15 კამერა, რომლებმაც ფოტოგრაფიის ისტორია შექმნეს

ამბობენ, რომ ფოტოს გადაღება ცხოვრების ყოველი მეასედი წამის დაგემოვნებაა, ცხოვრების ფოტოებში აღბეჭდვა კი, რაღა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა კამერის გარეშე. ფოტოგრაფიის მრავალწლიან ისტორიას პარალელურად მისდევს ფოტოაპარატების განვითარება, რომელმაც მრავალი ახალი ჟანრის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. გთავაზობთ 15 კამერას, რომლებმაც ფოტოგრაფიის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

Kodak brownie
„ბრაუნი“ პირველად 1900 წელს გამოჩნდა. იგი გამოიგონა ჯორჯ ისტმენმა, კომპანია „ისტმენ კოდაკ“-ის დამაარსებელმა. მანამდე ფოტოგრაფია ძვირი სიამოვნება იყო, ,,ბრაუნი” კი მხოლოდ ერთი დოლარი ღირდა. მისი გამოყენებით ყველა მოვლენის აღბეჭდვა გახდა შესაძლებელი. 1907 წლისთვის „Kodak brownie“-ს მილიონი ფოტოაპარატი იყო გაყიდული. ამ პატარა მუყაოს ყუთმა, რომელზეც ობიექტივი იყო დამონტაჟებული, ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, 1901 წელს გამოვიდა kodak-ის ახალი მოდელი, რომლის ფასი 2 დოლარი იყო.

Rolleiflex Original and Automat
ფოტოაპარატი „Rolleiflex“ 1929 წელს გერმანულმა კომპანიამ, ,,Franke & Heidecke” -მა შექმნა. პირველი მოდელი ,,Rolleiflex Original” იყო, ის ნელ-ნელა ვითარდებოდა, 1930-იან წლებში კი შეიქმნა უფრო დახვეწილი მოდელი ,,Automat“, რომელსაც ავტომატურად შეეძლო დარჩენილი კადრების წაკითხვა და ჩვენება.

Kodak Super six-20
Kodak Super six-20 ბაზარზე 1938 წელს გამოჩნდა. ეს იყო კამერა, რომელმაც პირველმა შემოგვთავაზა თვითშემოქმედების კონცეფცია. ,,კამერა ელექტრო თვალით“ ასე წარადგინა იგი კოდაკმა. ფოტოაპარატი  225 დოლარი ღირდა, სამწუხაროდ, სიძვირის გამო ეს მოდელი არ იყო ბევრისათვის ხელმისაწვდომი.

Polaroid Land Camera
ეს გამოგონება ედვინ ლენდს ეკუთვნის. პოლაროიდმა გამოშვებისთანავე მოიპოვა პოპულარობა, მისი მეშვეობით ფოტოს მიღება რამდენიმე ათეულ წამში გახდა შესაძლებელი. პირველი მოდელი „Polaroid Land 95“  1948 წლის 26 ნოემბერს ბოსტონში, 89,75 დოლარად გაიყიდა. მალე სხვა მოდელებიც გამოვიდა, მათი შეძენა მარტივი იყო, რადგან  თითქმის ყველა კუთხეში იყიდებოდა. პოლაროიდი  მართლაც მნიშვნელოვანი ნივთია, მან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ბევრისთვის საყვარელი გახადა ფოტოგრაფია.

Nikon F
Nikon F მოდელის გამოშვება 1959 წელს დაიწყო. ის იყო ერთი ობიექტივის მქონე რეფლექსური კამერა. საინტერესოა იმ მხრივ, რომ ეს ფოტოაპარატი გამოშვებისთანავე აღიარეს პროფესიონალებმა , განსაკუთრებით კი  იყენებდნენ ფოტორეპორტიორები.

Hasselblad HDC & HEC
ამ მოდელების პოპულარობა შემთხვევითი არ ყოფილა, მათი ისტორია მართლაც საინტერესოა: 1969 წელს  Apollo 11 ცნობილი რეისით მთვარეზე დაეშვა, აღნიშნული მოდელები სწორედ ამ დაშვების დასაფიქსირებლად გამოიყენეს.

Asahi Pentax K-1000
კამერა Asahi Pentax K-1000  1997 წელს შეიქმნა. აგებულების ხარისხისა და მექანიკის სიმტკიცის გამო იგი მალევე გახდა პოპულარული. იყო პატარა, კომპაქტური და მისი გამოყენება თითქმის ყველგან, ნებისმიერ პირობებში შეიძლებოდა.

Leica M6
Leica M6 ფოტოაპარატი ბაზარზე 1989-2002 წლებში გამოდიოდა. ის ფართოდაა აღიარებული, როგორც Leica-ს მიერ წარმოებული ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი. მის შესახებ საუბარი დღესაც არ წყდება, არაერთი ფოტოგრაფია მზად მის შესაძენად რამდენიმე ათასი დოლარიც კი გადაიხადონ.

Minolta Maxxum-7000
Minolta Maxxum-7000 პირველი კამერაა, რომელმაც შემოიღო ავტოფოკუსი. ის, რაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში დღეს უკვე სტანდარტად იქცა, მაშინ რევოლუციური იყო. აქედან გამომდინარე, კამერების ისტორიებზე საუბრისას ეს მნიშვნელოვანი კამერა აუცილებლად სახსენებელია. აზიაში ამ მოდელს ,,ალფა-7000-ს“ უწოდებდნენ.

Canon EOS 650
აღნიშნული მოდელი წინაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მასში პირველად გამოიყენეს EF ობიექტივის სისტემა, რომელიც ავტოფოკუსის ობიექტივებზე მუშაობისთვის შეიქმნა. თავის დროზე ეს ბევრისთვის გაუგებარი იყო, თუმცა, ამ დარგის განვითარების შემდეგ არაერთხელ აღიარეს, რომ ეს სისტემა შესანიშნავად იყო შექმნილი.

Kyocera VP-210
ფოტოზე გამოსახული მოდელი არც მეტი, არც ნაკლები, მობილური ტელეფონია და არა ფოტოაპარატი, თუმცა, იგი ცოტას თუ ახსოვს ტელეფონის მახასიათებლებით, რადგან საზოგადოებს ის კამერით დაამახსოვრდა. მაშინ სმარტფონებსა და სოციალურ ქსელებზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ „Kyocera VP-210“-ის გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ფოტოგრაფიის ბაზარს დიდი ცვლილებები დაატყდებოდა თავს.

Canon EOS 5D
მოდელი 1999 წელს დაწყებული ცვლილებებიდან ექვსი წლის შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა. როგორც ჩანს ამ წლებში ბევრი რამ შეიცვალა, ეს მოდელი კი მალე გახდა სტანდარტი პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის.

Fuji X-Pro
მნიშვნელოვან ფოტოაპარატთა სიაში საპატიო ადგილი უჭირავს Fujifilm-ს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერია „X-Pro“, რადგან ის საუკეთესოდ განასახიერებს იაპონური ბრენდის რეტრო ესთეტიკას. უახლესი მოდელი „X-Pro 3“-ით Fuji კიდევ უფრო პოპულარული გახდა. იგი არის ციფრული აპარატი, რომლის უკანა ეკრანიც ჩვეულებრივ ინახება დახურული და დაფარული, პატარა ეკრანის სასარგებლოდ.

Sony Alpha 7
Sony Alpha 7 2006 წელს შეიქმნა, ის აღჭურვილი იყო თანამედროვე ფუნქციური კამერით, სწორედ ამის გამო მან სწრაფად მოიპოვა წარმატება. იგი განსაკუთრებით კინემატოგრაფებსა და მულტიმედიის პროფესიონალებს მოსწონდათ.

DJI Mavic Pro
ე.წ. დრონი დღეს საკმაოდ გამოყენებადი და გავრცელებულია. მისი ისტორია სწორედ DJI Mavic Pro მოდელიდან იწყება, რომელიც 2016 წელს შექმნეს და რომლის გაკონტროლებაც ჩვენი ციფრული მოწყობილობებიდან შეგვიძლია. დრონმა გაამარტივა არაერთი სახის გადაღება, მათ შორის საჰაერო ფოტოგრაფია ფილმებისთვის. შესაბამისად ფოტოგრაფიის ისტორიაში იგი საპატიო ადგილს იკავებს.

ფოტოაპარატების განვითარება ფოტოგრაფიას უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა და ხელს უწყობდა ფოტოგრაფების კრეატივის მაქსიმალურად წარმოჩენას. თავდაპირველად მუყაოს ყუთში ჩამონტაჟებულმა ობიექტივმა მალე ტელეფონშიც გადაინაცვლა. დღეს კი სმარტფონებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების არსებობამ ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცია.