტაიტურ სამოსში არიან გამოწყობილნი. სურათის წინა ნაწილში ახალგაზრდა გოგონაა გამოხატული, რომლის სახეც უფრო ინტერესითა და სიახლის ძიებით არის განწყობილი, უკან კი უფრო ასაკოვანი ქალის სახე ჩანს, რომელმაც ეს ყოველივე თითქოს უკვე გამოსცადა. შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ ამ ქალთაგან ერთი სიახლისა და სიყვარულის ძიების სიმბოლოა, მეორე კი წარმოადგენს ქალს, რომელმაც ეს ყოველივე უკვე გაიარა. 

ნამუშევარზე “The brooding woman” გამოსახული ქალი საკმაოდ მისტიკურია, მისი პოზა და სახის გამომეტყველება გვაჩვენებს, რომ ის ჩაფიქრებულია. ეს პოზა ფიქრთან ერთად სევდასა და წუხილსაც გამოხატავს. ამის გათვალისწინებით, ნახატზე მოცემული ფერებიც შესაბამის პალეტშია გადაწყვეტილი. ნახატზე კარგადაა გამოხატული გოგენის ქალთა სახასიათო სტილი, კერძოდ, ისინი ბევრად უფრო მოცულები არიან ყოფიერებით, განსხვავებით იმპრესიონისტულ ნამუშევრებზე გამოხატული ქალებისგან.

Credits: Amazon.com

ნამუშევარზე “Two Tahitian women” გამოსახულია ორი გოგონა, მათ შორის ერთ-ერთს მკერდი სანახევროდ აქვს დაფარული, მეორე კი წელს ზემოთ სრულიად შიშველია. ერთ-ერთ გოგონას ხილით სავსე თასი უჭირავს, მეორეს კი ყვავილები. ფერთა განაწილება აქაც საინტერესოა – ნამუშევარზე დომინირებს ცისფერი და ლურჯი, რაც შესაძლოა სევდასთან ასოცირდებოდეს. ამისა და სახის გამომეტყველების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალები დამწუხრებულნი არიან. გოგენი ამ სევდის გამოხატვას ქალთა თვალების საშუალებითაც ახერხებს. ამ სევდას კი მათი მოკრძალებულება ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ ქალი სევდიანია, ის მაინც ასხივებს სიყვარულს.

გოგენის ნამუშევრებზე საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი ქალთა სახეები, ეს ქალები ასახავენ არა მარტო ყოფიერებასა და სევდას, არამედ სიყვარულსა და მისტიკურობასაც. გამოირჩევა გოგენის მიერ გამოხატული ტაიტელი ქალების სახეები, რითიც ფერმწერი გამოხატავს ევროპული ცივილიზაციისგან განსხვავებულ ქალთა სახეებს, ამავე დროს კი წარმოაჩენს ამ ქალთა მნიშვნელობასა და ყოველდღიურობას, მათ განცდებსა და ემოციებს.