სკანდალი „ოქროს გლობუსის“ ირგვლივ – ასოციაციას მსახიობები პროტესტს უცხადებენ

Photo Credits to HFPA

1944 წლიდან ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებას მართავს. ასოციაციის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა მსახიობების პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციის 87 წევრს შორის არცერთი არაა შავკანიანი. ამასთან, პრესკონფერენციებზე ორგანიზაციის მხრიდან ხშირია სექსისტური, რასისტული და ჰომოფობიური კითხვები.

ტომ კრუზმა მის მიერ მოპოვებული სამივე ოქროს გლობუსი პროტესტის ნიშნად დააბრუნა. მან 2 ჯილდო მამაკაცი მსახიობის მიერ შესრულებული საუკეთესო როლისთვის, 1 კი – საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო.

ტომ კრუზი ერთადერთი მსახიობი არაა, რომელიც ასოციაციას პროტესტს უცხადებს. ორგანიზაცია სკარლეტ იოჰანსონმა და მარკ რუფალომ გააკრიტიკეს.

სკარლეტი ამბობს: „სანამ ორგანიზაციის შიგნით ფუნდამენტური რეფორმები არ გატარდება, ვთვლი, რომ ორგანიზაციას უნდა ჩამოვშორდეთ და ჩვენი გაერთიანებებისა და, ზოგადად, ინდუსტრიის ძალასა და ერთიანობაზე ვკონცენტრირდეთ.”

ამასთან NBC აცხადებს, რომ 2022 წლის დაჯილდოებას ეთერში არ გაუშვებენ.