Ice Melt – ფსიქოდელიური მოგზაურობა სიცარიელეში

Ice Melt ამერიკული ინდი-როკ ბენდის Crumb მეორე ალბომია, რომელიც 30 აპრილს გამოვიდა. ბენდის წევრები ლილა რამანი, ჯესი ბროტერი, ბრი არონოუი და ჯონათან გილედი არიან. რუბრიკა Analys12-ის დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი სწორედ ზემოხსენებულ ალბომს მიმოიხილავს.

თიკა გობაძე – 11/12

Crumb-მა ინდისა და დრიმ-პოპის მოყვარულთა ფლეილისთებში დიდი ხანია ადგილი დაიმკვიდრა, რაც, მეტწილად, სიმღერა Locket-ის პოპულარობის შედეგია. ზემოხსენებული სინგლის და მისი მუსიკალური ვიდეოს ესთეტიკა ეტყობა მათ ახალ ალბომსაც.

ბენდის ახალი ალბომი Ice Melt მსმენელში ზუსტად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორზეც მისი სახელი მიგვანიშნებს: თითოეული სიმღერის ვოკალი და ფსიქოდელიური ინსტრუმენტალი მართლაც ყინულის დნობის შეგრძნებას ატარებს.

აღსანიშნავია სიმღერების ხარისხიანი აუდიო-რეჟისურაც. ალბომის რეჟისურაზე ხმის ინჟინერმა მაიკლ ჰარისმა იმუშავა. Crumb-ის გარდა, ჰარისს ისეთ არტისტებთან და ბენდებთან უთანამშრომლია, როგორებიც HAIM, Beck და ლედი გაგა არიან. საინტერესოა ალბომის გარეკანიც, რომელიც თითქოს შესაბამისობაში მოდის ბენდის წინა ნამუშევრების ყდებთან, თუმცა ბევრად უფრო ბნელია.

სიმღერების შინაარსებზე დაკვირვებისთანავე ზემოხსენებული ფაქტი სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს: Ice Melt გვიყვება ხელიდან გაშვებულ შანსებზე, სინანულსა და ცხოვრებაზე, რომელიც ხელიდან გველევა. ეს უკანასკნელი საუკეთესოდ ალბომის მეხუთე ტრეკში „Gone” არის აღწერილი – სიმღერა გვიამბობს ქალზე, რომელიც თავისი სიცოცხლის აღსასრულამდე დღეებს ითვლის და გვაჩვენებს, თუ როგორ კარგავს მისი გონება სისაღეს დროის განმავლობაში.

Ice Melt ბენდის სადებიუტო ალბომის ლოგიკური გაგრძელებაა. მსგავსი, თუმცა უფრო დახვეწილი სტილით ბენდი მსმენელში უამრავ ემოციას იწვევს, რომელიც მოსმენის შემდეგაც კი რჩება. მიუხედავად ერთმანეთის მსგავსი ჟღერადობისა, სიმღერები მონოტონური არ არის, რაც ალბომს უფრო საინტერესოს ხდის.

თამარ ბასიაშვილი – 9/12

როგორც Dream Pop-ის ერთგულ მსმენელს, ბრუკლინში დაფუძნებული ჯგუფის Crumb ახალმა ალბომმა Ice Melt იმედები არ გამიცრუა. პირველი სიმღერა – Up & Down – იდეალური შესავალია, რადგან შესანიშნავად გამოხატავს იმ მელანქოლიურ და ამავდროულად, საეჭვოდ იმედისმომცემ ატმოსფეროს, რომელსაც ალბომის შემდგომი ნაწილები მხოლოდ ხვეწს.

ის, რამაც განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება, ბენდის ვოკალისტის, ლილა რამანის, შესრულებაა. მისი ხმა ორიგინალურია იმ მხრივ, რომ დაბალი და მშვიდი ტონალობის მიუხედავად, დასამახსოვრებელია. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მსმენელისთვის მარტივია სიმღერასა და სიმღერას შორის შეცვლილი ხასიათის, ემოციის დაჭერა. რაც შეეხება ტექსტს, ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ იგი პირადი დღიურიდან ამოღებული ფრაგმენტებისა და მონაკვეთებისაგან შეთხზული პოეზიაა. პირველ ორ სიმღერაში, BNR და Seeds, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არტისტი საკუთარ თავს ესაუბრება, გონების დალაგებასა და შიშების მოთოკვას ცდილობს. მელოდიაც შესაფერისია: გრადაციულად გადადის ძილისმომგვრელიდან ემოციურში, თითქოს მოულოდნელად გაჩენილი ფიქრის ასოციაციას ტოვებს.

მომწონს ის ფაქტი, რომ ალბომი საკუთარი სათაურის ერთგვარი მუსიკალური ილუსტრაციაა: თუ თვალებს დახუჭავთ და რამანის ერთი მხრივ მშვიდ, მეორე მხრივ კი შეშფოთებულ ნარატივს მიყვებით, თვალწინ წყალში მცურავი ყინულის კუბები დაგიდგებათ. ტრეკები L.A. და Retreat! აჩენს უცნობ ადგილებში მშობლიური ელემენტების ძიების სევდას, რაც სავარაუდოდ, მთელი სიუჟეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა.

ერთადერთი, რითაც Crumb-ის რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩინა, არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ყინული არ გადნა. რამდენიმე მოსმენის შემდეგ, მელოდიები ერთმანეთში აირია და ერთი კონკრეტული გამოცდილების ჩამოყალიბება გამიჭირდა. თუმცა, შესაძლოა, სწორედ ეს იყო ბენდის ჩანაფიქრიც: Ice Melt შესანიშნავი ფსიქოდელიური მოგზაურობაა მათთვის, ვინც უკვე დამეგობრებულია იმ ფაქტთან, რომ უგზაუკვლოდ დაკარგულია.

საბოლოო შეფასება – 10/12