“ხელოვნური”- დათო ქორიძის პერსონალური გამოფენა

15 მაისს დათო ქორიძის პროექტ ,,ხელოვნურის“ გამოფენა გაიხსნება. იგი 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას „უსახელო გალერეა“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“  კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ. გახსნის დროა 15:00 საათი, ხოლო დასრულების 20:00. მსურველები დასწრებას უფასოდ შეძლებენ. ,,ხელოვნურის“ კურატორი გიორგი როდიონოვი გახლავთ.
პანდემიით გამოწვეული კრიზისი ყველა სფეროს შეეხო. ხელოვნება ერთგვარ ჩარჩოებში მოექცა, ხელოვანები კი შეზღუდვების გამო განსაკუთრებით დაზარალდნენ. საზოგადოებას ყველაზე მეტად პანდემიის პერიოდში დააკლდა ხელოვნებით ტკბობის სიამოვნება, რამაც ამ სფეროს მიმართ ხალხის დამოკიდებულება ნათლად გამოავლინა. საინტერესოა თუ როგორ აღიქვამენ დღეს საქართველოში ხელოვნებას. დათო ქორიძის ფოტოპროექტი „ხელოვნური“ სწორედ ამ საკითხს იკვლევს. საკვლევი თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოფენა ბევრ სიახლეს და საინტერესო ნამუშევრებს გვპირდება.

Video Credits to Untitled Gallery Tbilisi

ხელოვნება ადამიანის სულის საზრდოა, მის განვითარებას კი ყოველი ეპოქისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აუცილებელია ხელოვანთა მხარდაჭერა, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სფერო, როგორ უნდა გამოვიდეს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან და უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიოს. რაც მთავარია დიდი ხნის დისტანციური რეჟიმის შემდეგ ადამიანები შეძლებენ ფიზიკურად დაესწრონ გამოფენას და იხილონ არაერთი საინტერესო ფოტო.

Credits to Dato Koridze

ფოტოგრაფისთვის ყველაზე კარგ სიმბოლურ გამოხატულებად ქალაქში გაჩენილი შეფუთული, ამოუცნობი ელემენტები იქცნენ. ეს ქანდაკებები თითქოს იმ ხელოვანებს წარმოადგენენ, რომლებსაც პანდემიის გამო სამუშაო სივრცე შეეზღუდათ.

Credits to Dato Koridze

გამოფენა ,,ხელოვნური“ დათო ქორიძის პირველი პროექტი არაა. ის არაერთი პროექტის ავტორი და მრავალი ფესტივალის გამარჯვებულია. მის ფოტოებში განსაკუთრებით კარგადაა ასახული ცხოვრებისეული დეტალები. ფოტოგრაფის ნამუშევრები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა, ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დათო ქორიძე საზოგადოებას არც ამჯერად გაუცრუებს იმედს. მეტიც, დამსწრეებს წინ დიდი სიამოვნება ელით.

გამოფენის ადგილი:

https://goo.gl/maps/axCx8s8qh4AZc9jT7

Facebook:

https://www.facebook.com/events/936333010464266/?ti=ls